Thursday, March 17, 2011

10 000$ ანუ მიმართვა ქართულ ბლოგოსფეროს

ალბათ ყველამ გაიგეთ, რომ ბატონმა ედმონდ აბაშიძემ ბებიამისის დანატოვარი განძი _ 10 000$ დამარხა.

იდეა:
გთავაზობთ ბლოგერებს, ერთად მივაგნოთ ფულს. 10 000$-არად, ჩემი კომპანია აიღებს პასუხიგმებლობას შემდეგზე:

- ვიყიდით ძააალიან მაგარ სერვერს, რომელსაც განვათავსებთ კავკაზუსში და ყველას ვინც ჩართული იქნება თანხის ძიებაში, ექნება უფასო ჰოსტინგი. (ყოველ შემთხვევაში ეს თანხა საკმარისია რომ მინიმუმ 3 წელი გადავიხადოთ ჰოსტინგის საფასური, რადგან წელიწადში 960 ლარი ჯდება, ხოლო ადმინისტრირებას გაუწევს ჩემი კომპანია, უფასოდ. სერვერი გამოყენებული იქნება, მხოლოდ ქართული ბლოგინგისთვის და მის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტებისთვის).

- ყველას ვინც მონაწილეობას მიიღებს და იაქტიურებს დავურეგისტრიროთ დომენი და გადავუხადოთ 1 წლის დომენის საფასური (თუ რა თქმა უნდა არააქვს დომეინი).

- მოვაწყოთ ერთი კარგი და დიიიდიიი ტუსოვკა, ბევრი დასალევით, მუსიკით და გართობით.



იდეა ძალიან ნედლია (ამ წამს მოვიხსი და იქვე მოვკრიფე) ამიტომაც განვიხილოთ სხვადასხვა ნიუანსები, რა და როგორ გავაკეთოთ ბლოგის გვერდზე.


გეტყვით როგორ წარმომიდგენია ეს ყველაფერი:

- შეიკრიბება, გარკვეული რაოდენობა ბლოგერების, რომლებიც ჩართულნი იქნებიან აქტიურად პროცესში.
- გამოიყოფა, საორგანიზაციო კომიტეტივით (საშინელი სიტყვაა), ანუ რამდენიმე კაცი, რომელიც გარკვეულ საკითხებს გაუწევს ორგანიზებას.
- შეიქმნება დახურული ჯგუფი (ბლოგერების "ვირტუალური შტაბბინა"), სადაც მე პირადად პირველი დავდებ, ჩემს მიგენებებს რეკლამაში, იქვე ვიმსჯელებთ და კონკურსის სხვადასხვა მონაწილეებს გავუნაწილებთ დავალებებს.


ვირტუალურ შტაბბინაში, ანუ ჯგუფში ვფიქრობ უმჯობესია რომ რამდენიმე ვეტერანი ბლოგერი იყოს, ისინი ვისაც ბლოგსფერო გამოუცხადებს ნდობას. მე გთავაზობთ შემდეგ კანდიდატურებს:

- doin.ge
- zur.ge
- ლინგვისტუსი
- დოდკა
- კაწიე
- ყვავა
- დვორსკი
- ლიტერატორი

[საორგანიზაციო საკითხებში გამოცდილი ვინ გვყავს კიდე?]

დანარჩენმა მონაწილეებმა და მსურველებმა, უნდა შეავსოს განაცხადი, რომელში დაფიქსირებული ინფორმაციით, "შტაბბინა" გაანაწილებს დავალებებს, რომ ეფექტურად და ოპერატიულად მოხდეს მათი შესრულება.

ვფიქრობ ძალიან საინტერესო პროცესი იქნება. (რაღა თქმა უნდა შემდეგ, გამოვაქვეყნებთ მასალებს, ვინ რა დავალება შეასრულა, რა და როგორ ხდებოდა და ეს ცალკე ბლოგზე განვათავსოთ :) )



დასასრულს:
ვიცი, რომ ბევრს თუ არ გაუჩნდება, ცრუორსულობა მაინც ექნება იდეით, რაში მჭირდება ეს ყველაფერი, ხომ არ ვაპირებ "თანხის მოტეხვას" და ა.შ. :)

ქართული ბლოგსფეროს პირში ჩავარდნას, ჯოჯოხეთის ცეცხლი მირჩევნია და სახელის გატეხვას, თავის და ნეკნების,  ამიტომ თანხას ოფიციალურად გავხარჯავთ და განვკარგავთ "საორგანიზაციო კომიტეტის" წევრები (ზემოთჩამოთვლილი მიზნებისთვის) და პირადად მე საჯაროდ გამოვაქვეყნებ ინვოისებს, ზედნადებებს, ანგარიშ ფაქტურებს და ა.შ. რათა ნებისმიერ მსურველს საშუალება ჰქონდეს გადაამოწმოს, რა, სად და როდის დაიხარჯა.

