Monday, December 27, 2021

სულელი მეზღვაური - გურამ რჩეულიშვილი

 Go silly sailor, go

Fly as a wind

Homeless as a wind

Pathless as a wind


Go, silly sailor, go

The only fool can’t stop 

To swim, to run, to walk


Cleaver see and is cautious

Only silly can ignore

The wind, The raging waves.

the storm 


Go silly sailor, go

Go! go! go!

Go, towards the unknown harbor,

Cause silly  sailor only

Can sail without worry


And only silly sailors can find

Unknown place

With no sadness

with a happy face


Go, Silly sailor go,

Go! go! go!

Wherever you are going

There is the harbor

You are looking for



Because

you care only

To sail blindfold

and lonely

 

Go, silly sailor go,

Go! go!, go!

The sea is the only place

Wich has no shelter 

And has no grace 



And please blow the wind,

Please blow! blow! Blow!

To help silly sailor

To go 


Because the wind 

is the only friend

Wich silly sea

do really has


So, go silly sailor,

Go! Go! Go!

Together with sea…

towards unknown 


End only when

silly reaches sea coast

Everyone will see

how cleaver he was



სულელი მეზღვაური


წინ სულელო მეზღვაურო

წინ სულელო ქარივით

უბინაოვ ქარივით

უგზოვ ქარივით

წინ სულელო მეზღვაურო

მხოლოდ სულელებს სჩვევიათ წინ

სიარული

ცურვა და სირბილი

ჭკვიანი ხედავს და ეშინია

მხოლოდ სულელი ვერ ხედავს

ვერაფერს

ვერც ტალღას

ვერც წვიმას

ვერც ქარს

ვერც ზღვას

წინ სულელო მეზღვაურო,

წინ

წინ

წინ

უცნობი პორტისკენ.


მხოლოდ სულელი მიცურავს უცნობი

ადგილისკენ

არ დარდობს,

არ წუხს,

არ ეძებს

თვალახვეული სისულელისგან

პოულობს ყველაფერს

წინ სულელო მეზღვაურო

წინ

წინ

წინ

სადაც მიხვალ იქ არის

ის პორტი

რომელსაც ეძებ

რადგან არ ეძებ შენ არაფერს

თვალახვეული წინ ცურვის მეტს



წინ, სულელო მეზღვაურო, წინ

წინ

წინ!

წინ!

ზღვა მხოლოდ ერთია

და ზღვას არც ერთი პორტი არა

აქვს

არც ერთი ბინა,

არც ერთი ადგილი

სადაც დაისვენებს



დაბერე ქარო

არ მოიწყინოს ზღვამ

ზღვა დიდია და არც ერთი

პორტი არა აქვს

ზღვას მხოლოთ ერთი მეგო-

ბარი ყავს, სულელი ქარი.

წინ სულელო მეზღვაურო,

წინ

წინ

წინ

ზღვა დიდია და არ უნდა

ნავთსაყუდარი

ქარი ზღვის მეგობარია და

როცა იღლება მასთან თამაშით

მასზე ისვენებს თოლიებთან

ერთათ

წინ, სულელო მეზღვაურო

დღე

ღამე

დილა

წინ შეუსვენებლივ

უცნობი პორტისკენ

მხოლოდ სულელებს შეუძლიათ

უცნობი პორტისკენ ცურვა

წინ სულელო მეზღვაურო

წინ

წინ

წინ!

როცა სულელი მივა უცნობ პორტში

მაშინ იტყვიან რომ ის იყო

ჭკვიანი,

ასეთი იყო ყველა რევოლუცია!



Wednesday, June 14, 2017

და იყო ასე...

ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული.

ამ ბლოგმაც ამოწურა თავისი თავი. ისე, სიყვარულის არ იყოს ბლოგიც კი არ უნდა დასრულდეს - უნდა შეწყდეს ალბათ.


მადლობა ვინც კითხულობდით ჩემს ნაწერეს, ვისაც მოგწონდათ ან არ.
ყველას მადლობა.

ჩემი სხვა ბლოგები შეგიძლიათ ნახოთ მისამართზე:

lasharela.ge

Wednesday, January 6, 2016

პოსტი რომელიც არაფერს ნიშნავს

თუ წერ  გულწრფელად უნდა წერო. ასეთნაირად დაწერილი ნებისმიერი სისულელეც ღირებულია.

