Thursday, March 24, 2011

***

ცხოვრება თრეილერივით უნდა იყოს, ხანმოკლე, საინტერესო და რაც მთავარია, კარგად დამონტაჟებული

განძის მაძიებელნი - ოჰ, ედმონდ, ედმონდ

ალბათ გახსოვთ, რომ არ დავიზარე, ბლოგერებს ერთობლივი თამაში შევთავაზე და კონკურსის პირველ დღეს, მასიურ ისტერიას შევუერთდი კამერით ხელში.

თურმე არის ტანჯვა, თან ირბინო თან ქმ...ქმ.... კი არა და თან ფლიპ კამერით ირბინო გიჟივით და თან მინიშნებებს ადევნო თვალყური მართლაც შეუძლებელია. ამიტომაც გადავწყვიტე თამაშს გამოვკლებოდი და მხოლოდ გამეშუქებინა.

ქრონოლოგიას რომ არ ჩამოვრჩეთ ან რაიმე არ აგვერიოს, თავიდან დავიწყებ.


  1. ტური
    1. დარიგდა კონვერტები, თბს ბანკის სათაო ოფისის წინ
    2. კონვერტში იყო რუკა და დაშიფრული წერილი
    3. რუკაზე დატანილი იყო თბილისის რამდენიმე წერტილი. ადგილზე მისულს გხვდებოდა სიმბოლო (კაცუნა) და კიდევ სხვა ადგილი, სადაც შესაბამის ასოს პოულობდი.
    4. შეგროვებული ასოებით და აღნიშვნებით, შიფრავდი ბატონი ედმონდის წერილს, სადაც ბევრ სისულელესთან ერთად ისიც ეწერა, რომ ეს კოდი ფეისბუქში შეიყვანეო.
    5. ფეისბუქში კოდის შეყვანის შემდეგ, აპლიკაციამ მამცნო, რომ თამაშის გასაგრძელებლად დავლოდებოდი "კვირის პალიტრის" გამოსვლას.
  2. ტური
    1. გამოვიდა კვირის პალიტრა (რომლის ბრდღვნაც არ დარჩა, რამდენიმე საათში მთელს ქალაქში)
    2. გაზეთში პირველი ტურის მსგავსად იყო დაშიფრული წერილი, ამჯერად ღიმილაკებით.
    3. ღიმილაკების შესაბამისი ასოების პოვნის პრინციპი პირველი ტურის მსგავსი იყო _ გაზეთშივე მოცემულ რუკაზე იყო დატანილი ადგილები, რომლებსაც მიჰყავდი თბილისის სხვადასხვა წერტილებში, სადაც პოულობდი შესაბამის ასოებს.

პირველი ტურის შედეგები, თამაშის ორგანიზატორების არ იყოს, ჩემთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა. თამაშის მიმართ უამრავი ადამიანის დაინტერესება გავსებულმა მარჯანიშვილმა და ბლოგის სტატისტიკამაც კარგად აჩვენა. ვიდეო უამრავმა ადამიანმა ნახა, ბლოგმა მოხსნა ყველანაირი რეკორდი ერთი დღის მანძილზე უნიკალური ვიზიტორების კუთხით. ვფიქრობ, რეალური კონკურსის მსგავსად, ვირტუალურშიც ნელ-ნელა იკლებს აღნიშნული თემით დაინტერესებული ხალხის რიცხვი, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვფიქრობ თემა აქტუალურია და მეც მეორე ტურის, მოკლე მიმოხილვას გთავაზობთ, ვიდეოპოსტის სახით.

[youtube http://www.youtube.com/watch?v=m8TL6OzBZdo]

მე პირადად მესამე ტურში ვერ გადავედი, მაგრამ იმედი მაქვს თამაშის ორგანიზატორები დამეხმარებიან, რომ სხვა ტურებიც მიმოვიხილო. ეს კი უპირველეს ყოვლისა იმაზეა დამოკიდებული, მოგეწონებათ თუ არა თქვენ მოცემული მიმოხილვა _ ასე რომ არ დაგეზაროთ, დატოვეთ ბლოგზე კომენტარი.

Tuesday, March 22, 2011

ქურდებს სიცოცხლე და ბოზებს?..

ჯერ ერთი სიკვდილისთვის არავინ მემეტება და მით უმეტეს ბოზები.

დღეს, არ ვიცი რა, მაგრამ რაღაც ღონისძიებაზე, რომელიღაც დარბაზში შეკრებილ ქუთათურებს, სცენაზე ზაზა ბურჭულაძე გამოეცხადათ და მიკროფონში, დავიგინები, ჰარი პოტერის ყველაზე მაგარ შელოცვაზე ძლიერი სიტყვები უთხრა: "ქურდებს სიცოცხლე და ბოზებს სიკდვილიო"

დარბაზის ერთი ნაწილი (რომელსაც შევეცდები სახელი მოვუძებნო) მქუხარე ტაშით და სიცილ-ხარხარით შეეგება ამ რეპლიკას. ხოლო მეორე ნაწილი კი _ "ინტელიგენცია" მომენტალურად აღშფოთდა. ბურჭულაძეს ეპატაჟმა წარმატებით ჩაიარა, სიუჟეტი გაპიარდა, მოხვდა ტელეარხებზე, გაზეთებში და ვიღაც ლაშარელას ბლოგზეც.

არა და სწორედ ეს ბურჭულაძე იყო მახსოვს, რომელიღაც ტელეკომპანიას რომ მისცა ინტერვიუ _ ეკო დეისაძე არის მეორე ხარისხოვანი მწერალი და ეს წიგნი იყო უბრალოდ პოპულარულობის მოსატანად დაწერილი, ხოლო მხატვრული თვალსაზრისით, ისე რაო ("ადიბასი" ხო რას ამბობ _ მზითვებში გასატან წიგნად იქცევა, ასე 8 საუკუნის მერე).

რაღაი ეკო ვახსენეთ (უმბერტო არა კაცო _ დეისაძე), აქვე ვთქვათ: "საიდუმლო სირობამ", საზოგადოების სწორედ ის ნაწილი აღაშფოთა, რომელსაც სახელწოდება ვერც ამჯერად მოვუნახე, მაგრამ ბურჭულაძის მისალმება ტაშით დააჯილდოვა, ხოლო (ქუთაისური არა მაგრამ თბილისური) ელიტარული საზოგადოება მქუხარე ტაშითა და ალაგ-ალაგ ღიმილით შეეგება.

ასე არის თუ ისე, ძალიან მარტივია ამ ბედრკულ ქვეყანაში "ხალხის აგდება". ამისთვის არც კრეატივია საჭირო, არც განსაკუთრებული ნიჭი და უნარ-ჩვევები. საკმარისია უბრალოდ გააკეთო ის, რაც არ არის მიღებული და რასაც "სხვები" არ აკეთებენ.

