Monday, December 22, 2008

შინ

მაჟორმა გაჟონა
სიმები - ბასი....
დარდი ათასი
ან უფრო ასი...

მიყვარხარ, მცივა
გავავლე ხაზი
დარდი უხეში
ან უფრო ნაზი

ასე თუ ისე....
ჩემი თუ სხვისი...
გინდა თუ არა...
არ ვიცი...ვიცი...

მარტივი გზააა....
მარტივი ხაზი...
დარდი უხეში
ან შენზე ნაზი...

***

ცხოვრება ილუზიაა - მთავარია არ შეგეშინდეს....

კალენდარი

დღე მზეა
შენ მათბობ
მიყვარხარ
არ გახსოვს?

მზე ისევ
მარიგებს...
მე ისევ ვალაგებ
არეულ თარიღებს...

დილა დაიწყება
და კარებს გამიღებს
ცოტა გაბრაზდება
მაგრამ გამიგებს...

:)

Saturday, December 20, 2008

(რ)' ევოლუციური სამყარო

პულსი წამში ოცთახუთი...
სითბო მინუს ხუთასი....
ღერძის ირგვლივ დღეღამეში...
ბრუნი ათას ხუთასი....

გარემო ეკოლოგიურად სუფთა
სექსი ექიმის რეცეპტით
პროექტით განსაზღვრული სუნთქვა
...გადავრჩებით? – ვერცერთი...

დატრიალდა, დატრიალდა, დატრიალდაააააა....
აგორდა, აგორდა აგორდაააააა.....
აჩხრიალდა, აჩხრიალდა, აჩხრიალდაააა.....
მაინც იაგანი გაგორდააააა......

გულის ცემა ოცდახუთი,
დატრიალდა... დატრიალდა...დატრიალდა........................

ღამე

მე გავათენებ...
...................შენ დაიძინე...
შუბლზე გაკოცე,
...................გაიცინე...
შუქი ჩაგიქვრე,
..................გაწუხებდა...
ფრთხილად მოგხსენი...
.............................მარწუხები...

ნეტა რას ხედავ,
......................გესიზმრება?
იბურდღუნე და....
......................გადაბრუნდი...
მერე გელოდი...
......................დიდხანს გელოდი....
...
არდაბრუნდი....

Saturday, December 13, 2008

გუშინდელი

არმიყვარს ტაში
და მანის "ქაში"...
ხედავ?..

მინდოდა ცაში...
მინდოდა გამეცვალე....
სხვაში...
ვბედავ?..

როგორ დამთავრდა გუშინ ის ფილმი? ჩამძინებია...
თუ შენც არ გახსოვს, მაკოცე მაშინ...

დამისხი რა ყავა....ხო იცი არ მიყვარს ქაში...

არა

ავიღებ და დავწვავ
ნუ კითხულობ ამ ლექს....
დაგიკიდებ ფეხზე
ახალი წლის დამდეგს....

ავდგები და გეტყვი
ჩემი სიტყვა – სეტყვა
არ მოგბეზრდა ნეტა
ლეიბების ბერტყვა?

იცი როგორ მიყვარს
ამ ლობიოს სუნი
ორთქლი, ორთქლი, მჭადიც
წამივიდა სული...

ნუ კითხულობ ამ ლექსს
ამ ლექს მაინც დავწვავ...
ვიცი რომ გიყვარვარ
მაგრამ მაინც არგწამს......

Friday, December 5, 2008

სამომავლეთი

”დრო არ მიდის. ის ჩვენ მოგვყვება.”
თავადი ელიზბარ ანდრონიკაშვილი


გამარჯობა გიორგი. როგორც ხედავ ეს მოხდა... გამომივიდა...შევძელი... წერილი წესით იქ უნდა იპოვო სადაც მე და ჩემი დროის ეტლი გავუჩინარდით...სხვენზე...
გული მწყდება, რომ მანქანა დიდი საგნების დაბრუნებას წარსულში ვერ ახერხებს. აწი სამწუხაროდ მხოლოდ წინ შევძლებ სვლას.
დღევანდელი სამყარო ძალიან განსხვავდება ჩვენი დროისგან. ირგვლივ ხმაურია ვცდილობ გავერკვე და შემდგომ უფრო დაწვრილებით მოგწერთ ყველაფერს.
დროებით, უნდა დაგტოვოთ. მგონი დუელში მიწვევენ, თუმცა მიზეზს დიდად ვერ მივუხვდი - ”ვერხედავ შეჩემა წითელზე რო დგეხარ, გაიარეო”. კიდევ კარგი დამბაჩა თან მაქვს.

