Tuesday, April 12, 2011

ჭამა და სექსი VS რეჟისორი და მეხაშე

პირველი, რაც პოსტის დასაწყისშივე უნდა აღვნიშნო _ ფილმის არცერთი რევიუ არ წამიკითხავს, ამიტომ, თუ განვმეორდები უნებლიეთ, იქნებ როგორმე მაპატიოთ.

ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ "სხვა ფილმებისგან განსხვავებით და სხვა ქართული ფილმების ფონზე ეს მართლა კარგია", რადგან, სხვა ქართულ ფილმებზე, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით გადაიღეს, არც კი მივსულვარ.

არ მივსულვარ, რადგან ზოგადად, ცუდი ფილმი შეიძლება შემოგასაღოს კარგმა თრეილერმა, თორემ თრეილერი თუ ცუდია, ფილმი ვერანაირად იქნება კარგი.

ჭამა და სექსის შემთხვევაში კი, მარტო ქართული ხალიჩის ფონზე არაჩვეულებრივი ფონტით დაწერილი ფილმის სათაური ღირდა ერთ რამედ. ასე რომ, ფილმმა ძალიან დამაინტერესა.

არ ვაპირებ, ამ ფილმზე ვთქვა რაიმე კარგი _ შევეცდები ვთქვა ყველაფერი ცუდი, რის შედეგადაც დარწმუნდებით, რომ ეს ნამდვილად კარგი ფილმია.

მოდით, კრიტიკა კატეგორიებად დავყოთ. ყველაზე დიდი წილი ალბათ ტექნიკურ წუნებს დაეთმობა და მოდი, სწორედ ისინი იყოს პირველი.

ლაფსუსები ჰოლივუდის ძლევამოსილ ფილმებშიც რომ იპარება, ეს ახალი არ არის. ეს ლაფსუსები შემოქმედებით გუნდზე უკეთ რომ არავინ იცის, ესეც კარგად მაქვს გაცნობიერებული, მაგრამ აქ დავწერ, რათა იცოდნენ, რომ ეს მაყურებლისთვისაც არ დარჩა შეუმჩნეველი.

განსაკუთრებული არაფერი: უბრალოდ შამპანიურის ბოთლი 3 ჭიქის შემდეგაც სავსე იყო, სიძის ამორწყეული მისტიურად გაქრა იატაკიდან, ლუდს საერთოდ არ ჰქონდა ქაფი.
ეს მართლაც წვრილმანებია და ინტრიგანებისთვის განკუთვნილი, მაგრამ, როდესაც იღებ სცენას, სადაც ორი ადამიანი ჩართული ტელევიზორის წინ ზის და უყურებს ფეხბურთს, როგორღაც უნდა მიხვდე, რომ რეალური აღქმისთვის, კომენტატორის ხმა მაინც უნდა ისმოდეს ფონზე, მაყურებლების შეძახილებზე რომ არაფერი არ ვთქვათ. ან კიდევ, როდესაც იღებ ახლო კადრით გოგონას, რომელიც ახალი გამოსულია აბაზანიდან, მის კანზე ნახევარსანტიმეტრიანი გრიმი ასე მკვეთრად შესამჩნევი ნამდვილად არ უნდა იყოს. ანალოგიურად, საწოლში მაკიაჟით რომც შეწვეს ქალი, არამგონია დილისთვის ასეთი მოწესრიგებული იყო მისი მოხატულობა.


ნუ კარგი, წვრილმანებია, გავიარეთ. მაგრამ სათაურში სიტყვა "მეხაშე" შემთხვევით არ მიხსენებია. სანამ ახალი კადრი "შემოვიდოდა", კამერა ზოგჯერ ისე "შტერდებოდა" წინა კადრზე, შეგრძნება მიჩნდებოდა, რომ ოპერატორს ჩაეძინა და მინდოდა მეყვირა _ "ოეეე, მეხაშეეეეე" (სინამდვილეში ეს მონტაჟის პრობლემაა და იმედი მაქვს ამ ლაფსუსებს აუცილებლად გამოასწორებენ).

კი დაგპირდით, კარგს არაფერს არ ვიტყვი-მეთქი, მაგრამ არ შემიძლია დადებითად არ ავღნიშნო მართლაც რომ სხვა ფილმებისაგან (თუნდაც თრეილერებში ჩატენილი) განსხვავებით, გემოვნებიანი და კარგად შესრულებული
"პროდაქტ პლეისმენტი".