ბლოგზე წერის გაგრძელება გუშინ გადავწყვიტე. ვიგრძენი რო სათქმელი დამიგროვდა. გამახსენდა რო ბლოგი ერთგვარი თერაპიაა - შენ დივანში მოკალათებული ერთდროულად უამრავ ფსიქოლოგს უყვები რასაც განიცდი, თანაც უფასოდ.

მინდოდა დამეწერა ... თუმცა ახლა რა მნიშნელობა აქვს. დღეს შობაა. ვისთვის მცირედით, ვისთვის უფრო მეტად მაგრამ თბილისის მძიმე მეტალებით დამძიმებული ჰაერი, სიკეთით არის გაჟღენთილი.

გინდა ყველას უთხრა, უსურვო სიკეთე, წარმატება. ბრტყელი სიტყვები? ახლა პირველად დავფიქრდი რომ სიტყვებს ფორმები აქვთ. ზოგი ბრტყელია, ზოგიც ბასრი, ბლაგვი და ბურთივით მრგვალი - ყელში რო გეჩხირება და ვერ ყლაპავ.

აკეთო რაიმე, რასაც აზრი აქვს, აკეთო სისტემატიურად ეს ძალიან დამღლელია. ზოგჯერ (ყოველთვის თუ არა) უბრალოდ უნდა დაიკიდო და ონკანი მოუშვა - აკეთო ის რაც ბუნებრივად გინდა რომ აკეთო. უბრალოდ დაწერო, უბრალოდ უთხრა, უბრალოდ მიულოცო. ზოგჯერ აუცილებელია იყო არაფრის მომცემი, უბრალოდ უშინაარსო და ლაღი.

ვიცი რომ ბევრს იმედებს გავუცრუვებ. ჩემი ბლოგი ვეღარასოდეს იქნება ისეთი როგოიც იყო (რადგან, მე აღარ ვარ ისეთი როგორიც ვიყავი). წერის დროს ასეთ ადგილებში ბევრ ტოლობის ნიშანს ვწერ, ნიშნად იმისა რომ რაღაც ახალი, სრულიად განსხვავებული აზრი იწყება.

====================

ამ პოსტით ჩემ ბლოგზე ახალი ცხოვრება იწყება. მაპატიეთ მათ ვისაც მოგწონდათ ის რაც მოგწონდათ. ამ ენერგიას ახლა სხვაგან ვხარჯავ.

ამჯერად უბრალოდ დავწერ, რა ხდება, რას ვსაქმიანობ, სად ვარ და როგორ გადადგა პირველი ნაბიჯები ჩემმა შვილმა. მოკლედ ერთი ჩვეულებრივი ქერათმიანი ბიჭის ბლოგი იქნება - არაფერზე...

გილოცავ შობას. დაივიწყე ათეისტი ხარ, მორწმუნე მართმადიდებელი თუ იუდეველი - ჩაისუნთქე მცირეოდენი სიკეთე რომელიც როგორღაც დღეს ჰაერს შეერია და გაიღიმე.

საინტერესო 2016-ს გისურვებ


Monday, April 13, 2015

მიეცით ქალაქელს ქალაქლისა!

მე თვითონ შემოგთავაზებთ ორ ვერსიას

  1. აუ, ამ სოფლელს რაღაც კომპლექსები აქვს და ცდილობს თავისი სოფლელობა გააპრავოს
  2. არამგონია ადამიანთა სევდა აწუხებდეს. ალბათ უნდა რომ ყველას თუ არა, იმ ადამიანებს მაინც შესთავაზოს მცირე ანალიზი, რომლებსაც შანსი აქვთ გაიაზრონ, რატომ არის "სოფლელების გარეშე დარჩენილი თბილისით" ტკბობა პროვინციალიზმი.

მე თუ მკითხავენ,  რეალურ და გამოგონილ ადამიანებს შორის, ყველაზე პროგრესული, ევოლუციის უმაღლეს საფეხურზე მყოფი ადამიანი ვინ არისო, დაუფიქრებლად ვეტყვი - ალუდა ქეთელაურითქო.