ამასთან ჩემი კომპანია ისედაც აპირებს ქართული სოციალური მედიის ბაზარზე აქტიურობას და ნამდვილად არ აწყენს ბლოგერებთან მჭიდრო ურთიერთობა და კონტაქტის დამყარება.

ასე რომ,  ვფიქრობ წაგებული არავინ არ იქნება, თავად ედმონდ აბაშიძეც კი :)


მაშ ასე ქართულო ბლოგსფერო, დადგა ჭეშმარიტების მომენტი. დროა გავარკვოთ ორი, ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტი:

- არის თუ არა ხიშტი მინუს ორასი და
- არის თუ არა ძალა ერთობაში


P.S. თუ იდეა დაგაინტერესებთ, გამოდის რომ ხვალ თბს ბანკთან ვკრიბებით 10 საათზე :) ასე რომ მოხსენით "ზარები", გაიღიმეთ და წინ :)

Sunday, March 13, 2011

ძველბიჭური Facebook-ი

გახსოვთ, ისტორიები ქურდებზე, ზონებზე და ძველბიჭებზე. ჩამჭრელი შეკითხვები? ვისაც ახსოვს გავიარეთ და ვისაც არა, რამდენიმეს მოვუყვან მაგალითად, "დუხი" რო დაიჭიროს.


- დავუშვათ შეხვედი კამერაში და გაწვდიან ცოცხს _ დაუკარიო. რა უნდა უპასუხო?
- ამიწყვე და დავუკრავო.

- შედიხარ კამერაში და კედელზე მიხატულ ბურთზე გეუბნებიან დაარტყი და გოლი გაიტანეო. რა უნდა უთხრა?
- პასი მომე და გავიტანო.

- ქუჩაში აგდია, კაიბიჭობა და ტორტი. რომელს აიღებდი?
- იასნია ტორტს, კაი ბიჭობა ხო ისედაც გაქვს?!

- წარმოიდგინე რომ გძინავს. უკან კედელია, მარცხნივ ცეცხლი, წინ ხრამი და მარჯვნიდან ძაღლობა მორბის. რას იზამდი?
- იასნა რო პროსტო გაიღვიძებდი.


დღეს ფეისბუქის გვერდზე, ვიღაც ტიპმა ისეთი "შავი კომენტარი" დამიტოვა, მთელი გულით მომინდა "Like" ლინკის გვერდით "ჩავიცუცქოთ" ღილაკიც ყოფილიყო, მაგრამ ამაოდ _ ჩმორიკაა ეგ ცუკერგბერგი და ქუჩა არ უნახავსთქო ვიძახი და არ მიჯერებთ.


ბევრი რომ არ გავარგძელო, წარმოვიდგინე რა როგორი იქნებოდა ქურდებს (ხსოვნა იყოს) ცა-ფირუზისფერი ფეისბუქი რომ გაეშავებინათ.


"ქურდებთან ასვლის" ნაცვლად, ვოლზე დაუპოსტავდნენ რო "სპორი" მოეგვარებინა.

კომენტარებში დაიწყებოდა "გაიასნება" და მერე იტყოდნენ _ "ქურდის ლაიკი ტკბილიაო".

ქურდებს ექნებოდათ დახურული ჯგუფი, სადაც "ინვითეიშენი" ნიშნავს რომ ქურდად მოგნათლეს.

ყველა კაი ბიჭი შეავსებდა აპლიკაციას "რომელი კანონიერი ქურდი ხარ".

ყველა "მომპარავი" ლინკს ისე დააშეარებდა რომ არ მიაწერდა "მიმაააააქვს".

ქურდები "დაავაზვრატებდნენ" "არასპრავედლივად" დაშეარებულ ლინკებს.