არა და როგორ მინდა, ერთხელაც ბურჭულაძისნაირი უხარისხო "ეპატაჟნიკი" გაღიმებული დარჩეს სცენაზე, როდესაც მის მცდელობას არანაირი გამოხმაურება არ ექნება. როგორ მინდა ქართულმა საზოგადოებამ ერთხელაც  ზემოთ არ აიხედოს. ერთ დღეში არ ჩასახოს, ამშობიაროს და აღზარდოს ეკო დეისაძისმაგვარი ბუმბერაზი კლასიკოსები.

ეჰ, მე კი მინდა მაგრამ სად არის. ხო და სანამ არ არის, წავალ რაიმე ისეთს გავაკეთებ რაც "არ შეიძლება"!


[youtube http://www.youtube.com/watch?v=jMpvBS7UmGo]

მაია VS ნანუკა - ოთხფეხა მეგობრების შედარება

ნანუკას ბუბუს ყველა ვიცნობთ.  მაიას პუდელი კი დღეს გავიცანით. ჯერ სახელი არააქვს და სიტყვა "პუდელიც" უცნაურად მეხამუშება, ამიტომაც სრუტო შევარქვი (არ ვიცი რას ნიშნავს ეს სიტყვა ან საიდან მოვიდა, მაგრამ ვფიქრობ იმ ძაღლს მოუხდება).

ბუბუ დიდია, ბომბორა და საყვარელი. გრძელი და თეთრი ბეწვი აქვს. სრუტო ჯერ პატარაა. ისედაც გამხდარია. შავი ბეწვი აქვს. თმები მოკლედ აქვს შეკრეჭილი და ისიც ძალიან საყვარელია.

დღეს ერთად იყვნენ, ერთ სტუდიაში.

ბუბუმ, როგორც ნამდვილ ქართველ ტელევარსკვლავ ძაღლს ეკადრება, ისე უმასპინძლა სრუტოს.

სრუტო თავიდან თითქოს ოდნავ დაბნეულად გამოიყურებოდა, მაგრამ მალევე გაშინაურდა (გაიჩუსტა). რაღაც მომენტში მგონი დაავიწყდა კიდეც, სტუმრად რომ იყო და ისე დაიწყო მოქცევა, თითქოს თვითონ ყოფილიყო მასპინძელი.

რაღა დაგიმალოთ და ძაღლი მომინდა. გადაცემის კვალდაკვალ გულში ბუბუს და სრუტოს შედარებაც დავიწყე.

ბუბუ "რაღაცნაირია".  დიდი და ძლიერი. თამამი და თავისუფალიც. პრინციპში თავისუფალი რა _ უბრალოდ პატრონი აძლევს მეტის საშუალებას. სრუტო უფრო კლასიკურია. რაღაცნაირად არისტოკრატიული და დახვეწილი. ბუბუ დუხებს ხმარობს. სრუტოს უფრო სუნამო უყვარს.

ბუბუ უფრო "უხეშიცაა". ცელქობა უყვარს. განსაკუთრებით სტუდიაში ერთობა კარგად. თუმცა არც სტუდიის გარეთ გართობაზე ამბობს უარს.

სრუტო კი  უფრო მშვიდი და  წყნარია. სენტიმენტალურიც, მაგრამ საკმარისია რაიმე მხიარული მუსიკა ჩაურთო, რომ იქვე აცეკვდება ("აყვავდება როცა ნუში"-ზე იწყენს მხოლოდ). მოკლედ, ბევრს არ მოძრაობს. ხო ნახეთ, რა საყვარლად ჩამოუჯდა ინგას დივანზე. მომენტში შევშფოთდი კიდეც _ ან ნანუკამ დამამშვიდებლები დაალევინა ჩაწერამდე-მეთქი ვიფიქრე ან სმენასთანააქვს პრობლემები-თქო, თორე ნორმალური სმენის მქონე და თავმოყვარე ძაღლს როგორ უნდა ჩაგეძინოს, როცა ყურში ბოლო ხმით ჩაგყვირიან, ნამდვილად არ მესმის.

ისე, რა რა და ფაქტია სრუტოსნაირს თუ გადავწყვეტ, მისი შენახვა უფრო იაფი დამიჯდება ვიდრე ბუბუსნაირის .


***
დაგეგმილი აქცია-პერფომანსის ფონზე, რომელმაც ფეისბუქში საკმაოდ დიდი პოლემიკა გამოიწვია, მგონი კიდევ ერთხელ მკითხავენ "რატომ ვუყურე თუ არ მომეწონა". ჯერ ერთი მინდა ვთქვა, რომ ჩემდა გასაკვირად გადაცემა (მომეწონა-თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ) საინტერესო და "რაღაცნაირი" იყო. მიუხედავად იმისა, რომ  ყველაზე პოპულარული "ყვითელი გადაცემების"  დედოფლებს, სახიდან გრიმი და პირიდან ღიმილი არ მოუშორებიათ,  ბუბუს და სრუტოსი არ იყოს, ერთმანეთისთვის თამაშ-თამაშში და ხუმრობა-ხუმრობაში კბილის გაკვრა ნამდვილად არ დაუკლიათ.

ამასთან მაია, ოდნავ განსხვავებულ ფორმატში ვნახე _ ოდნავ უფრო თავისუფალი, ოდნავ უფრო ბუნებრივი და მგონი პირველად ცხოვრბაში "By Aavtandili"-ის გარეშე. ისე პრაქტიკის გათვალისწინებით, არც ნანუკას აწყენდა ერთხელაც მაიკოს ესტუმროს და "თავისი ცხოვრების ისტორია" უამბოს.

კიდე გამიჩნდა ეჭვი: ან რუსთავი ორის მიკროფონებია ცუდად დარეგულირებული, ან მაია, "პროფილის" ჩაწერისას უფრო ნერვიულობს, ვიდრე ნანუკასთან სტუმრად ყოფნისას, რადგან უკვე ბრენდ-აუდიო-ეფექტად ქცეული ცხვირით-შესრუტუნება ერთხელაც არ გამიგონია.

მოკლედ ფაქტია ვუყურე! და ახლა, რომ გითხრათ, მაიამ მთხოვა ასათიანმა და იმიტომაც-თქო დამიჯერებთ? რა თქმა უნდა არ, და ამიტომაც სიმართლეს გეტყვით _ უბრალოდ, აღნიშნულ თემაზე +1 პოსტი მინდოდა დამეწერა.


P.S. სრუტოს და ბუბუს რაც შეეხება _  რომელი ჯობია? არ ვიცი, ასე მაინც არ ღირს შედარება _ როგორც არ უნდა იყოს, სხვადასხვა ჯიშია.