არცერთმა არ გამიტეხა - არც ეკოფუდმა, არც ჟურნალმა ტაბულამ, არც თბს ბანკმა, არც მირზაანმა და ტელეკომპანია იმედმაც კი, რომელმაც კომედიურ ფილმშიც კი მოახერხა პირად ცხოვრებაში შეჭრით ერთი ოჯახის დანგრევა, მაგრამ ნოველებს შორის, როდესაც კამერა "არაფერში რომ არ ეწერა" თბილისის კადრებით ტკბებოდა, რაღაცით "ოცნების ქალაქში" "ბოლოს ჩამატებული" შუშის ხიდი მომაგონდა. ნუ მომაგონდა და მომაგონდა, მაგრამ როდესაც ერთერთ კადრში ვითომ პარკინგის და სინამდვილეში გიგი უგულავას წინასაარჩევნო ვიზუალი "მე თბილისი" გამოჩნდა, მომელანდა, რომ დარბაზში გიგი უგულავა შემოვიდა და ხელი ჩამომართვა.

სცენარს რაც შეეხება, პირველი ნოველა აშკარად სუსტია (მე თუ მკითხავ საერთოდ ამოსაღები). თვითმყოფადად სუსტი რომ არის, ეს კიდევ არაფერი. უბრალოდ მეორე ნოველისგან განსხვავებულს აბსოლუტურად არაფერს ამბობს, თანაც გაცილებით ცუდად და უინტერესოდ. შესაძლოა გენიალური სცენარი ვერ ვუწოდოთ, მაგრამ სხვა ფილმების სიუჟეტთან შედარებით, აქ სათქმელი მართლაც რომ არაფერი მაქვს.

მოკლედ ვუყურე "ჭამას და სექსს" და სიმართლე გითხრათ, ღამის თორმეტ საათზე, როდესაც ყველა ლოგიკით უნდა მომდომებოდა სექსი, ძალიან მომინდა ჭამა _ ცუდია, რომ სახინკლეები ადრე იკეტება.

P.S. ა, ხო, დამავიწყდა _ როგორც ჩანს ლიფონავადან დაწყებული, დარჩენილი შემოქმედებითი ჯგუფით დამთავრებული, არცერთმა არ იცის როგორ გამოიყურება ნიყვი, თორე, ვიღაც ქამა სოკოს ნამდვილად არ ათამაშებდნენ ამ პატივცემული სახეობის როლს :)

Monday, April 11, 2011

დღე

მინდა გავიხადო სული
და მოგახურო მხრებზე _ რომ არ შეგცივდეს.
სამსახურიდან მოსულმა
გამოვიცვალო ემოციები,
ფეხი გავუყარო სახლის ღიმილში
გაგიხსნა მაცივრიდან გამოღებული ცივი ლუდი და
გკითხო - შუქი რამდენი გვაქვს გადასახდელი?

მოწყენილ კედლებს
ტელევიზორის ლივლივი ართობს.
შენ თავმოდებულს ჩაგეძინა
და მეც არ დავაყოვნე -
შენი ბოთლიდან გავაგრძელე...

გათენდა. როგორ მეძინება.
ჩემს მაგივრად წახვალ სამსახურში?
მე შენს ნაცვლად ვიძინებ
და სიზმარში მოგეფერები.

ქათქათა ზეწარი ფეხებში გამხლართვია.
თვალების ფშვნეტით ვიღვიძებ,
მოწყენილი ვიხეხავ კბილებს,
ტრუსიკით მივდივარ სევდიანი საძინებლისკენ
ვამთქნარებ და ვიფხან დუნდულს.
კარადიდან ვიღებ ფაქიზად ჩამოკიდებულ განწყობას
და ვიცვამ.
ყელზე ცალი ნასკვით ვიკრავ ემოციებს
და სარკეში ვისწორებ.

მძინარეს ტუჩებში გკოცნი და გპირდები, რომ
ყველაფერი კარგად იქნება.