ქურდებს არ ექნებოდათ არცერთი ახალი შეტყობინება _ წითელი "ბოზების" ფერია!

ქურდებს ვერავინ ვერაფეერს დაულაიკებდა _ ქურდზე ხელს (ცერა თითიანსაც კი) ვერავინ აწევს!

ქურდი არასდროს მიცემს, არცერთ ინვითეიშენზე "Maybe"-ს _ ეჭვი ბოზებს ეპარებათ!

ქურდი არასდროს, არავის დათაგავდა @ ნიშნით - სხვაზე წინ ძაღლს (собачка) ხო არ დააყენებს?


დაბოლოს, ფეისბუქზე ყველა ქურდი შემდეგნაირად მიესალმებოდა ერთმანეთს:

- ქურდებს სიცოცხლე!
- ბლოგერს სიკვდილი!


ჩერეზ მუჩუალფრენდი
ლაშარელა

Saturday, March 12, 2011

შენით

შენს მონატრებას ჩავიცვამ ფეხზე... წინდად
ნაუცფათევად შემოვიხურავ... ხალათს
შენს ტუჩებს თუ არ ვკოცნიდი მახსოვს... წყინდათ
შენ კი მიჭრიდი კიტრი-პამიდვრის... სალათს

თავზე მახურავს შენზე ოცნება... ქუდი
შიშველ ყელს მითბობს, შენი მკლავები...კაშნე
ახლა მინდა, რომ ერთად დავლიოთ ლუდი
და შენს ტუჩებზე ლუდის ქაფივით გავშრე

ახლა მინდა რომ შენ ჩემი გახდე...ფილტვი
ძალიან მინდა რომ შენი ვიყო...ბალთა
მთელი ცხოვრება შენი მკერდისკენ ვილტვი
მთელი ცხოვრება მიზიდავს შენი კალთა

თავზე მახურავს შენზე ოცნება... ქუდი
შიშველ ყელს მითბობს, შენი მკლავები...კაშნე
ახლა მინდა, რომ ერთად დავლიოთ ლუდი
და შენს ტუჩებზე ლუდის ქაფივით გავშრე

სიზმარი

საკნების აქცია პიკში იყო. ხალხის მღელვარებამ კულმინაციას მიაღწია. სამშობლოს სიყვარულით ანთებული და თმიდან კოჭებამდე გამსჭვალული ერი ფეხზე იდგა, უკლებლივ ყველა _ დიდიც და პატარაც. დედაქალაქის ქუჩები მღელვარებას მოეცვა. პარლამენტის წინ აღემართათ დიდი კარცერი საიდანაც მომიტინგეები მიმართავდნენ აბობოქრებულ და ემოციებამღვრეულ ერს. ქართველი ერის კარგახნის ავსებული ფიალა, ემოციებად და საკნებად გადმოღვრილიყო პარლამენტის წინ.

ქვეყანაში მრავლად იყვნენ ჩამოსული უცხოელი დამკვირვებლები. უშიშროებამ რამდენიმეჯერ სცადა მომიტინგეების დაჭერა, მაგრამ ვერაფერს გახდნენ _ მათი მზაკვრული გეგმა სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ ისინიც უკვე საკნებში იყვნენ გამომწყვდეულები. ციხე შიგნიდან ტყდებოდა!

ხელისუფლება ვეღარ უძლებდა ხალხის მღელვარებას. ხალხი მოვარდნილი ღვარცოფივით დასტყომოდა თავს "ძლიერთა ამა ქვეყნისა". ეს დასასრულის დასაწყისი იყო.

შემდეგ მოვლენები ელვის სისწრაფით განვითარდა. საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა დატოვა ქვეყნის ტერიტორია და თავის ერთერთ ფეშენებელურ ვილაზე _ ნიცაში გაემგზავრა (სადაც სხვათაშორის, ტენიანობა უფრო მეტი არის, ვიდრე ბათუმში). ეს პრაქტიკულად გამარჯვებას ნიშნავდა.

სიხარულმა, საფეხბურთო მოედანზე აგორებულ ტალღაზავით გადაურბინა ერს _ წითელი ხიდიდან ფსოუმდე. გამარჯვებული ხალხი ქუჩაში, სიგნალებჩართულ ავტომობილებს დააგელვებდა. ყველას უხაროდა. მოხუცებს, ახალგაზრდებს, აწ უკვე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, სამართალდამცავებს და კურიერის წამყვანებსაც კი. ეს იყო ნამდვილი, ქართული ბედნიერება.