არა, ქრისტე, ალაჰი და ბუდა - დიდი ადამიანები იყვნენ, უდაოდ. მათ თქვეს რო უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, რომ პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს, რომ ვიცხოვროთ ჰარმონიაში და რომ უნდა გვიყვარდეს მტერი ჩვენი. მაგრამ როგორც ერთმა ძალიან ჭკვიანმა კაცმა თქვა და მე მას სრულიად ვეთანხმები - ალუდა უფრო შორს წავიდა - მან თქვა რომ "მტერი არ არსებობს".  მაგრამ რად გინდა - ისიც ისეთივე სოფლელი იყო, როგორც მისი შემოქმედი. ცოტაც და სატაქსაოდ თბილისში ჩამოსული ალუდაც ისევე დატოვებდა თბილისს როგორც ნებისმიერი ჩვენგანი.

როგორც მიხვდით ჩვენი დღევანდლი პოსტის თმა, აღდგომა, საადღგომოდ ნატურალ-ქალაქელებს დარჩენილი მშობლიური კერა და გახიკული სოფლელებია. გაგიკვირდებათ და ეს თემა არანაკლებ მაღელვებს ვიდრე ჰომოფობია, ქსენოფობია და რასიზმი.

რამდენიმე თვის წინ, ფრანგი რეჟისორის, იან ართუს ბერტრანის დოკუმენტალური ფილმი "სახლი" ვნახე. ფილმში მოთხრობილი იყო დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მომხდარი ეკოლოგიური კატასტროფები - გაჩეხილი ხეები, დამშრალი მდინარეები, გაბინძურებული ატმოსფერო, გადაშენებული ცხოველთა ჯიშები. მაშინ დავფიქრდი პირველად რა არის "სახლი".

ვიღაცისთვის სახლი კედლებით ამოშენებული რამდენიმე კვადრატული მეტრია. ის იქ არ დაყრის (ან იცის მაინც რომ არ უნდა დაყაროს) ნაგავს, არ დალეწავს და გაანადგურებს ნივთებს და არ მოფსამს ოთახის ბნელ კუთხეში თუ იქ უნიტაზი არ დგას. ის მას უვლის.

ვიღაცისთვის კიდე სახლი ეზოა.მას ის უყვარს. გაუბრაზდება სხვას იქ რომ რაიმე დააგდოს ან გააფუჭოს, მაგრამ ეზოს იქეთ ქუჩაა. იქ თამამად შეგიძლია გადმოაგდო მანქანის ფანჯრიდან, რომელიღაც სიგარეტის დაკუჭული ქაღალდის კოლოფი და ასე შემდეგ. 

ვიღაცისთვის ქალაქი, ვიღაცისთვის ქვეყანა, ვიღაცისთვის კი ჩვენი ფრანგი რეჟისორის არ იყოს მთელი დედამიწა.მას ის ტკივა, ის მას ანაღვლებს, ის მას განიცდის. მაშინ მივხვდი - რაც უფრო ვითარდება და იზრდება ადამიანი შინაგანად, მით უფრო დიდია არეალი რომსაც "სახლი" ქვია, რომელსაც უვლის და რომლის ნაწილად თავის თავს აღიქვამს. 

ჩემთვის იმდენად ნათელი, იმდენად აბსურდულია ადამიანთა ნებისმიერი ნიშნით (გვარი, სქესი, ორიენტაცია, რელიგია, მრწამსი, მსოფლმხედველობა, ჰოროსკოპი, გეოგრაფიული მდებარეობა, კანის ფერი, ცხოვრების და გართობის წესი და ა.შ.) დაყოფა, რომ ძალიან მიჭირს ახსნა იმისა თუ რატომ არ უნდა ხდებოდეს ასე. რატომ არის ეს ევოლუციის ერთით ქვედა საფეხური, რატომ არ უნდა იყოს ასე. დაახლოებით იმის ახსნას გავს, რატომ უნდა ვეცადოთ ადამიანები გავხდეთ უკეთსები  (ისე იცით ვინმემ რატომ?).

ამიტომაც, ვეცდები ფაქტების დონეზე მოვყვე:

  • ტეხავს როდესაც ცერნის ლაბორატორიის ლინკს აზიარებ და შემდეგ სტატუს "აუ, ამოისუნთქა ქალაქმა როგორც იქნა"
  • ტეხავს როდესაც ლამისაა მინდვრად გაიჭრა საცხოვრებლად, მსოფლიო მშვიდობის ნიშანი დაიხატო ტატუდ და მარიხუანას დეკრემინალიზაციისთვის ლამის ცხოვრება დათმო და მიგაჩნდეს რომ სოფლელები სოფლად უნდა დარჩნენ
  • ტეხავს როდესაც თბილისის სადგღეგრძელოს იტყვი, ნამდვილ თბილისელებს ახსენებ და სადღეგრძელოს გალაქტიონის ლექსით დაასრულებ
  • ტეხავს როდესაც მიგაჩნია, რომ ქვეყნებს შორის ვიზები არ უნდა არსებოდეს, რომ სისულელეა მსგავსი დაყოფა, მაგრამ "რიკოთს იქედან" მოსულები რო მიდიან მაგრად ასწორებს
  • ტეხავს როდესაც ვინმეს "მცხავს" უდონობაა და შენი "მცხელა" დონე, რადგან დიალექტთა სიმრავლე ნამდვილი ფეერვერკია ნებისმიერი ენისთვის და თუ ამ სილამაზეს ვერ აღიქვამ ეს მართლა ტეხავს
  • ტეხავს ყოველ წელს გააზიარო სტატუსი რომ "თბილისში ნამდვილი თბილისელები დარჩნენ" - ტეხავს ერთადერთი მიზეზით - სამწუხაროდ კრეატივი არ გივარგა, თუნდაც იმისთვის რომ ორიგინალური ფორმა მოიფიქრო მსგავსი სისულელის გამოსახატად
  • ტეხავს რომ არსებობს გამოთქმა - ქალაქის ელიტა. ზოგადად სიტყვა ელიტა-ც მაგრად ტეხავს
  • ტეხავს როცა ლევან ვასაძე ქალაქელია და დავით აღმაშენებელი სოფლელი (ქუთაისელი)
  • სიმართლე გითხრათ გოგირდის წყალში მოხარშული ხოხობიც ტეხავს, რადგან მეცოდება მიმინოს კვალდაკვალ
ზუსტად ვიცი, ვიღაცას  მაინც გაკრავს გულში რომ მე როგორღაც მანაღვლებს ეს ქალაქურ-სოფლური დაპირისპირებები. სიმართლე ვთქვად და  მკიდია ვინ რას იფიქრებს. სამყარო უზარმაზარია, ის ათასი ფერითაა მორთული უამრავი კარგი რამ შეიძლება გავაკეთოთ. ამასთან თურმე პარალელური განზომილებებიც არსებობს და დროში მოგზაურობაც მოსულა, 3D პრინტერზე დაბეჭდილ ადამიანის ორგანოებსა და პირველ ადამიანზე, რომლის თავიც სხვის სხეულზე გადანერგეს რამდენიმე დღის წინ არაფერს ვამბობ.

თქვენ კი გააგრძელეთ საკუთარი თავის უპირატეს რასასთა მიკუთვნება რადგან თქვენმა ბაბუამ თუ არა მამამ შეძლო და არ დაუბრუნდა მშობლიურ კუთხეს, თქვენ კი სანუკვარი თბილისელობა მოგენიჭათ.  მთავარა გახსოვდეთ და არ დაგავიწყდეთ - სოფელი, ქალაქი, ერთი @ლეა.



Monday, January 12, 2015

Rammstein Frühling in Paris

ფეისბუქზე ჩემი ძველი მეგობრის - კარელას პოსტი ვნახე. რამშტაინის სუპერ მუსიკით და ბწკარედით...

არ ვიცი რა გამოვიდა, მაგრამ გავბედავ :) დიდი პაუზის შემდეგ.


(by კარელ)

სინათლისაგან დამზადებული კაბით
დამადგა თავს -
დღესავით მახსოვს..
მე ახალგაზდა და მწუხარე ვიყავ -
- არაფერს ვნანობ.
ის სახეში მახლიდა სიტყვებს;
ენას ვნებიანად ხმარობდა.
მისი ენა არ მესმოდა
და ეს ყოველთვის მეკიდა.
პარიზში გაზაფხულს სისხლდენა მაშინ დაეწყო
როცა მისი კანი დავტოვე...
...ო.