18+

- რაც ბანკში მუშაობა დავიწყე, ჩემს ორ მნიშვნელოვან ჰობს დავემშვიდობე: კითხვას და "ჰენდმეიდების" კეთებას - მითხრა ანამ და ჩემს მკერდზე აბიბინებული ბალანის საჩვენებელ თითზე დახვევა განაგრძო.

"ბანკი" - ბენზოხერხივით აგრესიულად ამოიქოქა სექსისგან მიყუჩებული ნერვული სისტემა. ტვინმა უამრავი კადრი, სიტყვა, შეგრძნება ამოქექა და გაუფრთხილებლად დაუნაწილა მთელს სხეულს.

- იცი, როცა მე ვმუშაობდი ბანკში დავემშვიდობე ყველა ჰობს რაც კი მქონდა... გოგოებს, მშობლებს, ბავშვობის მოგონებებს და საერთოდ მოგონებებს და წავედი ჰალსტუხით... სიკვდილის შესაგუებლად.

საერთოდ რთულია შეეგუო ამ ტანსაცმელს. უფრო სწორად თავიდან არის რთული. როდესაც მძიმე ჯინსის შემდეგ პრველად ჩავიცვი თხელი შარვლის ნაჭერი, გაზაფხულის გრილი სიო ისე საამოდ მიბერავდა ფეხებშუა, რომ მეგონა შიშველი ვიდექი კადრების განყოფილებაში და ვავსებდი მოსაწყენ ანკეტას.


- ბოლოს მაინც ხო ჩამაცმევენ? მაგრა ახლა ისე შემძულდა დავიბარებ რომ შიშველი ჩამაწვინონ.
- შიშველი? - ანას გაეცინა და სიგარეტის კვამლი გადაცდა.
- ხო, რამოხდა. ნეტა რამდენი გოგო მოვა ვისთანაც სექსი მქონია?
- მე პასს
- წარმოიდგინე მოვლენ, დამარტყამენ წრეს, დახედავე, მოაგონდებათ

ვიცინით. უცებ გადავბრინდი და მარჯვენა ძუძუზე ვუკბინე. - ვერ გიტან - კივის ანა. ვიცინი და მთელს სხეულს ვკოცნი. მუცელთან რომ მივედი გაჩუმდა. შემდეგ ოდნავ გააჟრჟოლა. ჩემი სხეულიც, მოიჭიმა, გადამწყვეტი ნახტომისთვის მომზადებულ კატასავით.

დილის სექსი ორივეს გვსიამოვნებს. განსაკუთრებით თუ მზე ანათებს და კარგი ამინდია. გულაღმა ვწევართ და ჭერს ვუყურებთ:

- ნეტა რამდენი გოგო მოვა - მეკითხება ანა
- ეგ მეც მაინტერესებს
- ე, ისე რა მაგარი აზრია _ "მოზარდები პანაშვიდებზე არ დაიშვებიან".

ისევ ვიცინით

- ჰო, წარმოიდგინე პირველი დაკრძალვა იქნება, ეკრანის ქვედა მარჯვენა კუთხეში შეზღუდვით _ "18+"

ვდგები. ანას გასულ საღამოს დაუთოვებულ თეთრ პერანგს ვიცვამ და შეხვედრაზე წასასვლელად ვემზადები.

ბევრი ვიცინეთ. წესით მხიარულად უნდა ვიყო, მაგრამ არა _ უცნაური განცდა დამეუფლა.

ტოსტერით გახუხული პურის ბოლო ლუკმას გემრიელად ვღეჭავ.

- მე გავედი და კარი გადაკეტე. საღამოს დაგირეკავ.

ლიფტში შესულს ურდულის ჩხაკუნი მესმის.

Sunday, April 10, 2011

ვიყივლეთ ვითომ?

ვინც ჩემს ბლოგს მეტნაკლებად ადევნებს თვალს ემახსოვრება, რომ რამდენიმე კვირის წინ ამხელა "პროექტ-მენეჯერი", "ვებ-დიზაინერი", "მეიგავე", "დრამატურგი", "პოეტი", "ესსეისტი" და ბოლოს და ბოლოს ბლოგერი, (!!!) ყვითლად გადაღებილი ტელევიზორით და ნაჭრებზე დახატული ტვინებით დავრბოდი მეგობრებთან ერთად რუსთაველზე.


