Sunday, December 18, 2011

ძუძუები დაიდოს!

ტაფის ქონა, არანაირად ნიშნავს რომ პოვარი ხარ


ვფიქრობ, რომ მაქვს უფლება დავწერო ის რასაც ვაპირებ - მე, სამტრედიიდან ჩამოსული სოფლელი, მაღლივდამთავრებული, ატას ბანკზე გადამხტარი ბლოგერი.

ხო, მე კორპორატიული ვარ. ვიყავი უფრო სწორად. მეკეთა ჰალსტუხი და თქმას იმისას რომ "პოეტი ვარ", ყოველთვის ვამჯობინებ, თავდაცვის ინსტიქტიდან გამომდინარე, მოგახსენოთ რომ "მე ერთერთი კომპანიის დამფუძნებელი" გახლავართ. მაგრამ მაინც.

ტაფა მაქვს თუ არა, მე მსურს ასე თუ არა, გარკვეული რეგალია - ბლოგერი, გარკვეულ წილად ჩემი კუთვნულებაა.

ბოლო პერიოდში, რატომღაც ხშირად მიწევს საუბარი ბლოგინგზე... ათას სისულელეებზე, ალტერნატიულ მედია საშუალებაზე... და ... და... ქართველ ბლოგერებზე...

რას აღარ მოისმენ. ზოგი პოლიტ-ანგარიჟერებულია და მხოლოდ ამ ჭრილში განიხილავს - ეგენი, ЖЖ-ზე პრო-სამთავრობო პოსტებს წერენ (ოღონდ მანახა და თუნდაც პრო-პრო-პრო ვისიც გინდა იყოს :)) ), გოგიც "აა, ბლოგერები - თინეიჯერები რომლებიც მარტო ძუძუებზე (და გოგოები არამარტო) რომ წერენ? ან კიდევ "უი, მოცლილი ტიპები, ონლაინში რომ ათას სისულელეს წერენ"...

და ყოველ ხუმრობაში არსებული სიმართლის მარცვლის არ იყოს, ვხვდები რომ მარცვალ-მარცვალ სტერეოტიპულ, კარგად გამომცხვარ პურთან მაქვს საქმე.

ერთადერტი მიზეზი რის გამოც არ პოსტს არ დავწერდი, არის ის, რომ მინდა არ მინდა ბლოგერებს სულზე მოველამუნები - მაგრამ მკიდია! ვისაც რა უნდა ის დამწამოს.

მე, სამტრედიიდან ჩამოსულმა სოფლელმა, მაღლივდამთავრებულმა, ათას ბანკზე გადამხტარმა ბლოგერმა მინდა ჩემი მოკრძალებული აზრი გამოვთქვა - ხალხს, რომელთა ნააზრევსაც თქვენ სხვადასხვა ბლოგებზე ეცნობით, იქნება ეს პირადი (ყავა დავლიე დილით) თუ პოლიტიკურ-ანალიტიკური, კრიტიკულ-სარკასტული თუ ლიტერატურული მიმოხილვა, გარკვეული ნიჭი და ცოდნა გააჩნიათ. ყოველ მათგანს გარკვეული პეწი აქვს - ზოგს ცოდნა, ზოგს უნარი თავისი პირადი ისე საინტერესოდ დაგილაგოთ რომ, არც ისე გამოსხივების მქონე მონიტორებზე გაკითხოთ, ზოგს იუმორი, ზოგსაც უბრლაოდ საინტერესო ინფორმაცია... და ზოგს არა - ზოგჯერ.

ყველა მათგანს აქვს გარკვეული ნიჭი, უნარი. ბლოგის მიღმა ისინი, ხშირ შემთხვევაში ძალიან საინტერესო ადამიანები არიან. და ის რომ ზოგიერთი მათგანი თავის პირადს ასე თამამად ამზეურებს, ნუ გაფიქრებინებთ რომ მხოლოდ კომპლექსებით სუბლიმირებენ ციფრულ სამყაროში.