ახლა კი ჩართე და წაიკითხე :)



სხივებით დაწნული კაბით
დამადგა თავს
გახსენებული ამბით
ახალგაზრდობას გავს

არაფერს ვნანობ - მკიდია
მკოცნიდა ვნებიანად
მისი ენა არ მესმოდა და
მეკიდა ენიანად

პარიზს დაეწყო სისხლდენა
რომ დავტოვე მისი ტანი
მეკიდა მისი ენაც
და სურნელოვანი კანიც

Monday, May 27, 2013

პარაბოლა

ხან მალამო
ხან იარა
ხან ენძელა ხან ია
მეძინება შენი კანის სუნით
დიდი ხანია

ხან ბალახი
ხან ბილიკი
ხან წვიმაში ხანძარი
პირველად რომ დაგინახე
ენა ვეღარ დავძარი

ხან კვერცხს მიწვავ
ხან პატეფონს
მასმენინებ ვინილის
მყარ დისკზე მაქვს ჩაწერილი
ხმები შენი ღიმილის

ხან მალამო
ხან იარა
ხან თმებს მირევ თითებით
ხან მაღვიძებ უთენია გამომცხვარი ბლითებით

Thursday, May 23, 2013

რიგითი ქართველის ბალადა

ჩემი სამშობლო დავითის და თამრისია
რაც კარგია, კაცურია და რაც დიდია...
დიდგორის ბრძოლა, მეფეები ლომთა სადარი
ვაჟკაცობაში?! ჩვენ ქართველებს არ გვყავს ბადალი

ჩვენი სუფრა - ინსტიტუტი, დიდი განძია
ქუჩა სკოლაა, ციხე სახლი, ოჯახი ხრამი
ჩვენი კულტურა წმინდა არის, სხვები ბანძია
ჩვენ ვაჟკაცობას არ აკლდება არც ერთი გრამი

არ დავინდობთ, გავამათრახებთ, ანდაც გავტყიპავთ
(ფერადი თმები, ტრუსები  და ჭრელი "ლასტები")
როდესაც ვხედავთ ჩვენც გვინდება მათი გა@იმვა
თავს რა უფლებით გვანდომებენ, "პიდარასტები"


Saturday, May 11, 2013

მეზობლები

მინიატურული პიესა

- უჰ, უცებ ჩამოცხა
- არ თქვა, დუღს ყველაფერი
- ყავა?
- რომელი გაქვს?
- ლიას მაღაზიიდან, მოსადუღებელი
- ვაიმე, არ შემიძლია გაწვიმდეს ერთი...

- შენი წელს აბარებს?
- კი და დამაწყდა ნერვები
- თან რაღაცეებიც შეუცვლიათ მისაღებზე...

- ვაიმე, ამ ტურისტებმაც ხო დამაგლიჯეს ნერვები. ისე დგაფუნებენ ვითომ ჩვენ აქ არ ვიყოთ
- არ თქვა, არა... ერთხელაც იქნება რო აუვარდები
- ა, შეხედე ახლა ამას. შემოდგაფუნდა ამხელა კაცი
- ოჰ, ქალბატონიც ახლავს თურმე
- არა, ნახე ქალო - მთლად დაკარგეს მორიდება. არა, დგაფუნებ და ღლაბუცობ წყალში კარგი, მაგრამ რაღას მოგვშტერებია?!
- ვაიმე, არ ვიცი ნარგიზა, არ მაქვს ერთი მაგის თავი
- არა და ნაცნობი სახე კი აქვს ისე
...

- ხვალ ბაზარში ხო არ აპირებ?
- არ ვაპირებ, არა და გავცუროთ აქედან თორე გამისკდა თავი

ორი ზვიგენი ნარნარით ტოვებს რიფს და  ზღვის სიღმეში უჩინარდება

Saturday, April 6, 2013

საგაზაფხულო წერილი სანტას

ძვირფასო სანტა,
ალბათ გაგიკვირდა შუა ზაფხულში წერილი, მაგრამ ჩავთვალე, რომ კისერზე ყვავილებჩამოკიდებული, სადმე ტროპიკულ სანაპიროზე სასიამოვნოდ ატარებ დროს და მცხუნვარე მზით, ზღვიდან მონაბერი გრილი ბრიზითა და გემრიელადგარუჯული გოგონას მომზადებული მოჰიტოთი ტკბები, ამიტომაც კარგ განწყობაზე მყოფს მეტი დრო გექნება ჩემისთანა ვირის წერილის წასაკითხად.

საქმე იმაშია რომ ძალიან ბევრი ნატვრა დამიგროვდა. ისეთი ნამდვილად არაფერია, ოქროს თევზს რო ვათქმევინო "შემწვით მაგის დედაც ვატირეო" მაგრამ, მაინც - დღეები რბიან და ნატვრებიც ნატვრებად მრჩება.