მიუხედავად იმისა რომ "იმედს" და "რუსთავი2"-ს ეს გადაცემა არ გაუშუქებია, მოცემული ტელევიზიების საკმაოდ ცნობილ სახეებთან, პრივატული საუბრები მქონდა. მათ ვინაობას რა თქმა უნდა ვერ გეტყვით, მაგრამ მოსაზრებების გაცვლა მაინც საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის.

ნიუანსებად, რიტორიკულ შეკითხვებად, ასოებად და ბგერებად დაშლილი ქაოტური პოლემიკა, მდინარის ფსკერიდან ამოღებულ ქვიშასავით გაიცრა და ბადეზე ორი მოზრდილი ნატეხი შერჩა:

- გადაცემები, რომლებსაც თქვენ ამზადებთ უხარისხოა.
- თუ ჩემს მიერ მომზადებული გადაცემა უხარისხოა, რატომ არის ის რეიტინგული?


ახლა როდესაც ამღვრეული წყალი დაწყნარდა, ყველაფერი ცნობიერად და ქვეცნობიერად კიდევ ერთხელ გავიაზრე და გადავიაზრე, შევეცდები მშვიდად გავაანალიზო ტელესივრცეში არსებული ვითარება, გამოვყო მთავარი თემები და პასუხი გავცე შეძლებისდაგვარად რამდენიმე შეკითხვას.


თქვენი აზრით, გულივერი ჯუჯა იყო თუ გოლიათი? რა თქმა უნდა _ ვისთვის ჯუჯა და ვისთვის გოლიათი. ვისთვის კიდე ჩვეულებრივი ადამიანი.

ჯუჯების სამეფოში ის გოლიათი იყო, გოლიათების სამეფოში კი ჯუჯა.


რომ შემეძლოს, დიდი სიამოვნებით ჩავატარებდი შემდეგ ექსპერიმენტს:

ცოტახნით გავთიშავდი ყველა არხს ქართულ ტელესივრცეში, გარდა ერთისა. ზედ კი ყველაზე მოსაწყენ, მდარე ხარისხის, არაყურებად გადაცემას გავუშვებდი (მეტი სიმძაფრისთვის ყოველ 10 წუთში "ოლვეისი კარიგ განწყობით" სარეკლამო ჭრას ჩავურთავდი) ერთი საათის განმავლობაში.

ექსპერიმენტის შედეგები ძალზედ საინტერესო იქნებოდა ალბათ, მაგრამ პირადად მე მოლოდინი მაქვს, რომ ეს მდარე ხარისხის, ცუდად გაკეთებული და მოსაწყენი გადაცემა, ყველაზე მაღალრეიტინგული გადაცემა იქნებოდა მოცემულ მომენტში.

ანუ, გულივერის სუპერგენიალურ მეტაფორის და ანარქისტული ექსპერიმენტის სიმბიოზით, მხოლოდ იმის თქმა მინდა რომ, თუ გადაცემა A არის ზე-რეიტინგული, ეს მხოლოდ იმით არის განპირობებული, რომ B, C, D და ა.შ. გადაცემები არის სუპერ ურეიტინგო.

ანუ გულივერი კი არ არის გოლიათი _ ჩვეულებრივი კაცია, უბრალოდ ლილიპუტების ქვეყანაში მოხვდა.

...და მაინც _ ვისაც მეტნაკლები პრეტენზია აქვს (არა როგორც პროფესიონალს და "ტელე-ექსპერტს", არამედ, როგორც რიგით მაყურებელს) გემოვნებიან ტელე-პროდუქციაზე, აღიარებს რომ გადაცემები (პროდუქტები), რომლებიც იქმნება ქართულ ტელე-საწარმოებში არის გაყიდვადი (ისევე როგროც გაიყიდებოდა, ყველაზე საშინლად გამომცხვარი პური, თუ მას არ ექნებოდა ალტერნატივა), თუმცა ძალიან მდარე ხარისხის, რაგან ინფორმაციის მიღება, არანაკლებ მნიშვნელოვანია ადამიანისთვის, ვიდრე საკვები.

მგონი დრო არის დავსვათ მთავარი შეკითხვა _ რა არის ამის მიზეზი? რატომ ცხვება საქართველოში ასეთი უხარისხო და უგემური ტელეგადაცემები?