მოკლედ, ძალიან პათეთიკაში რომ არ გადავიდე - ნუ აყვებით სტერეოტიპებს და ნუ შეხედავთ ყველაფერს ეგზომ პრიმიტიულად. ერთ ქვაბში მოხარშვის პრინციპსაც ნუ აქცევთ ლიტონ სიტყვებად.

მე პირადად საინტერესო ადამიანი აღმოვაჩინე, სივრცეში რომელსაც "ბლოგო-სფერო" უფრო სწორად კი "ქართული ბლოგო სფერო ეწოდება"...

ზოგი მათგანი ვიტგენშტეინის ხოჭოებს გვაცნობს, ზოგიც ლუის ბერიოზაბალის თარგმანებს გვიზიარებს, ზოგი... ზოგი გვიყვება როგორ დაშორდა "თავის ბიჭს"...

და ეს მრავალფეროვნება მე პირადად იმდენად მხიბლავს რომ თამამად ვიტყვი - მეყოფა სერიოზულობა, ძუძუებს გაუმარჯოს!

Thursday, December 8, 2011

საკმარისი ჰოლივუდი

დღისით და ღამით, დღისით და ღამით
გაუჩერებლად, რეკურსიულად
ვერსად ნაშოვნი საჭირო წამლით
ბოლოს სუყველა ვკვდებით შტერულად

დღისით თუ ღამით, ადრე თუ გვიან
ხარ მოკვდავი თუ ვიღაც მთიელი
უწყვეტი დუბლით იღლები იყო
კარგიც და ცუდი პოლიციელი

Monday, December 5, 2011

ციფრული პოეზია

ბოლო პერიოდი სულ უფრო მეტს ვფიქრობ ხელოვნურ ინტელექტზე. ბევრი მეგობარი მყავს რომელიც მეტყოდა, ნუ მკრეხელობო.

ასეთ დროს აინშტაინის სიტყვები მახსენდება, რომელიც დაახლოებით გულისხმობდა, რომ ღმერთს თავისუფლად შეეძლო რაიმე ცოდნა ადამიანის აზროვნების საზღვრებს მიღმა მოეთავსებია.

თემას გადავუხვიე (ბოლო დროს ხშირად მემართება).

მოკლედ, ჩემთვის ეჭვგარეშეა, რომ მომავალის ტექნოლოგიები ხელოვნურ ინტელექტს უკავშირდება. თავში უამრავი ამოკითხული, მოსმენილი, ნაფიქრი აზრი ქაოსურად ეჯახება ერთმანეთს და სრულყოფილ ფიგურად იკვრება: "საკუთარი დრო როდესაც არ მყოფნიდა, მივხვდი რომ სხვისი დრო უნდა გამეყიდა", "მაშინ როდესაც web 1.0-ში, მომხმარებლები ძირითადად იღებდნენ ინფორმაციას, web 2.0-ში ისინი თავად ქმნიან ვების შიგთავს", "ყველაფერი უბრალო აღმოჩენით დაიწყო... ", "და რა მოხდება ადამიანებმა რობოტების დრო რომ გამოიყენონ კონტენტის შესაქნელადაც და დასამუშავებლად", "უმართავი სტიქია - ინფორმაცია" და მრავალი სხვა. ამ ფრაზებს ( და არამხოლოდ) არ ვიცი ვინ როგორ, მაგრამ ჩემი გონება ერთ ფიგურაში აერთიანებს და მას მომავალი - ხელოვნური ინტელექტი ქვია.

ხშირად ვფიქრობ - რა არის ხელოვნური ინტელექტი. რას გულისხმობს ის? ბევრი ფიქრის შემდეგ დავასკვენი, რომ ხელოვნური ინტელექტი ერთადერთ მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს _ ის თვითგანვითარებადი (თვითმყოფადი) უნდა იყოს.