Sunday, March 20, 2011

პროტესტის პროტესტის პროტესტი


გუშინდელმა წამოწყებამ "პროტესტი გადაცემა "პროფილს" და უხარისხო TV-შოუებს" (http://bmu.li/eCY) იმაზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, ვიდრე, მაგალითად ბლოგერების შეხვედრამ ვერა ქობალიასთან. ცოტა არ იყოს გამიკვირდა.

შესავალშივე განვმარტავ, რომ წამოწყება საკმაოდ სპონტანური იყო და აქციის იდეა ჯერ კიდევ დამუშავების სტადიაში, როცა event-invitation-ები დაიგზავნა და რისხვის ქარბორბალაც დატრიალდა ნაირნაირი კონტრარგუმენტებით, რატომ არ უნდა გააპროტესტო გადაცემა "პროფილი" და უხარისხო TV-შოუები აქცია-პერფორმანსის ფორმით. მინდა, გამოვეხმაური ძირითად კონტრარგუმენტებს:

1. მმკ და გრეჩიხები მეტს კი არაფერს აკეთებდნენ! (ყველაზე ხმაურიანი არგუმენტი)

მმკ და გრეჩიხები მიტინგებს მართავდნენ, გადაცემის დახურვას მოითხოვნენ, ჩაქოლვით იმუქრებოდნენ. ეს კი, ვგონებ, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და აქცია-პერფორმანსის ფორმატს სცდება.

ცივილიზებულ მსოფლიოში აქცია (და არა მიტინგი), გამოხატვის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა. მგონი დამეთანხმებით, რომ განვითარებულ ქვეყნებში ინტერნეტიც დიდი ხანია აქვთ, ბლოგინგიც ჩვენზე ადრე დაიწყეს და არც წერა-მეტყველების უნარებს უჩივიან მაინცდამაინც. და მაინც, აქცია რჩება გამოხატვის ერთ-ერთ თვალშისაცემ ფორმად. (მაგალითები, იხ. ქვემოთ)

არ მგონია, რომ გრეჩიხებთან და მმკ-სთან შედარების შიშით სამი მაიმუნის პოზაში უნდა დავრჩეთ და მაქსიმუმ კლავიატურის გაცვეთაზე უნდა მივმართოთ მთელი ენერგია. მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტია.

2. რა უნდათ ბლოგერებს ქუჩაში, როცა არსებობს ვირტუალური სივრცე, ბევრად ფართე აუდიტორიით

როდესაც ყოველ დღე მაჭმევ წიწაკიან საჭმელს, მე ამ სიმწარეს ვიგრძნობ, მაგრამ დროთა განმავლობაში შევეჩვევი და პირსაც აღარ დამწვავს. მაგრამ, თუ ერთ დღეს წიწაკიან ჩაის დამალევინებ, მერწმუნეთ, ჩემს რეცეპტორებს ეს ბევრად უფრო დიდხანს და მძაფრად ემახსოვრებათ.

ასეა ჩვენი ვირტუალური რეალობაც. ჩვენი წუწუნი ყოველთვის ერთსა და იმავე აუდიტორიას, ერთი და იგივე ფორმით მიეწოდება. ეს კი უკვე წყლის ნაყვაა, მეტი არაფერი. 

როდესაც 2008 წლის აგვისტოში საქართველო ტერიტორიულ და ვირტუალურ ფრონტზე ერთდროულად იბრძოდა, პარალელურად ქართული სათვისტომოები სხვადასხვა ქალაქში აქციებს მართავდნენ. ერთი პატარა აქცია ჩემს ქალაქშიც გაკეთდა, სადაც რუსეთის წარმომადგენლობაც კი არ იყო. უბრალოდ ერთ მოედანზე შევიკრიბეთ.
რასაკვირველია, ომი არ შეწყვეტილა აქციების გამო. უბრალოდ, ცოტა მეტმა ევროპელმა (რომელიც იქნებ არც ტვ-ს უყურებდა, არც ნეტში სერჩავდა რუსეთს და საქართველოს და საერთოდაც არაფერი იცოდა ჩვენს შესახებ) გაიგო ჩვენი გულისტკივილი, ცოტა მეტმა გერმანელმა გაიგონა, რომ "რუსულ გაზ სისხლის სუნი აქვს" და თუნდაც ის დაინახა, რომ მათივე ქვეყანაში მცხოვრები, გადმოხვეწილი ქართველებისთვის საქართველოში მიმდინარე მოვლენები ჩვეულებრივი ამბავი და სულერთი არ არის.

და კიდევ, იყო ბლოგერი, არ ნიშნავს იყო მხოლოდ ვირტუალური და ამიერიდან ბავშვებიც ვირტუალურად აკეთო.

3. გადართე, პულტი რისთვის გაქვს?

ამ ლოგიკით, ჩემს ქვეყანაში რომ რამე არ მომწონს, სხვაგან წავიდე?

მე არ ვარ ლგბტ ჯგუფის წარმომადგენელი, არც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, არც დაუნის სინდრომიანი, არც მამაკაცისგან ჩაგრული ქალი, არც იეღოველი, არც პროტესტანტი, არც სომეხი, არც ზანგი და არც ებრაელი.

ამიტომ, დავიკიდო ჰომოფობების, ქსენოფობების, რელიგიური ფანატიკოსების, რასისტების და ანტისემიტების გამოხტომები, რაც სხვას ვნებს და ხმა არ ამოვიღო? და თქვენ რატომ არ იქცევით ასე? 

4. პროფილი აწვდის იმას, რასაც საზოგადოება ითხოვს

მართალია, მაგრამ პირიქითაცაა, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს.

ჰექსეს თქმის არ იყოს, გადასართავი აღარსადაა, შესაბამისად, გინდა არ გინდა უყურებ იმას, რაც არის (ყველას არ აქვს საკაბელო არხები, ან არ იცის უცხო ენა, ან უბრალოდ, ვერ გრძნობს პროფილის და მისთანების მავნე ზემოქმედებას, ისევე, როგორც ვერ გრძნობს fast-food-ის მავნებლობას, გენმოდიფიცირებული პროდუქტის საფრთხეს და ა.შ.). 

5. ბოლოს და ბოლოს, რა არის აქციის მიზანი? გადაცემის დახურვა? თუ მაია ასათიანის გამოსწორება?

არც ერთი და არც მეორე.

როდესაც რომელიღაც ქვეყანაში McDonalds-ის რესტორნების ფანჯრებზე აქტივისტებმა მიაწერეს Food Killer, რა თქმა უნდა, ამის გამო, არც მაკდონალდსი დახურულა და მეტიც, ფასთ-ფუდის ხარისხიც კი არ გაუუმჯობესებიათ რესტორნის მეპატრონეებს.