მოვლენები ელვის სისწრაფით განვითარდა: სახელდახელოდ შეკრებილმა პარლამენტმა ერთი მოსმენით სცნო საქართველო კონსტიტუციურ მონარქიად. გაუქმდა პრეზიდენტის პოსტი. ქვეყნის მმართველად მეფე გამოაცხადეს, რომელიც კანონპროექტის პირველ ვარიანტში არჩევითი იყო. რამდენიმე დღეში გამართულ არჩევნებში, ხმების ასივე პროცენტით, რევოლუციური ფრონტის ერთპიროვნულმა ლიდერმა - ლევან გაჩეჩილაძემ გაიმარჯვა.

ინაუგურაცია გაიმართა დადიანების სასახლეში. მეფეს მხარს უმშვენებდა დედოფალი. იქვე იყვნენ შეკრებილნი, რევოლუციის გულები და სულის ჩამდმგელნი, რომლებიც მეფეს ნაზირვეზირებად გამოეცხადებინა.

კურთხევის ცერემონიის შემდეგ, მეფის ცხენზე ამხედრებული ამალა გაემართა ენგურისკენ, სადაც მშვიდობიანი აქციის სახით გამართეს სრულიად სახალხო ზეიმობა და სამეფო ნადიმი.

მეფემ მთავარ მრჩევლად გუბაზ სანიკიძე დაისვა. მეჭურჭლეთუხუცესად კობა დავითაშვილი გამოაცხადეს. სამეფო კარის მთავარსარდლად - ზვიადი იგი, ძიძიგური გამოცხადდა. ხალხს დაუბრუნდა დიდებაი იგი ძველი და სიამისმომგვრელი.

ოსეთისა და აფხაზეთის მისადგომეთან, მეფის ბაზიერთუხუცესებმა ასი რჩეული თეთრი მტრედი გაუშვეს ფრენად.

ტელეკომპანია კავკასია "გამარჯვებული ხალხის ტელევიზიად", გამოცხადდა და მეფის მიერ სიტყვათუხუცესად იქნა ხელდასმული.

და სუფევდა ქვეყანასა ჩვენსა მშვიდობაი იგი სანატრელი. ხალხს ემოსა "სამოსელი იგი პირველი". ლამაზად მოკაზმულ ჩოხებსა და ჩიხტიკოპებს ვერცხლის სატეურები ამშვენებდა. აღარავინ იჯდა მანქანასა მას ზედა და ყველანი ბედაურებზე ამხედრებულნი დაიარებოდნენ. ამ ფაქტმა უნებლიედ, მაგრამ მაინც გამოიწვია ის, რომ ქვეყანაი იგი მშვენიერ და საკვირველი გამოცხადდა კარბონეიტრალურად და აღიარებულ იქნა მსოფლიოთა ბუნების მცველთა მიერ.

და თითქოს ამას ელოდებოდაო, დაინახეს რა, თეთრ რაშებზე, ჩოხა-ახალუხებში გამოწყობილნი ყმაწვილნი, ქართველი მანდილოსნები მიეცნენ ნეტარყუჩობას მათ ზედა. და გამრავლდა ქუეყანა იგი და გაბედნიერდა.

ყველა სადღეგრძელო უხდებოდა ქართველ ხალხს. უბრალო სუფრაზე, უბრალო სასმისით ნათქვამიც კი საკმარისი იყო, რომ სიტყვანი საკვირველნი განცხადებულიყვნენ.

მეფე ამალითურთ სტუმრობდა ქვეყნებს მათ უცხოთა და სანატრელს და სთავაზობდა მათ გულსა და სულს თვისსა. ასე აშენდა ქვეყანაში უამრავი ციხე და სიმაგრე - ტრამპის ციხე, შუატრამპი და სხვანნი.

უცხოეთში სტუმრად მყოფნი ვეზირნი და ნაზირნი მეფესანი საუბრობდნენ ძუელქართულად. "დამახრული არს ენაი ქართული" - სიტყვანი ესსე ხშირად ისმოდა ეთერსა BBC-სა, NBC-სა და CNN-სა შინა.