და აქ კვლავ უამრავი შეკითხვა ჩნდება: რა უნდა განივითაროს, უნდა გააჩნდეს თუ არა მიზანი, საკუთარი სურვილები, ეგო? ამ ეტაპზე მინიმუმ რაც შემიძლია ვთქვა, მას უნდა შეეძლოს მასში თავმოყრილი ალრგორითმების დახვეწა და გაუმჯობესება, ასევე არსებულის საფუძველზე ახალი ალგორითმების მოფიქრება და შექმნაც. სხვაგვარად ხელოვნური ინტელექტი ვერ წარმომიდგენია.

სხვა შემთხვევაში უბრალოდ დახვეწილ ალგორითმს, ან ალგორითმების ერთობლიობას მივიღებთ. წესების გარკვეულ თანმიმდევრობას, რომელიც ადამიანის მიერ წინასწარ არის განსაზღვრული. ეს ალგორითმები ყოველთვის სწორხაზოვანი იქნება და არასოდეს არ ექნებათ თვითმყოფადობა.

ამასწინათ ერთი გონებრივი ექსპერიმენტი ჩავატარე და ჩემთვის მნიშვნელოვანი შეკითხვა დავსვი (რომელიც ვფიქრობ პირდაპირ უკავშირდება ხელოვნურ ინტელექტს): რა მოხდება, თეორიულად მთელი სამყარო რომ დავაკოპიროთ? განვითარდება ორივე სამყარო ზუსტად ერთნაირად თუ განსხვავებულად?

თუ ერთნაირად განვითარდება, გამოდის რომ სამყაროში ყველაფერი წინასწარ ყოფილა განსაზღვრული და ჩვენ არაფერს არ ვწყვიტავთ _ უბრალოდ ჩვენს თავში ნეორინების, პროტონების თუ ელექტრონების (მნიშვნელობა არააქვს რა პროცესების თუ მექანიზმების - ჩემთვის მათემატიკური შავი ყუთია) ურთიერთ ქმედება განსაზღვრავს ჩვენს გადაწყვეტილებებს, სურვილებს და სამყაროში ყველაფერი იმაზე უფრო მეტად კანონზომიერი და გამოთვლადია ვიდრე ადამიანის ცნობიერებისთვის ჩანს.

თუ ორი სამყარო განსხვავებულად განვითარდება, მაშინ რა არის ან როგორ მუშაობს მექანიზმი, რომელიც აბსოლუტურად იდენტურ სამყაროებში განსხვავებას გამოიწვევს? და ვფიქრობ სწორედ ეს განსხვავების გამომწვევი მექანიზმი არის საფუძველი ხელოვნური ინტელექტის. სწორედ ეს მექანიზმი სძენს აზროვნებას თვითმყოფადობას და ჩვენს გადაწყვეტილებებს უნიკალურს ხდის.

დღეისათვის უამრავი კვლევაა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. მეც ძალიან მაინტერესებს ეს საკითხი და აუცილებლად უნდა გავეცნო უახლოეს მომავალში მოცემულ მიმართულებებს. მაგრამ როგორც ვხვდები, ძირითადი ძალისხმევა მაინც კონკრეტული ალგორითმების დახვეწა-შემუშავებაში იხარჯება. საჭირო კი სხვა რამეა - საჭირო არის მექანიზმი, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლად იმოქმედებს.

აქვე ლირიული გადახვევა მინდა გავაკეთო და მიუხედავად იმისა, რომ თემასთან კავშირშია (თუმცა უადგილო) ჩემს ერთერთ იდეაზე მინდა მოგიყვეთ. საქმე იმაშია, რომ ზურიკელასი არ იყოს ლექსების წერა ახალი დაყწებული იმქონდა (მაშინ კომპიუტერი არ მქონდა, ვინდოუსი კი ყურმოკვირთ ვიცოდი რა იყო) რითმებში გარკვეული კანონზომიერება როდესაც აღმოვაჩინე.