ცდა ბედის მონახევრეაო უთქვამს ბრძენ ქართველ კაცს და მეც შევეცდები, მოგწერო ჩემი ნატვრები:

  • ვნატრულობ რომ საქართველო ფეიფალის ოფიციალური წევრი იყოს და რეგისტრაციისას არ მიწევდეს, რომელიღაც უკრაინული რესტორნის მისამართის მითება (სომხეთი, აზერბაიჯანი, ზიმბამბვე ხომ უკვე არიან მისი წევრები?)
  • ამაზონის, იბეის და სხვა დიდ საიტებზე, ნივთის მისატან ადგილთა სიაში გამოჩნდეს ქვეყანა "საქართველო" (თუმცა ნაწილობრივ ასეც არის) და შუამავალი ფირმები რომელთა მისაღებშიც შპაკლწასმული უჟმური გოგონები სხედან აღარ დამჭირდეს
  • Apple Store-მა ოფიციალურად დაამატოს საქართველო და იმისათვის რომ რაიმე თამაში ვიყიდო, არ მჭირდებოდეს pcgamesupply -ზე "Apple store" სასაჩუქრე ბარათის ყიდვა და მოტყუება, თითქოს ამერიკელი ვარ.
  • iPhone -ში და სხვა მობილურებში საჭირო არ იყოს კლავიატურის ნახევრად ჰაკერული პროგრამებით აქტივაცია (ისე, მადლობ რომ ვისტადან მოყოლებული ქართული QWERTY კლავიატურები არსებობს)
  • ვარუმის და აგუტინის კონცერტზე არ იდგეს დარბაზი ფეხზე და ტაშს ისე არ უკრავდნენ თითქოს მაპზე უკეთესი მიგვეღოს
  • Google Play-ი იძლეოდეს საშუალებას, ქართულმა IT კომპანიებმა იშოვონ ფული თავიანთი აპლიკაციებიდან
  • ქინდლს ქონდეს კონტრაქტი დადებული ქართულ GSM ოპერატორებთან და მუშაობდეს ქინდლისათვის განკუთვნილი ინტერნეტ-ქსელი.
  • ვნატრულობ, რომ ქართულ აითი კომპანიებს დღგ-ს გადასახადი მაინც მოუხსნან, სხვა შეღავათებს თუ არ დაუწესებენ (როგორც ეს მსოფლიოს არც თუ ისე წამყვან ქვეყნებშია) რადგან მოგეხსენება თავად ამ ბიზნესში ვარ და ვინაიდან სამშენებლო მასალებს ჩვენ არ ვყიდულობთ (ანუ დღგ-ს ვერაფრში "ვქვითავთ") ძალიან დიდ ტვირთათ გვაწევს, ისედაც 200 ლარიან საიტებზე მოთხოვნას ვერგამცდარ ქვეყანაში აღნიშნული გადასახადი (დამიჯერე სანტა - აქ ნიჭიერი ხალხია და ამ სფეროს განვითარება Ggoogle Glasses ხანაში ძალიან მნიშვნელოვანია)
  • მინდა რომ ქართველმა იუზერებმა დაარეპორტონ იუთუბზე უცენზურო სათაურისა და შიგთავსის მქონე ვიდეოები (სხვათაშორის "აუცილებლად ნახეთ ყველამ"-სგან განსხვავებით სათაურების დარქმევაც რომ ისწავლონ არ გვაწყენდა)
  • კიდევ მინდა რომ როდესაც ნახავენ რომ მაიკროსოფთის ან Google Talk-ის რეგისტრაციისას აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის რეგიონებადაა სიაში ნაჩვენები, აღშფოთებულებმა FB-ზე კი არ დააშეარონ "Screen"-ი, არამედ მიწერონ აღნიშნულ კომპანიას წერილი, რომელზეც ისინი აუცილებლად უპასხებენ და რომელსაც ისინი აუცილებლად გაითვალისწინებენ. 

მოკლედ, ალბათ თავი მოგაბეზრე მაგრამ რა ვქნა - ამ სურვილების ასრულების ერთადერთი რეალურ გარანტად მხოლოდ შენ მეგულები.

პატივისცემით და დიდი სიყვარულით
ლაშა
29 წლის

Monday, March 11, 2013

სიცოცხლე - 1 ლარად

სრულიად იდიოტური მარკეტინგული კაპმანიებიდან - რა შეგვიძლია ვიყიდოთ 50 თეთრად? და 1 ლარად?