***
მიუხედავად იმისა, რომ სრული იდილია სუფევდა, გაოფლილს და ნატანჯს გამომეღვიძა. ჩართულ ტელევიზორს გავხედე, სადაც ჩვენი პრეზიდენტი ერთერთ ამერიკულ ტელეკომპანიას ინტერვიუს აძლევდა.

შუბლზე შეციებული ოფლი მოვიწმინდე, გადავბრუნდი და ტკბილად რომ ჩამძინებოდა ჩემთვის ჩავილაპარაკე:

მიშა მაგარია!

Thursday, March 10, 2011

ერთი ფანჯრის პრინციპით

მე რომ ქართულ e-დიოტობებზე დამიწერია ალბათ, იმდენი მერაბ კაშიას სიმღერაც არ ექნება დაწერილი.

ამჯერადაც არ მოვყვები იმაზე წუწუნს, რომ სერვისების უმეტესობა, რომელსაც აპიარებენ და არეკლამებენ სახელისუფლებო წრეები, არის ფასადური და სიღმეში არის უხარისხო, უვარგისი და ფუჭი.

***
ბინიდან ძველი მეპატრონის ამოწერა დამჭირდა. იმისათვის, რომ წყალმა და დასუფთავებამ დავალიანება ახალი სულადობით გამომიგზავნოს, საჭიროა:

1. მივიდე საჯაროში და ავიღო ცნობა, რომ ვარ ბინის მეპატრონე ;
2. მივიდე სამოქალაქო რეესტრში. თუ იმავე დღეს მომინდება ცნობა, თითოში უნდა გადავიხადო 10 ლარი (წყლისთვის და დასუფთავებისთვის 2 სხვადასხვა ცნობაა საჭირო) თუ არადა 10 დღის შემდეგ ისევ უნდა ვეწვიო ;
3. შემდეგ მივიდე წყლის ოფისში ;
4. შემდეგ დასუფთავების ოფისში


რა თქმა უნდა, გადასახადი მიმცირდება და მოტივაცია მაქვს ასეც მოვიქცე, მაგრამ, ალბათ დამეთანხმებით, რომ თანამედროვე სინგაპურის კვალობაზე საშინელი პროცედურაა. ამასთან, მე ვიმცირებ გადასახადს და თავს შევიწუხებ, მაგრამ იქნებ მომემატა სულადობა _ ასეთ შემთხვევაში წყალი და დასუფთავება ხომ კარგავს თანხას?

რატომ, როცა მარტივად შეიძლება, ნებისმიერი სახის ცვლილება სამოქალაქო რეესტრში, ავტომატურად იგზავნებოდეს თვის ბოლოს, ზემოთაღნიშნულ (და არავმხოლოდ) კომპანიებში, რათა მათ მოახდინონ ინფორმაციის კორექცია და ცვლილებების შეტანა?

ეს კიდევ ნაწილია იმ დიდი ქაოსისა, რომელსაც ყველა ჩვენგანი ვაწყდებით, 21 საუკუნის საოცრებაში - ქართულ სინგაპურში. რამდენიც არ უნდა გადავღებოთ ცალკეული სერვისი, რამდენიც არ უნდა დავსვათ ახალ შენობაში სხვადასხვა სამსახურები, თუ საძირკველი მოძველებულია, ზედ ცათამბჯენი ვერ აშენდება.

***
რამდენიმე თვის წინ ერთერთ სამინისტროში მიმიწვიეს. მოგეხსენებათ "ერთი ფანჯრის პრინციპით" სურთ მუშაობა და ამისათვის უზარმაზარი შენობა შენდება. ასევე ესაჭიროებოდათ საიტი, სადაც ყველა სახელმწიფო სტრუქტურა იქნებოდა გაერთიანებული (აქაც "ერთი ფანჯრის პრინციპი" ოღონდ ამჯერად ბროუზერის).

თავიდან უამრავი შეკითხვა გამიჩნდა. მერე აღმოვაჩინე, რომ საკითხი სრულიად გაუაზრებელი ჰქონდათ. არ იცოდნენ, როგორ გაივლიდნენ მომხმარებლები იდენტიფიცირებას, როგორ გადაიხდიდნენ სერვისის საფასურს და ა.შ.