ვიზუალიზაციის გარეშე ვერაფერს ხეირიანად ვერ ვიაზრებ და მეც მარტივი რამ გავაკეთე:

ვინაიდან ლექსის რითმაში მთავარი ხმოვნებია, თითეულ ხმოვანს სიმბოლური ფერი შევუსაბამე და სხვადასხვა ლექსების ბწკარედების გრაფიკულ გამოსახულებებს დავაკვირდი:



მაშინ დრო ბლომად მქონდა და მალევე აღმოვაჩინე რომ მხოლოდ ხმოვნები არ იყვნენ _ მთავარი გმირების გარდა სპექტაკლში მეორეხარისხოვანი როლებიც, თანხმოვნებიც მონაწილეობდნენ. ისინი აძლიერებენ გარკვეული ხმოვნების რითმს და ჟღერადობას. "აეი"-ს მსგავსად, თანხმოვნებიც ჯგუფებად იყოფიან და თანხმოვნებისა და ხმოვნების თანხვედრა სრულყოფილ რითმას ქმნის.

ამგვარად არც ისე რთული მისაგნებია ალგორითმი, რომელიც წინადადებათა და სიტყვათა დიდი ბაზის პირობებში (დავუშვათ რომელიც გააჩნია გუგლს) და მცირე გრამატიკული წესების მოშველიებით, შეძლებს საკმაოდ რთული და იდეალურად ჟღერადი რითმების შედგენას.

თუმცა მცირედი კვლევების შემდეგ მივხვდი, რატომ სიამოვნებს ადამიანის ყურს რითმები, რომელსაც მე პირადად "მოულოდნელ რითმებს" ვეძახი. ეს რითმები ხშირად მხვდებოდა და განსაკუთრებით მსიამოვნებდა ხოლმე რუსულ პოეზიაში, თუმცა ქართულშიც არანაკლებ არის (ბარემ აქაც გალაკტიონს მოვიშველიებ - პაპსაა მაინც ) _ როდესაც თითქოს წინასწარ გამზადებული საძირკველია, წინასწარ გამოჭრილი ფორმა და უცებ, როგორც ფურცლის გაჭრისას, სამართებელი გვერდით გაგირბის:
მივეჩქარები იქ ხელაღებით,
სადაც არაგვი მოჰქრის გიჟური,
სადაც ბაღებით და ვენახებით
ციხიდან შუქი გამოიჟურა.

"გიჟური, იჟურა" - ეს გამონანკლისია, გადახვევაა სწორხაზოვანი ალგორითმიდან. ასეთი რამ მხოლოდ ადამიანის გონებას შეუძლია (ასე მოულოდნელად და ლამაზად) - სწორედ ეს ადგილი მგონია, იმ მექეანიზმის ნაწილი რაც ადამიანთა აზროვნებას უნიკალურს ხდის, რაც ორ დუბლირებულ სამყაროს სრულიად სხვადასხვა განვითარებას მისცემდა. ისევე როგორც ლექსის წერის პროცესში უეცრად დარღვეული რითმა.

***
მე რომ ამ პოსტს ვიკხულობდე "ეკონომისტ-კიბერნეტიკოსის" და ვებ-ტექნოლოგიის სპეციალისტის ნააზრევის ნაცვლად (რომელიც მკაცრ ლოგიკას ეფუძნება), პოეტური სულის, მეოცნებე ადამიანის ფანტასმაგორიულ ბოდვას ამოვიკითხავდი.

იტალიელების გამოთქმის არ იყოს "მთავარია იმიჯი მოიპოვო და შემდეგ რომც ჩაიფსა, დილით შეგიძლია თქვა რომ გაოფლიანდი _ მაინც ყველა დაგიჯერებსო".