დროებით ბატონო გიორგი. თავადი ელიზბარ ანდრონიკაშვილი
2001 წელი



გიორგი გამარჯობა,
იმედია ეს წერილი ისევე როგორც პირველი, ხელთ გიპყრია და კითხულობ. როგორც იცი ჩემი დროის ეტლი ერთხელ თუ გაჩერდა შემდეგ ვეღარ ავამუშავებ. ამიტომაც ვცდილობ მცირედით შევყოვნდე ყოველ ახალ დროებაში.

ირგვლივ მხოლოდ მიმოხედვას ვასწრებ.
კიდევ კარგი ამჯერად ერთერთი სასახლის სახურავზე მოვხვდი. ვერ წარმოიდგენ ირგვლივ რამდენი სასახლეებია. მგონი ყველა ქართველი თავადი ან მეფე გახდა და სასახლე აიშენა.
გახსოვს ჩვენი ხუროთმოძღვარი რომ გვეუბნებოდა - სასახლეს სამ სართულზე მეტი თუ ექნება აუცილებლად დაინგრევაო?
ეხლა ვითვლიდი: ექვს სართულიანი, ცხრა სართულიანი და თექვსმეტ სართულიანი სასახლეც კი აღმოვაჩინე. დიდება ქართველ ერს გიორგი. ძალიან გამიხარდა.
გიორგი, უნდა წავიდე. თავადმა რომლის სასახლის სახურავზეც ვიმყოფები მოახლეები გამომიგზავნა. მოახლეებმა თავადი აიეტის მოკრძალებული თხოვნა გადმომცეს და მეც დაუყოვნებლივ ვტოვებ სასახლესაც და სასახლის სახურავს.

რაღა დაგიმალოთ და მენატრებით. თუმცა ჯერ სამი დღეც არ გასულა რაც ვმოგზაურობ.
2002 წელი


გიორგი ისევ მე ვარ,
ირგვლივ იმდენი რამ არის შეცვლილი, მეშინია დროის მონაკვეთი დიდად გავზარდო. ამიტომაც მცირედით მივიწევ წინ.

დღეს გიორგობაა, გილოცავ გიორგი. მაინტერესებდა როგორ აღნიშნავდნენ ქართველები სამომავლოდ ამ წმინდა დღესასწაულს.
მთელი დღე სულგანაბული ვაკვირდები დღევანდელ დღესასწაულს.
დილიდანვე ეკლესიასთან უამრავი ხალხი შეიკრიბა. თუმცა ის გამიკვირდა, რომ ხალხი ეკლესიაში კი არ შევიდა, მრევლი ეკლესიასთან ზურგით დადგა და იმ სასახლეს შემოარტყეს ალყა, რომლის სახურავზეც ვიმყოფები.
თანაც რაღცას გაჰყვირიან. მგონი ”მშია..მშიაო” - კარგად არ მესმის.
შემდეგ ეს ხალხი ისე მოაწყდა სასახლის კარმიდამოს არამგონია თავადს კარგად ჰქონდეს საქმე. ეჭვი მაქვს რომ გლეხობა ამ თავადის დიდად უკმაყოფილოა.

ეხლა ცა უცნაურმა ცეცხლმა გაანათა - ყვითელი, წითელი, მწვანე... ხალხს გაუხარდა. მე კი ვშიშობ ცეცხლმა დროის ეტლი არ დამიზიანოს.