ბოლოს ავუხსენი, რომ ეს საიტი კი არა უზარმაზარი სისტემაა. კიდევ შევეცადე ამეხსნა რომ რაც არ უნდა მაგარი იყოს "საიტი", ჯერ პროცედურები უნდა იყოს დალაგებული. ბექში უნდა გავამარტივოთ ყველაფერი, შემდეგ "დავასტანდარტიზიროთ" ეს პროცედურები და აი მაშინ (თუ ძირიდან დავიწყებთ ცვლილებებს) შევქმნით ნამდვილად მოსახერხებელ და მაგარ სისტემას.

როდესაც შევატყვე, რომ "ახსნებით" ტყუილად ვირჯებოდი, ერთი ღამეც გავათენე (ფინანსური დაინტერესება არ მქონდა - პროექტზე თავიდანვე ვთქვი უარი) და პრეზენტაცია გავაკეთე, იმ იმედით, რომ ვინმე გონიერი მიხვდებოდა, რაზე მქონდა საუბარი, რა კონცეფციას ვთავაზობდი მათ. თუმცა ვიცოდი რომ, ეს პრეზენტაცია, რომელიმე უწყების "რისაიქლ ბინში" იპოვიდა საუკუნო განსასვენებლს.


***
გადავწყვიტე ეს დოკუმენტი საჯაროდ განვათავსო და თან ორიოდე სიტყვით აგიხსნათ რაზეა მასში საუბარი.

კონცეფციის თანახმად უნდა მოხდეს კერძო და სახელმწიფო ორგანოების გაერთიანება, რაც საშუალებას მოგვცემს საქართველოს მოქალაქეებზე ვიქონიოთ მაქსიმალურად სრულყოფილი ინფორმაციული ბაზა, რომელიც იქნება ერთ ადგილას, არ მოხდება ინფორმაციის დუბლირება და არასწორი ინფორმაციის შენახვა. მოცემულ ბაზას გამოიყენებდა როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორი (შესაბამისად, ყველგან არ დაგჭირდებოდათ ხელახლა შევსება მოსაწყენი ანკეტის: სახელი, გვარი, მამის სახელი...). პირადი ნომრი და თქვენი ხელმოწერა _ რომელიც გამოხატავს თანხმობას მოცემულ ინფორმაციაზე წვდომის მისაცემად, საკმარისი იქნებოდა, რომელიმე კერძო თუ სახელმწიფო უწყებაში თქვენს დასარეგისტრირებლად.

ამასთან, ერთიანი იდენტიფიკაცია. რატომ უნდა გვქონდეს ბრელოკზე 1000 გასაღები, როდესაც შესაძლებელია არსებობდეს 1, რომელიც გააღებს სახლსაც, დაქოქავს ავტომობილსაც და ა.შ.

ანუ მომხმარებელი ერთი იუზერით და პაროლით შევიდოდა დეკლარირების სისტემაშიც და რომელიმე ბანკის (ან ბანკების) ინტერნეტ ბანკშიც.

თემას ებმოდა სხვა საკითხებიც.

რა თქმა უნდა აქ ჩნდება უამრავი შეკითხვა. უამრავი რამე წინააღმდეგობაში მოდის კანონმდებლობასთან ერთი შეხედვით, მაგრამ ეს არის მხოლოდ კონცეფცია და პრეზენტაცია, დეტალები კი არის მუშა პროცესი, რომელსაც კეთილი ნება და პროფესიონალები ჭირდება ხელისუფლების მხრიდან.

მსგავსი სისტემის სხვა ქვეყნებში რეალიზების მაგალითები პირადად მე, არ მეგულება. ჩვენისთანა პატარა ქვეყანაში კი რთული, მაგრამ მაინც განხოციელებადი იდეაა, რაც ჯამში უამრავი პროცესის გამარტივებას გამოიწვევს და ბევრ ახალ შესაძლებლობას მოგვცემს.

იდეას ვდებ ღიად, ბლოგზე, რადგან იქნებ ვინმემ წაიკითხოს, დაინტერესდეს და გაიგოს რაზე არის საუბარი და სრულად თუ არა ნაწილობრივ მაინც გაუკეთოს რეალიზება.

P.S. არავითარი პატრიოტიზმი და საქართველოს სიყვარული _ უბრალოდ დაუსრულებელ რიგებში დგომა ძალიან არ მიყვარს!