თუმცა მე, როგორც გამოუსწორებელ იდეალისტს მიმაჩნია რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც სნობები არ არიან და მათვის სულერთია ვინ წერს ამ პოსტს - მეოცნებე პოეტი თუ ევრისტიკული მოდელირებით გაჯერებული ეკონომისტ-კიბერნეტიკოსი. მე სწორედ ამ ადამიანებს მინდა მივმართო:

სხვადასხვა ცოდნის შეჯერებით და გაერთიანებით წარმოუდგენელი შედეგების მიღწევა შეიძლება. თუ თქვენც გაქვთ გამოცდილება, სურვილი, ცოდნა, ნააზრევი ამ ყველაფერზე ძალიან გთხოვთ არ დაიზაროთ და გამიზიარეთ _ იქნებ ყველაფერი გაცილებით მარტივად არის, ყველლაფერი გენიალური ხომ ძალიან მარტივია.

Sunday, December 4, 2011

ოცდახუთმა ქართულმა...

ოცდახუთმა რაკეტამ
შენი ფიცი ჩაკეტა 

ამასწინათ, მეგობართან მცირე შეკამათება მომივიდა: მე მწუხარებას გამოვთქვამდი, რომ ახალბედა თუ არც ისე (მოკლედ ფართო მასებისთვის უცნობ) როკ-ჯგუფები ინგლისურენოვან ტექსტებს იყენებენ თავიანთ მუსიკაში, რის გამოც ხშირად ჭირს ემოციების მსმენელამდე მიტანა. ჩემი მეგობარი კი მარწმუნებდა რომ ქართული ენა მოუხერხებელია მსგავსი მუსიკისთვის.

პოლემიკაში სხვებიც (მათშორის რამდენიმე ჯგუფის წევრიც) ჩაერთვნენ _ ნაწილმა აღნიშნა რომ ქართული ტექსტებითაც შეიძლება კარგი მუსიკის შექმნა, ნაწილმა კი კვლავ ქართული ენის მოუხეშაობა და მუსიკასთან შეუსაბამობა დაადასტურა.

მოდით აღარ წავალ სიღმეებში და არ დავიწყებ მოყოლას, რომ "დამარხულ არს ენაი ქართული", უბრალოდ ვიტყვი: ჩემთვის არ არსებობს მოუხერხებელი ენა. ნებისმიერი ენა მოსახერხებელია, რეპისთვისაც, ჯაზისთვისაც, კომპიუტერული ტერმინოლოგიისთვისაც და კოდურ-სოდური აბრევიატურებისთვისაც _ მთავარია, იგრძნო ენა, დაამსხვრო დამკვიდრებული კალკები, ჟღერადობა და დაამკვიდრო რაიმე საკუთარი.




ჩანართი ბავშვობისდროინდელი ექსკურსიიდან:

მწერალი დიდხანს ეძებდა რუსული "პოლოტნოს" შესატყვისს ქართულ ენაში. ამ ძიების დროს ერთხელ მას თვალი მოუკრავს, როგორ კერავდა დედამისი საბანს და ზედ მთელ სიგრძეზე ფერადი ძაფებით პარალელური ხაზები გაჰყავდა. ამ ხაზების დანახვაზე ნიკო ნიკოლაძეს რკინიგზა გაახსენდა და წინასწარ იგრძნო, რომ "პოლოტნოს" შესატყვისი იპოვა. ნიკო ნიკოლაძე ჰკითხა დედას: "რას აკეთებო?", პასუხი ასეთი იყო: "საბანს ვალიანდაგებ, შვილო". მწერალი წუთით ჩაფიქრებულა და მერე უყვირია: "დიახ, ლიანდაგი, რკინიგზის ლიანდაგი!" (ციტატა არ დავარღვიე თორე გაუგებარია რატომ არის ნიკო მწერალი და თავის დროზე ექსკურსიამძღოლმა ამბავი ნიკოს ბებიაზე მოგვიყვა და არა დედაზე).