პირადად მე ვფიქრობ, რომ პრობლემა კონკურენციის არქონაა (ოლიგოპოლია, მონოპოლიაზე გაცილებით ცუდი მოვლენაა).

მთავარია შენს კონკურენტზე "ძლიერი" იყო. მერე რა მოხდა თუ საერთო ჯამში შენ "ცუდ" გადაცემას აკეთებ _ მთავარია ის აკეთებდეს "უარესს"!

მაშინ აქვე დავსვათ მეორე შეკითხვა - როგორ შეიძლება ორ კერძო კომპანიას არ ქონდეს ერთმანეთში ჯანსაღი კონკურენცია?

მარტივად:

ა) კომპანიების უკან დგას ერთი და იგივე სუბიექტი
ბ) კომპანიების უკან დგანან სუბიექტები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან თანაბრად გადაინაწილონ ბაზარი.

(ტელეარხების შემთხვევაში ვარიანტებს, როგორიც არის: "გ) ორივემ უფრო მეტად "გაწეწოს" მომხმარებელი, რასაც წარმატებით ახერხებდნენ GSM ოპერატორები" და სხვას, აღარ განვიხილავ).


ოლიგოპოლიის პარალელურად არ შემიძლია გამოვყო ცალკე (მიკრო დონეზე) "მოვლენა", რომლის წყალობითაც კომერციული ტელეარხები (სინამდვილეში ტელეარხი) ახერხებენ(ახერხებს) ჰქონდეთ(ჰქონდეს) ყველასგან და ყველაფრისგან დამოუკიდებლად "უარესი" გადაცემები (გადაცემა). ეს ალბათ განსაკუთრებული, კვაზი-იმპერატიული ბიზნეს ქეისია (მართლა არ ვიცი რა დავარქვა), რომელიც მხოლოდ ქართულ სახელმწიფოში შეიძლება მოხდეს. რაის კომერციული და რისი რეიტინგი _ "უნდა" და ნუ ახლა, "ბავშვს თუ უნდა" და უხარია?!. (მოცემული აბზაცის, მიკიბ-მოკიბულობა კარგი მინიშნებაა რაზე და რატომ ვსაუბრობ ასე).


***
ალბათ ყველას გახსოვთ დრო, როდესაც გადიოდა გადაცემა "დროება" და მისი კონკურენტი "P.S.". პირადად მე ხშირ შემთხვევაში არჩევანის გაკეთებაც კი მიჭირდა _ რომელ არხზე გადამერთო და რომელი სიუჟეტი მენახა. კონკურენციის ხარჯზე, მოცემული გადაცემები იყო საოცრად ხარისხიანად და მაღალ დონეზე მომზადებული. იქ იყო "ყვითელი" თემებიც, შემეცნებითიც, პოლიტიკურიც, აპოლიტიკურიც, შემწვარიც და მოხრაკულიც, მაგრამ რაც მთავარია _ ყველაფერი ძალიან ხარისხიანი გახლდათ. ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ რა სარგებობა მოაქვს მამალს.


მე თუ შენ მიყვარხარ, მკითხველო, იმისთვის მიყვარხარ, რომ იმედი მაქვს ეგ გასწორების განზრახვა, დღესა თუ ხვალე, შენში გაიღვიძებს. ამ იმედს ნუ წაგვართმევ. ნუ იფიქრებ, რომ ამ მოთხრობას შენი გაჯავრება უნდა. ამას მარტო ის უნდა, რომ შენ დაგანახვოს — რამოდენადაც შეძლება აქვს-შენი ცუდი, შენი ავი, რომ იცოდე, რა გაისწორო. მინამ სარკეში არ ჩაიხედავ, ან სხვა არ გეტყვის, ხომ ვერ გაიგებ, რომ პირზედ ურიგობა რამ გატყვია? ეს მოთხრობა სარკე იყოს და მე — თუ გინდა — მთქმელი ვიქნები. დააკვირდი, იქნება გენიშნოს რამე. ესეც იცოდე: მარტო შენი მტერი დაგიმალავს, შენს სახეზედ რომ ურიგობა ჰნახოს რამე, მოყვარე კი მაშინვე სარკეს მოგიტანს, რომ გაისწორო და ხალხში არ შერცხვე. მეც მოყვარესავით გექცევი, — სარკე მოგიტანე, ამაზედ როგორ უნდა გამიწყრე?! რა ვუყოთ, თუ ეს სარკე გაბზარული გამოდგება და შიგა-და-შიგ ლაქებიანიცა? რაცა მქონდა ის მოგართვი, როგორც შემეძლო, ისე დაგეხმარე. თუ მაინც-და-მაინც წყრომას არ დაიშლი, შენი ნებაა. მე შენის წყრომისა არ მეშინიან. მაშინ მხოლოდ დავღონდები, რომ შენშიაც მოვტყუვდი; რომ შენ ის არა ჰყოფილხარ, რაც მეგონე. მაშინ გულ-ხელ-დაკრებილს ესღა დამრჩება სათქმელად:

მე მიყივლია და გათენდება თუ არა — ეგ ღმერთმა იცის!..

Saturday, April 9, 2011

უფროსები უმცროსებს

ჩვენ ვაძლევთ ერთმანეთს,
მოგვყავს ცოლები,
ვთხოვდებით.
საღამოობით ერთმანეთს ვღალატობთ...
ხანდახან.
პარასკევ საღამოს, ძვირიან ბარებში,
ვგროვდებით.
წვეთებად, ყლუპებად, ჭიქებად ვბერდებით...
თანდათან.

აღარ აღგვაგზნებს მობეზრებული პოზები.
ტუჭებით, კბილებით, ენებით შეხება...
თავნება.
ჩანგლებით, ლუკმებით, ყანწებით...
სუფრის კოვზებით,
ნელნელა, დროდადრო, გზადაგზა
მაინც მთავრდება.

ჩვენ ვართმევთ ერთმანეთს ხელს,
ვესალმებით,
ვსაუბრობთ.
ვაძლევთ უბრალოდ,
მოგვყავს ცოლები,
ვთხოვდებით.
ვესვრით, ვაფურთხებთ,
გვიყვარს და ვიცავთ ერთმანეთს
დაღლილები კი
ძვირიან ბარებში ვგროვდებით.

Thursday, April 7, 2011

ლაიკი ჩქარა!

გაწითლდა, კუთხეში აინთო,ანათებს
ლაიკი ჩქარა!
ვოლს ახალი ლინკი ისე მოსწყურდა,
ვით შეყვარებულ წყვილს ღამით მანქანა
ლაიკი ჩქარა!
დიდება ხალხისთვის წამებულ ბლოგერებს
ვინც პოსტი დაწერა, ლინკები დაყარა.
მათ ბლოგებს სამშობლო სანთლებად აინთებს
ლაიკი ჩქარა!
დიდება ვინც ბლოგის ლინკს დააშეარებს
ვინც სამ "კის" მიიღებს და არცერთ "არას"
გათენდა! დაპოსტეთ, დაპოსტეთ, დაპოსტეთ!
ლაიკი, ლაიკი... ლაიკი ჩქარა!


და იმდენად გავხალისდი უცებ წარმოვიდგინე სხვა ლექსებს როგორ გადმოვაფეისბუქ-წერტილ-კომებდი :)

***
ჰეი თქვენ ფეისბუქელნო გაუმაძღარნო ვოლითა
თქვენს პროფილებთან მოსვლა და ლინკის დადება მომინდა

***
კაცის ვოლი ისეთია
ვით მორევი შავი ზღვისა
რაგინდ კარგი ლინკი ჰქონდეს
მაინც ალაიკებს სხვისას

***
ცხრა ლაიკი რომ დამისვათ, ცხრაჯერ ლინკზე, მტრის ჯინაზე სტატუსს მაინც არ შევიცვლი!

***
მოდი დამთაგე ათას წლის მერე...

***
უფეისბუქოთ მზე არ სუფევს ცის კამარაზე


***
მე დავლაიკდი ვიღაცის გვერდზე
კედელზე დაყრილ სტატუსებიდან

Wednesday, April 6, 2011

ლოგიკური დასკვნა

სამოთხე თუ ის ადგილია სადაც ადამიანი ყოველთვის ბედნიერი იყო და ის იქედან გამოუშვეს, გამოდის რომ აპრიორი პირობაა ადამიანი ზოგჯერ იყოს უბედური _ მაშინაც კი, როცა ყველაფერი კარგად არის.