Tuesday, March 8, 2011

Made in Georgia

წუხელ დიდი ხნის უნახავ მეგობარს შევხვდი, რომელიც რამდენიმე წელია პარიზში ცხოვრობს. როდესაც მრავალწლიანი ემიგრანტობის შემდეგ დაბრუნებულ ქართველს ვხვდები, ყოველთვის ვეკითხები, რა შეიცვალა უკეთესობისკენ ან უარესობისკენ. რა მოხვდა თვალში და სხვა.

კარგი გამოთქმა გვაქვს ქართველებს (ესეც კარგი გამოთქმაა) - თვალი შეეჩვიაო. თუ ამ კუთხით განვიხილავთ ადამიანის ორგანოებს, თვალი ნამდვილი "პუნტანკაა", სხვა ორგანოებს შორის. ის რასაც ყოველდღიურად ვუყურებთ, ვეჩვევით და ან საერთოდ ვეღარ აღვიქვამთ, ან ჩვენი აღქმა ადეკვატურობას (ვიტყოდი სიმძაფრეს) მოკლებულია.

სწორედ ამიტომაც არ ვუშვებ ხელიდან შესაძლებლობას, "საზღვარგარეთიდან" მრავალი წლის შემდეგ დაბრუნებულ "უცხო თვალს" ვკითხო: რას ხედავს და როგორ.

გაუფილტრავი თეთრი ლუდისა და ლიმონით შეზავებული კალმარების თანხლებით, რთულია ერთ საკითხზე შეჩერდე. ჩვენც უამრავ თემას მოვედეთ. მართლა უამრავ თემას შევეხეთ მაგრამ მათ ერთი საერთო ხაზი, უფრო სწორად კი შეკითხვა აერთიანებდა _ რატომ არის ქართული ყველაფერი უხარისხო?

ამ შეკითხვის გაჟღერებისას, თანამედროვე ტექნოლოგიური ხაზი და მანქანა-დანადგარები ყველაზე ბოლოს უნდა მოვისაზროთ. ეს მხოლოდ მცირე ნაწილია "დიდი ქართული უხარისხობისა", რომლის მიზეზი ღრმად, უფრო სწორად კი ზემოთ უნდა ვეძებოთ.

და მაინც, რატომ ვერ იქმენბა საქართველოში ხარისხიანი პროდუქცია? რატომ არის ქვეყანაში ტოტალური უხარისხობა? რატომ გვყავს უხარისხო ხელისუფლება და კიდევ უფრო უხარისხო ოპოზიცია? რატომ გვიწევს ვუყუროთ "მაიას" და "ნანუკას" შოუებს, შემდეგ ვიწუწუნოთ რა "გოიმობა" და "ქაჯობა" იყო ეს ყველაფერი და შემდეგ ისევ ვუყუროთ, რომ ისევ გვქონდეს საწუწუნო? და ყოველივე ზემოთთქმულს თუ დავეთანხმებით, დავსვათ მთავარი შეკითხვა - რატომ ვართ, თავად ჩვენ ასეთი უხარისხოები?

***
ალბათ ყველას კარგად გახსოვთ ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოს მთავრობის მანიაკალურ-მალიარული მიდრეკილება ფასადების ღებვის მიმართ. "ბათუმს ქათქათამდე" პირველი სახელგადარქმეული და განახლებული "სიყვარულის ქალაქიც" არამგონია დაგვიწყებოდათ, დაბზარულ კედლებზე გადაკრული, გაპრიალებული ფასადებით, თავისი არაბუნებრიობით კინო-პავილიონს რომ მოგაგონებდათ. საბჭოთა კავშირის გარდამავალი წითელი დროშა თუ გახსოვთ, საბჭოთა რესპუბლიკები რომ ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს და შედეგად 500%-ით გადაჭარბებულ გეგმებს და უსაშენლესი ხარისხის პროდუქციას ვიღებდით?

ახალი დღესაც არაფერი ხდება _ ფასადიზაცია გრძელდება! საბჭოთა კავშირის დროს, შესრულებული სამუშაო თუ ქვეყნის ბელადისთვის თავის მოსაწონებლად სრულდებოდა 500%-იანი გადაჭარბებით, დღევანდელი ხელისუფლება იგივეს აკეთებს, ოღონდ ახალი ბელადის _ ხალხის მოსაწონად.