თუმცა, ექსკურსიამძღოლმა იქვე მოგვახსენა რომ ნიკოლაძეს ელექტრონის, ნეიტრონის და ა.შ. სახელებიც ჰქონდა მოფიქრებული, რომელიც ენაში ვერ დამკვიდრდა (ალბათ ისევე როგორც ყელფანდური, ვიოლინოს ნაცვლად)


მოკლედ, ქართული როკ-ჯგუფების ლირიკაზე კამათი ახალგადატანილი მქონდა, რომ გოგი გვახარიას მორიგი "წითელი ზონა" ვიხილე. მთავარი თემა ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედება იყო.
საუბარი ქართულ მუსიკაში ინგლისურენოვან ტექსტებსაც შეეხო. რაც არ გინდოდეს ნუ დაინახავ და რაც გინდოდეს ცხრამთასიქეთ ხედავდეო (ავტორისეული ანდაზა) სიბრძნის არ იყოს, გადაცემიდან ერთი პასაჟი და განსაკუთრებულად, სტუდიის სტუმარის _ გიორგი ასანიშვილის სიტყვები დამამახსოვრდა: "ნიჭით თუ გააკეთებ, ყელაფერი ყველაფერს უხდება... ინგლისური უფრო ნიღბავს შენს უნიჭობასო".



ეს მოსაზრება სრულიადაც არ გულისხმობს, რომ ქართული კოლექტივის ნებისმიერი ინგლისურენოვანი ტექსტი უნიჭოდ არის შესრულებული ("ყველაფერი ყველაფერს უხდება..."), თუმცა ვთვლი, რომ ხშირად ინგლისურენოვანი ტექსტების გამოყენება იმიტომ ხდება, რომ ბევრი ჯგუფი ქართულ ლირიკას (კარგ, გემოვნებიან ლირიკას ვგულისხმობ) ურბალოდ ვერ ქმნის.


(სიმღრა ჩემი ფლეილისტიდან)


დღეს კი ერთერთ ვოლზე ტაბულა არტის ბმულს გადავაწყდი, სადაც "2011 წლის TOP 25 ქართული სიმღერა" იყო წარმოდგენილი, რომელსაც ტაბულა არტი გვთავაზობს.

ვერ ვიტყვი რომ "ჩემდა გასაკვირად", მაგრამ მშრალი დასაწყისი რომ არ გამოგვივიდეს მოგახსენებთ, რომ ჩემდა სამწუხაროდ "25 ქართულიდან", მხოლოდ 5 სიმღერა არის ქართულენოვანი. აქედან:

  • 1 სიმღრა ჯგუფი - შარქათაქი

  • 2 სიმღერა - ირაკლი ჩარკვიანი

  • 2 სიმღერა - ჯერონიმო



შეკითხვები აღარ მაქვს ბატონო მოსამართლევ... ისე, მოიცა _ ნეტა, ჯერონიმომ ინგლისური თუ იცის?



P.S. ძლიერ ვწუხვარ, რომ ჯერონიმოს დიადი შემოქმედების გვერდით თუნდაც "პორნოპოეზიის" ან "ვიტამინის" ადგილი ტოპებში აღარ დარჩა :)

Gasaberi katsi by pornopoetry


Saturday, December 3, 2011

მუსი

საქართველო ალბთ ერთადერთი ქვეყანაა,
რომელშიც ჯორჯ ბუშ უმცროსის სახელობის ქუჩა არსებობს


ვისთვის უბრალო რკინა
ვისთვის წარწერა ქუჩის
ჩემთვის კი ერთი ბინა
ნომერი 5, ბუშის
არ არის მხოლოდ სახლი
რკინა-ბეტონის ფილა
როგორც ნამცხვრების დახლი
ერთერთი ფანჯრის მინა
მაშორებს ჩემს ტკბილ ნაჭერს
თავზე კუმპალი მარწყვის
მისი თმა ფილტვზე მაჭერს
როცა მის სახლთან არ წვიმს...