მაგრამ სადღაც აქ, შორეულ საქართველოში, კიდევ ერთხელ მომხვდა ყურში და დამამახსოვრდა, რომ ფასთ-ფუდი მავნეა და სახიფათო ჩემი და ჩემი პოტენციური შვილების ჯანმრთელობისათვის.

აი ესაა აქციის მთავარი მიზანიც. არც მაია გამოსწორდება და არც გადაცემა გაუქმდება, რასაკვირველია.
მაგრამ, იქნებ 10 ადამიანი მაინც დაფიქრდეს, უგემოვნობის გარდა რა ზიანი მოაქვს მსგავს გადაცემებს (და ისე, უგემოვნობის ჩამოყალიბებაც ზიანია!), შვილები არ აღზარდოს მათ ყურებაში და 10 წლის შემდეგ 10 ადამიანით ნაკლები დეგრადირებული, ქსენოფობი, სხვის პირად ცხოვრებაში ცხვირის ჩამყოფი და ფსევდო-ღირებულებებით გამოტენილ-ზომბირებული ადამიანი მივიღოთ

თუ ეს ასე მოხდა, მე პირადად, მიღირს ნუცუბიძის აღმართზე (თუ სადაც იქნება) ასვლა, მოცდენა და თქვენი კრიტიკის ატანაც :)

გმადლობთ, რომ ჩანაწერი ბოლომდე წაიკითხეთ.

ასევე გმადლობთ იმ რეზონანსისთვის, რაც ჯერ არ-ჩატარებული აქციის გარშემო გამოიწვიეთ და ირიბად თქვენს აუდიტორიებსაც შეახსენეთ, რომ გადაცემები, პირობითი სახელწოდებით "პროფილი",  "კლავს".

ისე, რომ იცოდეთ, ეგეც ამ ყველაფრის მიზნებში შედიოდა :))


p.s. დანართები - ფოტოები აქციებიდან:


2008 წ. ლონდონი, აქცია ჯორჯ ბუშის ვიზიტისას


2008 წ. ლონდონი, აქცია ჯორჯ ბუშის ვიზიტისას


2008 წ. ლონდონი, აქცია ჯორჯ ბუშის ვიზიტისას


2008 წ. საარბრუკენი - აქცია "რუსულ გაზი სისხლის სუნით ყარს"



გადავრთოთ? - კრიტიკა, რჩევები, აკრძალვები

ჩემს მიერ წუხელ დაწერილ პოსტს გარკვეული გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. მრავალი ნოუთი, ვიდეო მიმართვა თუ კომენტარი სამ ძირითად ჯგუფად _ "რჩევები", აკრძალვები" და "კრიტიკა" დავყავი.

ერთერთი (და არა ერთადერთი) სწორხაზოვანი და ბრტყელი გადაცემის მესვეურებისგან განსხვავებით, სადაც ყველა და ყველაფერი, "სულ სხვა კუთხით" წარმოგვიდგება",  მე არ ვაპირებ თავი მოვიმკვდარუნო, დავიბრმავო და დავიყრუო. შესაბამისად შევეცდები მეტნაკლებად შევაჯერო, გასული ღამის სოციალური-აქტივობა და გამოვეხმაურო მას.

რჩევა #1 - პულტი
ფეისბუქზე გამოჩნდა რამდენიმე ვიდეო სადაც განმარტებული იყო, რომ არსებობს ასეთი მოწყობილობა სახელად "პულტი", რომელსაც უამრავი ღილაკი აქვს და მათ შორის "გამორთვის" ღილაკი. სწორედ ამ გენიალური ღილაკის გამო, ნებისმიერი ტელეშოუს წინააღმდეგ პროტესტის გრძნობის არა თუ გამოხატვა, არამედ გაჩენაც კი არის სრული აბსურდი. სამწუხაროა, რომ ამ აზრს არ ვიზიარებ თორემ მოცემულ მიმართვას ვიდეოგაკვეთილით _ "პულტი დამწყებთათვის" კი არა, ტარიელ ჭანტურიას ლექსით დავიწყებდი:

- კარგი იქნებოდა ცხოვრება ტელევიზორივით რომ იყოს... არ მოგწონს გადართე.
- ცხოვრება ტელევიზორივით არის. არ მოგწონს? _ გამორთე!

ეს ლექსი ერთი შეხედვით, პირდაპირი რეცეპტია ჩემისთანა გზააბნეულებისთვის, რომლებშიც "პროფილი" და მისთნაირები პროტესტის გრძნობას აღძრავს, მაგრამ რა დასანანია, რომ არ ვარ მიდრეკილი სუიციდისკენ. თუ რაიმე არ მომწონს ვამბობ ამის შესახებ, ხოლო თუ შემიძლია ვცდილობ რაიმე შევცვალო.

დასასრულს ვიტყვი, რომ ვიდეო პოსტის ჩაწერა მეზარება თორემ გაჩვენებდით რომ არსებობს ასეთი მოწყობილობა "მაუსი", რომლითაც ძალიან მარტივად შეგიძლია დახურო ნებისმიერი ფანჯარა, დააჭირო ხელი ღილაკს "No", "Close" და მრავალი სხვა.

თემა რომ არ განვაგრძო მცირე ამონარიდს შემოგთავაზებთ, ჰექსეს პოსტიდან:

"მე მაღიაზიანებს როდესაც მორიგი გადაცემის კრიტიკისას ვიღაც მოდის და დეტალურად მიხსხნის რა არის და რა სარგებლობა მოაქვს პულტს, რადგან ისევე როგორც ბევრ რამეს ჩვენს ცხოვრებაში პულტსაც ფუნქცია აქვს დაკარგული, როგორც "ცისფერი მთების" სცენარშია - "გინდა ზევით ადით, გინდა ქვევით ჩადით" აზრი?"

რჩევა #2 - მეწაღე პრეზიდენტი
ერთ-ერთი მოაზროვნისგან (პირადაპირი გაგებით "ინტელექტკლუბის" მოაზროვნისგან) ასეთი შინაარსის შემცველი რჩევა მივიღე: თუ არ მოგწონს, გადაცემა ან რაიმე სხვა, ადექი და უკეთესი გააკეთეო.

ჩემს კორპუსთან რომ "ზაპოჟნიკია", იმის შეკეთებული ფეხსაცმელი ძალიან არ მომწონს და ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტის პოლიტიკას არ ვიზიარებ დიდად, ხოდა ახლა ვფიქრობ: ნეტა "მეწაღე პრეზიდენტი" ხო არ გავხდე ?

კრიტიკა #1 - "ოდეს ყოფილ არს"
საკმაოდ ვრცელი პოსტი დაწერა "დოდკამ", რომელიც იწყება მსუბუქი ირონიით ჩემს "სამტრედიულ-სოფლურ" წარმომავლობაზე და შემდეგ არგუმენტირებული მსჯელობით გრძელდება.