Tuesday, April 5, 2011

როქი

არ მინდა ეს fლირტი, ამბების მოყოლა
უაზრო ხუმრობა, პონტები ძიშოვი
შენ ოღონდ მოდი და ტუჩებში მაკოცე
პრეზერვატივს კი როგორმე ვიშოვი

არ მინდა ეს შენი კაბა და საყურე
უნიჭო ლექსებზე, დასმული Like-ი
თქვენ, დედოფალო დაიმსახურეთ
რომ სექს გთავაზობთ უბრალო პაიკი

არ მინდა სნობური შიკი და fეშენი
დაფაზე ჯიპები დაჰქრიან _ ეტლები
გაშლილი ფეხები მაღელვებს მე შენი
და მინდა, კბილებით გაგხადო გეტრები

არ მინდა ეს fლირტი, ამბების მოყოლა
უაზრო ხუმრობა, პონტები ძიშოვი
შენ ოღონდ მოდი და ტუჩებში მაკოცე
პრეზერვატივს კი როგორმე ვიშოვი

Monday, April 4, 2011

ფირი

ფოლდერები ჩემი დის კომპიუტერში:

gio 1 dgis
gio 2 dgis
...
gios pirveli nabijebi
gio makdonaldshi
...


ბავშვობიდან მახსოვს მრგვალი ცისფერი "ბაბინა", რომელზეც ვიწრო ფირი იყო დახვეული. მეუბნებოდნენ, რომ ზედ ჩემი ბავშვობა იყო გადაღებული.

ვცდილობ არ ვიყო სენტიმენტალური და თვალს-ცრემლი არ მოგადინოთ, მაგრამ კონიაკის არ იყოს, დროსთან ერთად ფირი უფრო ძვირფასი გახდა. წლების შემდეგ (უფრო სწორად, მეოთხედი საუკუნის შემდეგ) ფირის ციფრულ ფორმატში გადაყვანა შევძელი.

როდესაც ფირი ვნახე, სპეციალურად რომელიმე ჰოლივუდის ფილმისთვის გადაღებული და დამუშავებული კადრებს ვუყურებდი მეგონა.

ბებია, ბაბუა, მამა, თეა, მანანა დეიდა... მოკლედ უამრავი ადამიანი, რომელიც ცოცხალი აღარ არის. ვუყურე ნაწილ ნაწილ. არა ერთბაშად. აი ისე, გემრიელ შოკოლადს რომ ჭამ და ერთიანად რომ არ გინდა შემოგეჭამოს. თავიდან ბოლომდე მგონი ახლაც არ მაქვს ნანახი. იმასაც ვერ ვხვდები, რა ემოციებს იწვევს ჩემში. სიმართლე გითხრათ თვალზე ცრემლი არ მომდგომია (я свое оплакал  :) ) და არც გული ამჩუყებია. უბრალოდ, როგორც ლამაზ კადრებს, ისე ვუყურე და კიდე ჩემი თავი მომეწონა კოცნებს რომ ვუძღვნი ვიღაცას :)

კალათბურთის ბურთიც თავიდანვე მყვარებია. კიდევ, ცოტა გული დამწყდა, რომ თავიდან ყველაზე საინტერესო კადრები (სადაც მამაჩემია გადაღებული, როგორც ჩანს შემდეგ თვითონ იღებდა) პრაქტიკულად არ ჩანს.

ფირს ვუყურე და მივხვდი _  ვიდეო ტექნილოგიები მაშინ რომ დღევანდელივით ხელმისაწვდომი ყოფილიყო, მე ვერასოდეს მექნებოდა ასეთი ძვირფასი "ფირი", რომლის თითეული კადრი ძალიან  გემრიელია.

[youtube http://www.youtube.com/watch?v=RqcQhOxlKYk]

Saturday, April 2, 2011

შოთა, ილია, აკაკი ვაჟა და... კვენტინ ტარანტინო

მიძინებულს დეიდაშვილი მაღვიძებს:
- ლაშა, ვაჟა უფრო დიდია თუ რუსთაველი? - გადავზომე გონებაში მელიქიშვილიდან თავისუფლებამდე და პეკინიდან ვაჟას ძეგლამდე
- ვაჟა
გახარებული გავარდა გვერდით ოთახში:
- აი, ვთქვიი... რას ამბობ, მარტო "სტუმარ-მასპინძელი" რად ღირს...