და იქნებ მარწყვი არა
იქნებ ტორტია ნუშის
წვიმა, გოგონა, ბინა
ნომერი 5, ბუშის

Monday, November 28, 2011

S O U L M A M A

საიტი, რომელიც დროებით გამორთულია
ადგილმდებარეობა: სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
სოლისტი: ელენა სილინცოვა
ფრაგმენტი სიმღერის ტექსტიდან: "მე უნდა დავბრუნდე სახლში, მშობლიურ სახლში... ჩვენ მივქრივართ სახლში სოხუმის ნაპირთან"
ფრაგმენტი ინტერვიუდან: "я все лето провела в родине в сухуми"
პროექტის სახელწოდება: "грузинское SOULMAMA"
ინსპირაცია: ქართული ფოლკლორი

რაზე მღერიან? როგორც თვითონ წერენ "ლობიოზე და დედაშვილობაზე, სამშობლო და ფრიდა კალოზე - SOULMAMA-ს მისამღერებში ერთმანეთს, სრულიად განსხვავებული თემები ერწყმის".

მაშ ასე, გაიცანით სოულმამა:









ინტერვიუ გადაცემიდან "Выше крыши"



Sunday, November 27, 2011

სექსი, ფეისბუქი და კრეატიული წეროები

ბევრი ვიფიქრე, მაგრამ დილის (თუ ღამის) 5 საათზე გაღვიძებულს, სათაურად მეტი საინტერესო არაფერი მომაფიქრდა. შემოქმედებითი კრიზისი, კრეატივის ნაკლებობა _ რაც გინდათ დაარქვით. მაგრამ, როგორც არ უნდა თქვათ, მის ნაკლებობას სარეკლამო კომპანიები სულაც არ უჩივიან _ პირიქით.

განსაკუთრებით დაუნდობლობით ის ფირმები გამოირჩევიან, რომლებიც კონტრაცეფციებს, კერძოდ კი პრეზერვატივებს (ბიძაჩემმაც რომ გაიგოს "განდონებს") ამზადებენ. ზოგჯერ მიკვირს კიდეც, ასეთი გენიალური რეკლამირების ფონზე საერთოდ როგორ მრავლდება კაცობრიობა:








მაგრამ, ერთჯერადი გამოყენების ეს მრავალმილიარდიანი ინდუსტრია, უბრალო სარეკლამო რგოლებით ნამდვილად არ შემოისაზღვრება _ ისინი სხვადასხვა კრეატიულ აქციებსა თუ კამპანიებსაც აწარმოებენ.

პირველი კამპანია, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე დურექსმა შემოგვთავაზა:
საკმარისი იყო iPhone-ში ჩაგეწერა პროგრამა, შემდეგ ცოტათი გახახუნებოდი მეორე აიფონს და ვაირლესის მეშვეობით არც მეტი და არც ნაკლები, ტელეფონში ვირტუალური ბავშვი ჩნდებოდა. შემდეგ იწყება ნამდვილი კოშმარი _ ტელეფონი (ანუ ვირტუალური ბავშვი) იწეყბს ტირილს შუღამით, თქვენ კი იძულებული ხართ რომ გაიღვიძოთ, თითით მოუღიტინოთ ან დაარწიოთ (მოძრაობის სენსორებიც რა ჭირად მოიგონა ეფლმა!).

გარდა ამისა, უნდა აბანაოთ, აჭამოთ, გაასეირნოთ. მოკლედ, ამ აპლიკაციის წყალობით თავს სრულფასოვან მამიკოდ იგრძნობთ.



მაგრამ, კიდევ უფრო შორს წავიდა კომპანია "Olla". ისინი ფეისბუქზე ეძებენ ახალგაზრდა მამაკაცებს, არჩევენ პატარას ფოტოს, რომელიც მათი ფეისბუქპროფილის ფოტოს მსგავსია, სახელს და გვარს ბოლოს უმატებენ სიტყვას "უმცროსი" და წავიდააააა: მეგობრებში დამატებას, თქვენი ვირტუალური პატარა გთხოვთ.