დოდკას აზრით, უმჯობესია პროტესტი გამოითქვას ინტერნეტში, სადაც მას გაცილებით მეტი ადამიანი წაიკითხავს, ვიდრე რუსთავი2-ის შენობასთან. რადგან ინერნეტში დაწერილ 1 პოსტს, უფრო მეტი ადამიანი წაიკითხავს ვიდრე ქუჩაში ყვირილს გაიგონებს.

ალბათ თავიდანვე უნდა განგვემარტა, რას გულისხმობს თავის თავში ეს "აქცია" და რატომ არის მისი მნიშვნელოვანი ნაწილი - რეალურ სამყაროში გასვლა.

აქ ერთი მარტივი პასუხი მაქვს - რეალურ სამყაროში გასვლა, რომ არაფერს ცვლიდეს ის ამხელა აჟიოტაჟს არც გამოიწვევდა.

მაგრამ უფრო ვრცელი, არგუმენტირებული პასუხიც მომეპოვება სადღაც C:/ დისკზე:

ალბათ თითეული ჩვენგანი (ვგულისხმობ "ინტერნეტმოსახლეობას") ისე ველოდებით ყოველი შოუს შემდეგ, ცინიკურ, ღიმილის მომგვრელ, კრიტიკულ, აღშფოთებულ, ინტელექტუალურ და სხვა სახის პოსტებს, როგორც მზის ამოსვლას ყოველ უბრალო დღეს. ვწერთ, ვაშეარებთ, ვაკომენტარებთ, ვილანძღებით და შემდეგ ისევ ვწერთ, ვაკომენტარებთ, ვილანძღებით და მომდევნო გადაცემას ველოდებით. დიახ, "ხმა მღაღადებელთა, ინტერნეტსა შინა". მე არ მახსოვს, რომ კონკრეტულად მოცემული გადაცემის მესვეურებს, ნებისმიერი სახის მედია საშუალებით, რაიმე სახის კომენტარი გაეკეთებინოთ კრიტიკის საპასუხოდ.

იმის ილუზია არავის აქვს, რომ ჩვენი მცირედი მცდლობით, ყველას პროფილში მიგვიწვევენ და გვკითხავენ _ "მოგვიყევით, როგორ გაგიჩნდათ პროტესტის გრძნობაო", უბრალოდ ჩვენ ამ აქციის რეალურ სამყაროში გატანით, გვინდა ვთქვათ _ "კრიტიკა, რომელიც ვირტუალურ სამყაროში ისმის, რეალურ დამიანებს ეკუთვნის"!

ხოლო რაც შეეხება არგუმენტს, "ამას ონლაინში უფრო მეტი გაიგებს და წაიკითხავს, ვიდრე ქუჩაში შემთხვევითი გამვლელი, ან რუსთავი 2-ის ფანჯრიდან მომზირალი თანამშრომლები", ვუპასუხებ _ "ეს" აუცილებლად მოხვდება ინტერნეტშიც. ბლოგერებს დახმარება სწორედ იმიტომ ვთხოვე, რომ ეს ყველაფერი სოციალური მედიის საშუალებით გაეშუქებინათ.

ნებისმიერი აქციის ერთერთი მიზანი ის არის, რომ საზოგადოების ყურადღება მიიპყროს და ინტერესი გამოიწვიოს, რათა უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს (რაც პრინციპში უკვე მოხდა, "ჯერარშემდგარი" აქციითაც კი).

ასე რომ "ოდეს ყოფილა არს აქამომდე - ბლოგერთა და ფეისბუქ იუზერთა, ერთად გაემართოთ აქცია რეალურ სამყაროში", ჩემი მოკრძალებული აზრით, საფუძველს მოკლებული კრიტიკაა.

ამასთან ეს ერთგვარი გამოწვევაა, უპირველესად საკუთარი თავის და შემდეგ სხვა "ვირტუალური" ადამიანების მიმართ, რათა გავაღწიოთ მატრიციდან.

აღნიშნული თემა ვფიქრობ საინტერესოდ წარმოგვიდგინა ვასასიმ, ამიტომ მე თავს აღარ შეგაწყენთ:

"ადამიანის ბუნება, ზოგადად, ასეთია. სწამს, სჯერა და შეიგრძნობს იმას, რაც ხელშესახებია. :ურწმუნოთომასსმაილი: უნდა დამეთანხმოთ, რომ კლავიატურას ამოფარებულები გაცილებით კომფორტულად ვგრძნობთ თავს კრიტიკისას, უფრო გაბედულად ვებმებით კამათში, ვიდრე პირისპირ."


კრიტიკა #2 - ფორმულა_ რეიტინგი=შემოსავალს
ციტატა: "რუსთავი2 არის კომერციული ტელევიზია. მისი მიზანი არ არის საზოგადოების ინტელექტისა და ზნეობის ამაღლება. მისი მიზანი არის გააკეთოს რაც შეიძლება უფრო რეიტინგული გადაცემა, რომელიც შემოიტანს რაც შეიძლება მეტ ფულს..."

საპასუხო ციტატა: "მესმის რომ არის კომერციული ტელევიზია და არ არის ვალდებული იზრუნოს საზოგადოების მორალის ამაღლებაზე, მაგრამ იმის უფლებაც არ აქვს, რომ საზოგადოების დეგრადირება მოახდინოს, რადგან ტელევიზიას ვინმეს უნდა თუ არა, მაინც უზარმაზარი ძალა აქვს და დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია საზოგადოებაზე."


კრიტიკა #3 - "კუკლუქსკლანი"
ძალიან მწყდება გული რომ საქართველოში სიტყვა "აქცია" ასოცირდება "პარლამენტთან", "რუპორთან", "ყვირილთან", შეძახილთან "ჯოს, ჯოს, ჯოს" და ა.შ.

პოსტი რომ არ გამიგრძელდეს, თავად აქციაზე და მის შინაარსზე მოგვიანებით დავწერ. ახლა უბრალოდ გეტყვით რომ ეს იქნება (ვფიქრობ) საინტერესო ფორმით გამოხატული პროტესტი გადაცემა "პროფილის" და სხვა უხარისხო TV-შოუების მიმართ. არ იქნებიან ადამიანები ჩირაღდნებით, დიდი პლაკატებით, დროშებით და სხვა ატრიბუტებით.

მშვიდად, წყნარად, ალბათ არც თუ ისე ბევრი ადამიანი მივალთ რუსთავი2-ის შენობასთან, დავაფიქსირებთ პროტესტს, დავიშლებით და შემდეგ აუცილებლად გავაშუქებთ ამ ყველაფერს, სოციალური ქსელების საშუალებით.