ცხოვრება - მთელი თავისი სილამაზით - ანუ ტკივილით. მე მაინც ვფიქრობ რომ არაფერი არ ალამაზებს სიცოცხლეს ისე, როგორც სიკვდილი. რომ არა ის, სრულიად უმნიშვნელო და უფასური იქნებოდა ყველაფერი. მისი აღმატებულება სიკვდილი კი ყველაფერს ცვლის - სიცოცხლე ფასდაუდებელი ხდება.

გიორგი ყორღანაშვილი ჩემი ძველი ნაცნობია. ის ჩემზე გაცილებით უმცროსია. ძალიან კარგი ადამიანი - ისეთი, პირველივე ნახვით რომ სინათლით აგავსებს.
რა შეიცვლება სამყაროში მის გარეშე - გულის სიღმეში ალბათ თქვენ ფიქრობთ, რომ ასობრივად არაფერი.


რა არის სიცოცხლე? ამ დროს ყოველთვის ჩოხელი მახსენდება: “სიცოცხლე სევდაა, ადამიანად ყოფნის სევდა… სიკვდილიც სევდაა, ადამიანად არყოფნის სევდა”...

არ ვიცი თქვენი და მე ხშირად ვფიქრობ სიკვდილზე. შესაძლოა იმიტომ, რომ ბოლო წლები, რამდენჯერმე თვალებში ჩავხედე მას. მაშინ როცა მომაკვდავ მამას ვერ ჩავუსწარი სამტრედიაში, მაშინ როცა ბიძაჩემი დავაწვინე საოპერაციო მაგიდაზე - "უჰ, რა ცივი ყოფილაო" რო ჩაილაპარაკა, ნახევრად გათიშულმა, მე ხელი მოვკიდე და ჩავჩურჩულე - ძალა დაზოგე, ყველაფერი კარგად ინქებათქოო.... მე სიკვდილი გავიცანი - მე მას შევეხე.

შესაბამისად მინდოდა თუ არა, უნებლიედ გავიცანი სიკვდილი. ყოველთვის როდესაც სოციალურ ქსელებში მორიგ გავრცელებულ მოწოდებას ვხედავ - ვინმეს დასახმარებლად, ძალიან მძაფრად ვგრძნობ სიცოცხლეს. წარმომიდგენია რომ მე ძალმიხდილი ვწევარ რომელიღაც პალატაში და გაყინული მზერით, უბრალოდ ბედს ვარ მინდობილი.

ბედს და რწმენას - რომ ამ რთულ მომენტში სხვები იზრუნებენ ჩემზე. რომ ყველაფერი სხვებზეა დამოკიდებული. რომ მე არაფერი შემიძლია და თუ ეს გარდაუვალია, მე სიკვდილს ამაყი შევხვდები.

ყორღანა ახლა ძალიან ცუდად არის. მე არ ვიცი სად არის ის, რაზე ფიქრობს მაგრამ მე, სწორედ ისე როგორც წარმომიდგენია - ვწევარ წარმოსახვით პალატაში, თვალები ცრემლით მევსება და არაფერი შემიძლია გავაკეთო მის დასახმარებლად, თუ არა თუნდაც ეს სულელური პოსტი.


ნიჰილიზმი, ანუ რწმენის არქონა ადამიანის, საკუთარი თავის მიმართ. არა და ჩვენ მარტივად - სულ ოდნავი ძალისხმევით შეგვიძლია გადავარჩინოთ გიორგი ყორღანაშვილი.

და ამით რა შეიცვლება? - არც არაფერი - უბრალოდ ყველა ჩვენგანს, ოდესმე გაგვახსენდება, რომ "სიცოცხლე სევდაა, ადამიანად ყოფნის სევდა..." და რომ " სიკვდილიც სევდაა, ადამიანად არ ყოფნის სევდა".

ნუ შეგეშინდებათ სიკვდილზე ფიქრის. ნუ შეგეშინდებათ იმის წარმოდგენა, რომ ისეთი სიცოცხლით სავსე ადამიანის ადგილას, როგორიც გიორგია, თქვენ აღმოჩნდეთ.

ნუ დაგეზარებათ - შესაძლოა ჩვენ არაფრის შეცვლა შეგვიძლია, თუ არა საკუთარი თავის - ეს კი მცდელობად ნამდვილად ღირს.