წარმოიდგინეთ მოცემული შეტყობინება რამდენად შოკის მომგვრელია "პოტენციური მამიკოებისთვის". სხვა მხრივ კი ნამდვილად სახუმარო თემაა - რამდენი მეგობარი იხუმრებს მსგავს ამბავზე, რამდენი დააშეარებს, გადააშეარებს თუ დაიფრენდებს თავისი მეგობრის "ვირტუალურ პატარას". მოცემულ პროფილში კი კომპანიის პროდუქციაა წარმოდგენილი.

ამგვარად ძალიან კრეატიული, მაღალტერქოლოგიური და ვირუსული სარეკლამო კამპანია მზად არის.



ცხოვრება მშვენიერია, სარეკლამო ბიზნესი დაუნდობელი. მხოლოდ ერთადერთი შეკითხვა რჩება _ დავიჯერო, ჩინელებს "პატენტი დურექსები" ჯერ არ გაუკეთებიათ?

თოვლჭყაპი

როცა ვერ ისვენებს შენი სული
როცა გარეთ სითეთრე მართობს
როცა ქალაქია შენისლული
და შენი არყოფნა მათბობს

როცა აღარ ვიცი რა მოგიყვე
(ხვდები ზღაპრების ბოლოს)
სახლიდან ღამით გამოგიყვან
და ახლად მოტეხილ ლოლოს

ჩამოგიცურებ მხურვალე კანზე
მოგადებ გამთბარ ხელს
ჰაერში გაჭრილი ორთქლის კვალზე
თვალებს რომ გაახელ

ნახავ რომ ვერ ისვენებს შენი სული
და თოვლის სითეთრე გართობს
როცა გალაქია შენისლული
და ჩემი არყოფნა გათბობს

რატი ამაღლობელი

- მოგწონს რატი?
- არა
- მაშინ რატომ იყიდე მისი წიგნი "თუ" სტუდენტობისას, მთელი შენი 2 კვირის სამყოფი ფულით?
- იმიტომ რომ არ მომწონებოდა.არა, მანამდეც არ მომწონდა - პირში მწვანე ფანქრით თავისი წიგნის პრეზენტაციებზე
- და მაშინ რატომ იყიდე წიგნი?
- ალბათ რატი არ მომწონდა და მისი ლექსები კი
- და ახლა?
- რა ახლა?
- ახლა მოგწონს რატი?
- ახლა რატი მომწონს მაგრამ ლექსები აღარ
- ჰო, რას გაიგებ
- ჰო, ალბათ მოვა დრო და ორივე მომეწონება
- ან არცერთი
- ჰო, რას გაიგებ







და ძოძუაშვილის მუსიკა მართლა საოცრებაა. ყოველთვის მინდოდა ჩემი რომელიმე ლექსი მუსიკასთან ერთდ მომესმინა :)



Thursday, November 24, 2011

რიგითი ფეისბუქელი

გავდივარ მარტო, უცხო ქალაქში
მხვდება ყოფილი, ჩემი _ მაიკო
და ისე მინდა, რომ სახტად ვრჩები
ძუძუს თავები დავულაიკო

და თითქოს ფეხით ვკრიფავ ასოებს
ვხვდები ნაცნობებს, ვთავაზიანობ
"ბოზებმა ვიღაც როგორ დაცოფეს"
ვიდეოდ მინდა გავაზიარო

აი, იმ გოგოს, ქამრის ბოლოდან
უჩანს კენწერო ჭრელი ტატუსი
"კი ჩაკბიჩავდა ამ დუნდულს კაცი"
დღეს ეს იქნება ჩემი სტატუსი

გზად უცებ ვხვდები მას - როგორც პროფილს
მიკრთება ნერვი, ძარღვი და კუნთი
და ფეისბუქზე მეტად მინდება
მასში ლოგინი და ლოგაუთი

გავდივარ მარტო, უცხო ქალაქში
მხვდება ყოფილი, ჩემი _ მაიკო
და ისე მინდა, რომ სახტად ვრჩები
ძუძუს თავები დავულაიკო