აკრძალვა #1 - "ნუ!"
მიუხედავად იმისა, რომ "ბლოგერებს" მხოლოდ დახმარება ვთხოვე, ისიც ფორმულირებით "თუ იზიარებთ პროტესტს", მაგრამ ზოგიერთმა აღიქვა ისე, რომ მე "ბლოგერების სახელით" გამოვთქვამ აზრს.

მინდა აქვე დავაზუსტო და დაგამშვიდოთ, რომ ეს არის სრული აბსურდი და ვერავინ ვერ ილაპარაკებს ბლოგერების სახელით მანამდე, სანამ არ ავირჩევთ ქართული ბლოგსფეროს "მეფეს და დედოფალს".


დასასრულს ვიტყვი: თავიდან არ მქონდა გათვალისწინებული მაგრამ "კრიტიკა, რჩევები, აკრძალვები"-ის ტრიპლეტში აუცილებლად უნდა დავამატო მეოთხე _ "სიბრძნე":

"პროფილი" არ ქმნის საზოგადოებას, პირიქით, საზოგადოებაშია "პროფილის" მოთხოვნილება".

რთულია "სიბრძნეს" არ დაეთანხმო.

Saturday, March 19, 2011

გადავრთოთ?

გამარჯობათ ბლოგერებო.
ცოტა არაბუნებრივად გამომდის და ჩემთვის უჩვეულო პოზაა ეს "საჯარო მიმართვები", მაგრამ რეალურად მოგმართავთ არა იმიტომ, რომ გასულ ღამეს ჩემში "ლიდერმა" გაიღვიძა, უბრალოდ თქვენი დახმარება ძალიან მჭირდება.

დღეს შემთხვევით გადავაწყდი შალვა რამიშვილის ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტს, რომელიც მაია ასათიანის ბოლო აპოგეალურ გადაცემაზე იყო მიძღვნილი.




შალვას "რაღაცეები" ბოლო პერიოდი არ მევასება, მაგრამ ამ შემთხვევაში, მეც მზად ვარ შახიდის ქამარი გავიკეთო, ჩაწერას დავესწრო, აცრემლებულმა დავუკრა ტაში, ბოლოს მივიდე მაიკოსთან და მოვყვე ჩემი ისტორია - "რატომ გავიკეთე შახიდის ქამარი".

როდესაც ფეისბუქზე, ბლოგის გვერდზე აღშფოთება გამოვხატე მეგობრებისგან რამდენიმე შეკითხვა და რჩევა მივიღე:

"იცი რა სჭირს ამ საზოგადოებას? ბულიმია. რაც მოსწონს, იმას ჭამს და მერე მიდის და გულს ირევს, იმიტომ რომ მერე ამაზე წუხს, წუხს, რომ კიდევ ერთხელ გახდა სიგოიმის, ქაჯობის და უგემოვნობის ზეიმის თანაზიარი. მაგრამ მერე ისევ შივდება და ისევ უყურებს".

დაახლოებით იგივე პათოსის რაღაც მეც დამიწერია ადრე. პირადად მე ნამდვილად არ მინახავს და არც ვაპირებდი მაიას ხსენებული გადაცემის ნახვას, რომ არა შალვას პოსტი. დიახ, სწორედ იმიტომ ვუყურე ამ გადაცემას, რომ გამოვთქვა უკიდურესი აღშფოთება  და მომდევნო გადაცემის სანახავად მოვემზადო. არა, მე მინდა რომ გამოვთქვა ჩემი პროტესტი, რადგან იქნებ +1-მა საღად მოაზროვნე ადამიანმა გაიზიაროს, ისევე როგორც მე გავიზიარე შალვას კრიტიკა.

"გადართე შენ კიდევ რას იშლი ნერვებს. ან რას უყურებ საერთოდ?"

სამწუხარო ის არის, რომ "პროფილი"-ს მსგავსი უხარისხო ინფორმაცია მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ მას საქართველოს მოსახლეობის 99% უყურებს. დარჩენილი, "გაფეისბუქებული" 1% კი ინტერნეტში ვზივართ და ვაკრიტიკებთ. ნამდვილად გული მწყდება, როდესაც ეს 1%-იც კი ორ ნაწილად იყოფა და ერთერთი მათგანი მეორეს მოუწოდებს - "რას იშლი კაცო ერთი ნერვებს, გადართე, მოგცლია შენ კიდე, მეტი საქმე არ გაქვსო".

გადართავს 1%, მაგრამ არ გადართავს 99% _ შენი მეზობელი, ტიპი რომლის ბავშვი შენს ბავშვთან ისწავლის სკოლაში; ტიპი, რომელიც მიტინგზე გამოვა და მოითხოვს კონსტიტუციური მონარქიის აღსდგენას; ტიპი, რომელიც ყანწით ხელში ღვინოს დაგაძალებს სუფრაზე; ტიპი, რომლისთვისაც სამშობლოს სიყვარული იქნება ბუნებაში ლამაზად ნათქვამი სადღეგრძელო, იმ ადგილას სადაც თავისი ნასუფრალი ღორულად დატოვა.
და მერე შენ გამოხვალ და მეტყვი რომ ძალიან არ მოგწონს ასეთი ქვეყანა. იკითხავ "რა გვეშველება ნეტა ქართველებს". ასე რომ, დიდი ბოდიში მაგრამ ვერ გადავრთავ!

და მე მწამს რომ ადრე თუ გვიან (ალბათ უფრო გვიან), კომპიუტერი 1 ლარად ფარგლებში მაინც შეიცვლება თანაფარდობა და მსგავს გადაცემებზე (კონკრეტულ გადაცემას ვგულისხმობ) 99% აღშფოთდება და 1% კი ისევ სიამოვნებით მიუჯდება ტელეეკრანს.

"რა ნახე ისეთი ამ შოუში, რაც ადრე არ გინახავს სხვა შოუებში? ხალხი შეეჩვია უკვე ამ ნაგავს".

სიმართლე ვთქვათ და ადრე ნანახითაც არ ვიყავი აღფრთოვანებული და "მსუბუქ-იუმორით" შეზავებული პროტესტიც ხშირად გამომითქვამს. ისე უწყინარად.

რა ვნახე ამ გადაცემაში ისეთი რაც აქამდე არ ყოფილა?