დროებით. ელიზბარი
2003 წელი


დილამშვიდობის გიორგი ბატონო.
კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგი მომავალში. დიდად არაფერი შეცვლილა. ნეტავი წარსულში დაბრუნება შემეძლოს, ჩემს ანიტას მაინც შევხვდებოდი.
გასულ წელთან შედარებით სიწნყარეა. თუმცა ზოგადად ქვეყანა ძალიან შეცვლილია. თითქოს ყველაფერი აჩქარებულა. თითქოს ყველას სადღაც ეჩქარებაო. თითქოს ადამიანებს სიმშვიდე დაუკარგავსო.
გიორგი, ადგილს შევიცვლი და წერას განვაგრძობ თორემ მიწიდან ამომავალი წყლის წვეთები, რომელიც ამ კარმიდამოში მოუწყვიათ წერაში ხელს მიშლის...
...ვაგრძელებ წერას. ძლივს ვიპოვე ადგილი სადაც მიწიდან წყალი არ ჩქეფს და ფურცელს არ მისველებს - დიდი და თეთრი სასახლეა...ცივა, იატაკი მთლიანად გაყინულია.
შევეცდები რამდენიმე წლით განვაგრძო ჩემი მოგზაურობა. აქ ძალიან ცივა.

თავადი ანდრონიკაშვილი
2004 წელი.


ერთადერთი რასაც ვამჩნევ სასახლეები ისეთი ერთფეროვანი არ არის როგორც წარსულში. ყველა სასახლე მხიარულია და ლამაზი ფერებით არის მორთული. ვფიქრობ, ეხლა ძლიერ იცინი. წარმოიდგენე, რომ სასახლის მოსართავ-მოსაკაზმავად გვქონოდა მე და შენ დრო.

ალბათ ხვდები რა ბედნიერია ჩვენი ქვეყანა და ქართველები.
2005 წელი


ძვირფასო გიორგი,
მივხვდი რომ არაფერი იცვლებოდა და დროის ბიჯი გავზარდე.
ყველა სასახლეზე დიდი დროშაა გამოფენილი. გახსოვს მოგწერე გიორგობას გლეხებმა თავადის სასახლეს ალყა, რომ შემოარტყეს. თუ მეხსიერება არ მღალატობს ეს გლეხი ვარდებით მიდიოდა თავადთან მისალოცად. მამაცი კაცი უნდა იყოს თუ სხვა ამბოხებულებს არ შეუშინდა და თავადის ერთგული დარჩა.
დროშებზე წარწერაა ”საქმე ლაპარაკის ნაცვლად”. ვფიქრობ მშრომელი ადამიანი უნდა იყოს.
შევეცდები უფრო შორეული საქართველო დავათვალიერო და მოგიყვე მასზე.
ეხლა ვხვდები, რომ ჩვენი წინაპრების სისხლი ტყუილად არ დაღვრილა გიორგი ბატონო. ვწუხვარ რომ დროის ეტლის დატოვება და ჩვენი სამშობლოს უკეთ დათვალიერება არ შემიძლია. მომავალამდე.

შენი ერთგული ძმა და მეგობარი - ელიზბარი
2008 წელი


კეთილი დილა გიორგი,
მგონი ძალიან ვიჩქარე და რაღაც გამომრჩა.
სასახლეები აქ გაცილებით მაღალია. ყველა სასახლეს უცნაური ნიშნებით არის აჭრელებული. უცნაური ნიშნები არის...ერთმანეთში გადახლართული ხაზები. ქართული წარწერაც კი ვერსად ვიპოვე, ვერცერთ სასახლეზე.
შენ წარმოიდგინე ცაზე ღრუბლების მაგივრად დიდი ნახატია, ოღონდ ეს ნახატი შენ წარმოიდგინე ცოცხალია და მოძრაობს.
მოულოდნელად მომცრო ტანის მამაკაცი ჩნდება, მოყვითალო კანის ფერით და ვიწრო თვალებით. დამპრყრობელი არ უნდა იყოს რადგან ძალიან ხშირად იღიმება.
იქვე ჩემთვის გაუგებარი ნიშნებია, რომლებიც ვერ გამოვიცანი. იქნებ შენ ნახო გიორგი ბატონო. შევეცდები გადმოვხატო.

Selections 2030 - 剻割剏劦効勷 2030

რაც უფრო შორს მივდივარ სულ უფრო მიჭირს წარსულში წერილის გამოგზავნა. იმედია მომდევნო გაჩერებიდან მოგწერ. იმედია ყველას უყვები რა ბედნიერი არის ჩვენი ქვეყანა.

დროებით გიორგი ბატონო
თავადი ელიზბარ ანდრონიკაშვილი
2030 წელი