ეს ისე. მსუბუქი შესავლისათვის. ისე კი ვინ არის ვაჟა? ზოგისთვის უბრალოდ მთების არწივი. ოჰ რა პოეტურია ღმერთო ჩემო. ზოგისთვის უშრეტი სამყარო. ზოგისთვის ბევრი აბსტრაქტული რამ. მაგრამ ჩემთვის ვაჟა ყოველთვის კონკრეტულია.

მაგალითად, ჩემმა მეგობარმა როდესაც ძალით წამაკითხა ეზოთერიკების საყვარელი წიგნი "ანასტასია", მივხვდი რომ სხვა არაფერი იყო თუ არა უნიჭოდ გადამღერებული ჩვენი მწერალი. ვაჟას მსგავსი გადამღერებები ბევრგან შემხვედრია. მაგრამ ამასწინათ იუთუბზე შემთხვევით "ალუდა-ქეთელაურს" გადავეყარე.

გაფრთხილება: მშობლებო, არასოდეს წაუკითხოთ ბავშვებს წიგნები!

სწორედ ბავშვობაში წაკითხული ზღაპრების გამო მივეჩვიე წიგნების მოსმენას და არა კითხვას. ამჯერადაც მოსაწყენ საქმეს ფონად, იუთუბის ფანჯრიდან გადმომდგარი ალუდა ქეთელაური დავუფინე. ცოტახანში თავად ვერ შევამჩნიე ისე დავიძაბე. შეგრძნება ისეთი მქონდა რომ მძაფრსიუჟეტიან თრილეს ვუყურებდი. არა, ეს არ იყო ურბალოდ ვესტერნი. მსუბუქი დაცემებით და ცუდადგამოხმოვანებული ტყვიების "წუილით". რაღაც უფრო საკაიფოს, უფრო მძაფრს, რაღაც კვენტინტარანტისეულს ვუყურებდი. ცოტა ხანში მივხვდი, რომ ასე ემოციურად, არა რომელიმე ჰოლივუდის ფილმმა, არამედ მუცალისა და ალუდას სუპერდაძაბულმა შერკინებამ აღმაგზნო.

თვალწინ გამიცოცხლდა 3D-ში გადაღებული, ბეჭდებისმრძანებლისეული სუპერ კადრი:

"გადავარდება ცხენზეით,
ყელ-თავქვე ეკიდებისა"


და უცებ, მიზანს აცდენილი მსხვილკალიბრიანი იარაღი ისე გემრიელად მოხვდა კლდეს:

"გამასტყვრა მუცალის თოფი,-
კლდის პირი დაიშლებოდა"

რომ ტელევიზორის რეკლამების მსგავსად, უწვრილესი დეტალების გარჩევა დავიწყე და ნამსხვრევები სახეში შემომეყარა.

საუნდიც ისეთი დადგა რომ ყველა დოლბი-სურაუნდის დედა ვატირე:

"ხმა ალუდაის თოფისა
ჭეხასა ჰგვანდა ცისასა."

[youtube http://www.youtube.com/watch?v=KJstz1ufLJc&w=480&h=390]

[youtube http://www.youtube.com/watch?v=oyQiu2DpgFg&w=480&h=390]

არა, თუ ასე მივყვებით ვეფხისტყაოსანს რომ გაცილებით მაგარი ეკრანიზაცია ექნება თქმაც არ უნდა. "ჯდა მტირალი წყლისა პირსა" ტარიელის მიერ მათრახით შუბლისკანგადახეთქილი ჯარისკაცებით დაწყებული, "ტარაჯორად" გასტყორცნილი მეომრებით გაგრძელებული და ქაჯეთის ციხის ბრძოლებით დამთავრებული. ვფიქრობ არც სექსის ნაკლებობა იქნება და არც ლამაზი ხედების და ლანდშაფტების.

აი, ასე მაიმუნობით თუ დავაინტერესებ ჩემს რამდენიმე მეგობარს თორე ვაჟას "გველის-მჭამელს" ისევ "ანასტასია" ურჩევნია და "ალუდა ქეთელაურს" კი "ბორნის ულტიმატუმი".

და მაინც:
ვაჟა უფრო დიდია თუ რუსთაველი? - ჯერჯერობით მგონი მაინც ტარანტინო.