- არ მინახავს, რომ გადაცემას ედოს შეზღუდვა 18+
- არ მინახავს, რომ გადაცემაში ისმოდეს ისეთი სიტყვები და ფრაზები როგორიცაა: "თავზე დამაფსა", "ხელი ავწიე", "ის ბავშვი მოვაცილეთ" (აბორტს გულისხმობს) და მრავალი სხვა...
- არ მინახავს, რომ "მამაშა" ამაყობდეს თავისი წარსულით, აწმყოთი...
- არ მინახავს, როგორ თხოვს "მამაშას" მასზე 25 წლით უმცროსი "ჟირიბეცი" ხელს. (პრინციპში, "მამაშას" როგორ თხოვენ ხელს საერთოდ არ მინახავს).
- არ მინახავს ქალი, რომელიც 12 წლის ასაკში გააუპატიურეს (და სიტყვა "მომტყნა" რატომ არ იხმარა, პატივცემულმა ქალბატონმა მიკვირს, დავიჯერო მაიას თხოვნით ხელმეორე დუბლი ჩაწერეს?) 32 წლის ასაკში შვილებს ეუბნებოდეს: "აი შვილებო, მე მამათქვენი დავაჩოქეო".
- არ მინახავს, (არ ვიცოდი უფრო სწორად) ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკაში უდიდესი წვლილი რომ მამაშებს მიუძღვოდათ.

სიმართლის დროში უარესები არ ხდებოდაო? _ მკითხეს. სიმართლის დროში "ონანისტები" ამბობდნენ და აღიარებდნენ რომ "ონანისტები" არიან, ხოლო აქ კიდევ "მამაშა" მარწმუნებს, რომ ანგელოზია, რომელსაც "დიდი გული აქვს, რომელშიც ბევრი პატარა უჯრაა" (საყვარელი<3).

მოკლედ, ასეთი "მდაბიო" აქამდე მართლაც არაფერი მინახავს. თითქოს ყოველგვარი შინაარსის გარეშეც კი, აურა მოდიოდა გადაცემიდან საშინლად ნეგატიური და მთრგუნავდა.

"მაინც ვერაფერს შეცვლი და რას იშლი ნერვებს. აკრიტიკებ თუ არა ერთბაშად არ შეცვალო რამე".

ერთბაშად არა, მაგრამ ნაწილ-ნაწილ და მხოლოდ ერთი და ორი არა _ მასიური კრიტიკის შედეგად, მჯერა, რომ რაიმე აუცილებლად შეიცვლება. პრინციპში, რითიც დავიწყე იმით ვასრულებ 1%  - 99%-ის წინააღმდეგ. მაგრამ, მე მჯერა, რომ არაფერი ქრება უკვალოდ.

ყველაზე მეტად იცით რამ გამოიწვია ჩემი პროტესტი, მთელს ამ ისტორიაში? არა იმან, რომ მაიას შოუ საქართველოს მოსახლეობის 99%-ს მოსწონს. არამედ იმან რომ იმ 1%-მაც კი, არაფერი გააკეთა ამ უმსგავსობის გასაპროტესტებლად.

მაგრამ, მეც მიმაჩნია, რომ საუბრის დრო დამთავრდა. ვიყეფოთ და ვიყოთ ციფრულ სამყაროში გამოკეტილები - ქარავანიც და მაიას შოუ ხომ მაინც მიდის და გრძელდება?

დიდი სურვილი მაქვს, მივიდეთ რუსთავი2-ის ახალ შენობასთან, მოვაწყოთ ინსტალაცია (წყნარი, მშვიდი და საინტერესო) რომელიც გამოხატავს ჩვენს პროტესტს და დავანახოთ "მაიას" (რ2-ს ვგულისხმობ), რომ "ჩვენნაირებიც" არსებობენ.

გთხოვთ ბლოგერებს დახმარებას რადგან, ახლა, სწორედ თქვენ დგახართ ინფორმაციის ალტერნატიული საშუალებებით გავრცელების ავანგარდში. თუ იზიარებთ პროტესტს, ერთად გამოვთქვათ ის. შემოგვიერთდით.

ეპილოგის ნაცვლად:
აღნიშნულ გადაცემის ყურება როდესაც დავასრულე, არ ვიცი როგორ და რატომ, მაგრამ ერთი ფრაზა ამეკვიატა ნამდვილი ისტორიიდან. ცოლს, არ უნდოდა, დილით, ქმრისთვის "მიეცა" და:

- გაიღვიძეთ ბავშვებო, დედას გიტყნავენო!

Friday, March 18, 2011

განძის მაძიებელნი - The Bloggers

ეიფორიულმა დღემ ჩაიარა. დღეს თბილისი ყველაზე შეშლილი და ენერგიული ქალაქი იყო. საღამოს დაღლილი ჩამოვჯექი ერთ-ერთი სკვერის, მნიშვნელობა რომარააქვს რომელ, მაგრამ მაინც ვიტყვი რომ ფიჭვისა და ჭადრის ხეებს შორის ჩადგმულ სკამზე.

მივხვდი, რომ ჩემთან ერთად, კოდებისა და მინიშნებების ძიებაში დაღლილი, მთელი ქალაქი ისვენებდა.

მოგეხსენებათ, არ დავიზარე და ბლოგერებს შევთავაზე ერთად მიგვეღო ამ სიგიჟეში მონაწილეობა. დარწმუნებული ვარ დღეს უფრო მეტი კაიფი განვიცადე ამ ყველაფერზე თვალის დევნებით, ვიდრე იმ ტიპებმა რომლებიც ჩაფიქრებული სახეებით ცდილობდნენ გაერკვიათ რომელი ასო იყო, შპაკატში გაჭიმული კაცუნა.

პოსტმა იმხელა ინტერესი გამოიწვია და თემა იმდენად აქტუალური იყო, როგორც რეალურ, ასევე ვირტუალურ სამყაროში, რომ ბლოგზე განთავსებულმა ვიდეო პოსტმა, ყველა რეკორდი მოხსნა.


კიდევ ერთხელ შევეცდები, სიტყვები კარგად შევახვიო, ცეცხლი მოვუკიდო, გემრიელი ჰაერი ღრმად ჩავისუნთქო და სხვა ბლოგერების გასაგონად, ხშირი კვამლი დავაყენო. ხოლო, ვინც არ დაბოლდება უბრალოდ ვთხოვ: აქვე პუფებში, კარგად მოკალათდით და მწვანე ჩაი მიირთვით _ "ჩვენთან მოიტანა" :)

ახლა კი გაგაცნობთ მიმდინარე მდგომარეობას:

როგორც ჩაფიქრებული იყო ამოქმედდა "უსაქმურ ბლოგერთა" შტაბბინა. გენერალიტეტის წევრები არიან:


- ზურ.ჯი
- ლინგვისტუსი
- კატიე
- დვორსკი
- ლიტერატორი


განაცხადის შევსება არ დაეზარათ და გასართობად სრული საბრძოლო მზადყოფნა გამოთქვეს:

- http://www.tatusi.blogspot.com
- http://mecmikvarkhar.wordpress.com/
- http://konspace.wordpress.com/
- http://bushka-bushka.blogspot.com/
- http://mokhetiale.wordpress.com/
- http://konspace.wordpress.com/
- http://mymoone.wordpress.com/
- http://faifurisangelozi.wordpress.com/

ვინაიდან დაგვჭირდება კოორდინირებული მოქმედება, ინფორმაციის გაცვლა, ერთმანეთისთვის გულებიანი ფოტოების ვოლზე დადება და სხვა, გავხსენი ჯგუფი, სადაც ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება შემოიხეტიალოს, შემოიხედოს და შემოაბიჯოს კიდეც.

ჯგუფში უბრალოდ შევთანხმდებით, სად ვიკრიბებით, რას ვაკეთებთ, საღამოს ლუდი დავლიოთ თუ "ნაბეღლავი ჯობია" და სხვა.

ვინაიდან ჯგუფი ღიაა, ნებისმიერი "არც თუ ისე" საჯარო ინფორმაცია, მიგნება, აღმოჩენა, დაკვირვება და სხვა, გთხოვთ არ გამოაქვეყნოთ ჯგუფში და მომწეროთ მეილზე: blogger@lasharela.com

ეს არის უბრლაოდ გართობა, არავინ არავის წინაშე ვალდებული არაფრით არ არის. უბრალოდ +1 (ან მეტი _ გააჩნია რომელ ტურამდე მივალთ) მიზეზია, შევიკრიბოთ, ერთმანეთი გავიცნოთ, თვალებში ჩავხედოთ და ვუთხრათ: გამარჯობა, მე http://.... ვარ :)

ასე, რომ თუ მსურველები იქნებით (ბლოგიანი, უბლოგო და საბლოგე) ნებისმიერ მსურველს შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ.


პატაკს გაბარებდათ,
კაპრალი ლაშარელა

P.S. სინამდვილეში ვიცი, რომ ყველანი ძალიან საქმიანები და დაკავებულები ვართ, წინ კი "ვიქენდი" და მთვარე მოგვიახლოვდა. მეორეს შიშით, პირველის არგამოყენება ალბათ ისეთივე სისულელე იქნება, როგორც 2012 წლამდე ქალიშვილად/ვაჟიშვილად დარჩენა.

ანუ ვფიქრობ, შევიკრიბებით და ....

SMS

ჯიბეში არ მაქვს არც ერთი თეთრი
მეზობლის ცოლი ჩხუბობდა ქმართან
რაღაც სულელურ SMS გწერდი
გარეთ კი წვიმა ცეკვავდა ქართან

თავში არ მომდის არცერთი აზრი,
საწოლთან ლუდის ბოთლები მეწყო
არ ვიცი ლექსის არც ერთი ხაზი
რით დავამთავრო, ან რით დამეწყო

უკვე დაღლილი ამთქნარებს მთვარე
არყით ნასვამი, იძინებს ტუჩიც
ლუდი საბანზე გადავიღვარე
საბანი გახდა ტილოც და ფუნჯიც

ჯიბეში არ მაქვს არც ერთი თეთრი
არც საბანია ძვირფასი ფარჩა
რაღაც სულელურ SMS გწერდი
არ გაიგზავნა და ჩემთან დარჩა

განძის მაძიებელნი - Inception

…გავიდნენ კიდევ დღენი და თვენი დადგა მაძღარი შემოდგომა... შემოდგომის რა გითხრათ და ნანატრი პარასკევი ნამდვილად დადგა.

ალბათ იცით, რომ მე ვირწმუნე ქართული ბლოგსფეროს ძლევამოსილების, არა მხოლოდ ციფრულ, არამედ რეალურ სამყაროშიც და მათ შევთავაზე იდეა: ერთად გვეპოვნა დამარხული განძი _ 10 000 აშშ დოლარი :)

რაღა დაგიმალოთ და ბლოგოსფეროს დიდად არ გამოუთქვამს ინიციატივა, რაზეც თავიდან შევშფოთდი, თუმცა მოგვიანებით ყველაფერი „გასაშიფრი კოდივით“ ნათელი გახდა.

დილით ადრე გავიღვიძე, გავიზმორე, ყავა დავლიე (ყოველთვის მინდოდა დამეწერა პოსტი „ჩემი ჩვეულებრივი დღე“, თორე ისე ყავის დალევა ვერ მოვასწარი) და თბს ბანკს მივაშურე.

თან მქონდა Flip კამერა, რომელიც კატიემ მათხოვა (რისთვისაც მას ვეაჯები) და კარგი განწყობა.
ბლოგერებზე, რომლებიც შემოუერთდნენ იდეას, მომდევნო პოსტში მოგიყვებით და იმედი მაქვს, ბევრ მათგანს მალე გავიცნობ, ახლა კი მხოლოდ იმას ვიტყვი რომ „სექტის“ წევრებიდან მხოლოდ გიგა, იგივე პაჭო, იგივე დვორსკი და ბოლოს და ბოლოს რომ მიხვდეთ, იგივე dgiuri.com დამხვდა.
რა მოხდა შემდეგ, ამას ვიდეო პოსტიდან შეიტყობთ.


[youtube http://www.youtube.com/watch?v=NgwXE01voD8]


ეს კი ჩვენი მოპოვებული საიდუმლო მასალები :





სახლში მიმავალს ორი მინიშნება შემხვდა, ოღონდ სულ შემთხვევით. ბოლოს მეტროს ვაგონებში მოხეტიალე ხალხი შევნიშნე, რომლებიც ათვალიერებდნენ სარეკლამო აბრებს, დასაჯდომებს, იატაკს და რატომღაც ჩემს კურტკასაც კი _ თურმე სადღაც "ნებისმიერ ვაგონშიო" ეწერა.

ასე არის თუ ისე, კარგია ეს თუ ცუდი, ქალაქი სრულმა ისტერიამ მოიცვა. მეტროდან ამოსულმა ტაქსი გავაჩერე:

- ათი ათასი დოლარიო ხო? ამიხსენი ერთი რა ხდება ბაბუ თუ კაციხარო - ისე გულიანად მთხოვა მძღოლმა, ბოლომდე დავიხარჯე და დეტალურად ავუხსენი რაშიც იყო საქმე.

- ვინ მოგაგებინებს ბაბუ მაგხელა ფულს. იქ ვინმე ახლობელს ეტყვიან, გაიგე შენა... და ის იპოვის და მერე ვითომ - ჰაიტ, ვიღაცამ იპოვაა.

ტაქსიდან გადმოსულმა, ტროტუარს გავუყევი. უნებლიედ ქვემოთ ვიყურებოდი იმ იმედით, რომ იქნებ ჩამარხული ცისფერი პარკისთვის მომეკრა თვალი.



P.S. თქვენ კი ბლოგერებო, ნუ იქნებით მუდოები და ზარმაცები. შეავსეთ განაცხადი და გავერთოთ ერთად მომდევნო დავალებების შესრულებისას :)

P.S. P.S. ბლოგრებზე, რომლებიც შემოუერთდნენ იდეას დავწერ მომდევნო პოსტში.