და მართლაც - ძალიან იოლია ხარისხიანი პროდუქციის შექმნა. ამისათვის საკმარისია კარგი სტენდი პრესკონფერენციისათვის და ჟურნალისტები. შემდეგ იტყვი რომ "ერთი ფანჯრის პრინციპით", იტყვი რომ "უნიკალური სისტემა..." და "სახლიდან გაუსვლელად..." რაც სინამდვილეში საიტზე სკაიპის მისამართის განთავსებას გულისხმობს მხოლოდ დამხოლოდ... და ასე ყველა სფეროში (მაგალითად ის სფერო მოვიყვანე რომელთანაც თავად მაქვს უშუალო შეხება).

შემდეგ იტყვი რომ "იწყებ სტარტაპ პროექტების დაფინანსებას...", რომ "უცხოელი ინვესტორები..." ფეიფალი რომ დააპირებს შემოსვლას საქართველოში ცოტა ხნით ადრე გამოხვალ და იტყვი რომ საქართველოს მთავრობამ "იმუშავა" მის შემოსაყვანად. მოკლედ პრინციპი მარტივია - არაფერს გააკეთებ ხარისხიანად, მაგრამ ამავდროულად ყველაფეს გააკეტებ იმისათვის, რომ ის ასეთნაირად გამოიყურებოდეს.

ხელისუფლება იმდენად დაოსტატდა თავისი "ნაღვაწის" შეფუთვა-გაპიარებაში, რომ ომის წაგებიდან რამდენიმე საათში, "ბრწყინვალე გამარჯვება" მზად ჰქონდა, პარლამენტის წინ შეკრებილი ხალხისთვის "გამოსატანად".

როდესაც "შეფუთვაზე" ორიენტირებული ხარ, ნაკლებად გაღელვებს პროდუქტის ხარისხი. გაღელვებს პროდუქტის შეფუთვა და სანამ მომხარებელი ბრჭყვიალა ქაღალდების ქვეშ, აღმოჩენილი ნაგავით არის შოკირებული, შენ ახალი, ჯერ კიდევ გაუხსნელი ყუთუ გაქვს ამ დროისთვის მომზადებული და იმას აწვდი ხელში. აი ამას გვიშვება წარმატებით ხელისუფლება, უკვე რამდენიმე წელიწადი. შესაბამისად ჩვენს ირგვლივ უამრავი გახსნილი ყუთი, პრიალა ქაღალდები და ნაგავია. ხელში კი ღირებული არაფერი გვიჭირავს და ვაგრძელებთ ცხოვრებას ილუზიით რომ ერთხელაც, ერთერთ ყუთში ნაგავი კი არა, რაიმე მართლა ხარისხიანი დაგვხვდება.

რატომ ვართ, თავად ჩვენ ასეთი უხარისხოები? - იმიტომ რომ ხელისუფლება, ჩვენივე არჩეული თუ არა ვაღიაროთ რომ მინიმუმ ჩვენი მოყვანილი არის ("...ამისთვის ვიდექი იმ წვიმაში?"), ანუ ის ჩვენ მოგვწონდა. მოგვწონდა რადგან მას შეფუთვა იმთავითვე შეეძლო. ანუ თავად ჩვენ მოგვწონს ხარისხიანი შეფუთვა და არა ხარისხიანად შესრულებული საქმეს. ჩვენთვის არის მთავარი შვილს "დიპლომი ქონდეს" და არა "ცოდნა", გოგოს "მთელი საქალწულე აპკი" და არა შინაგანი უმანკოება, რომ არგუმენტით "რა ისყტვის ხალხი" არ დავშალოთ "იდეალური ოჯახები".

...ბოლოს და ბოლოს _ ჩვენ ვართ ხალხი, რომლის უძველესი დროიდან მოყოლებული "ფასადნიკური" ბუნება, კარგად ჩანს ჩვენსავე შექმნილ ანდაზაში _ "თვალი სვამს და თვალი ჭამსო", არა და ქართველებს სმა-ჭამა როგორ გვიყვარს, თქვენ ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ!


მოხეტიალე კუ
გაზეთი "სარვამარტო მილოცვანი"

Saturday, March 5, 2011

რატომ ვწერ სექსზე




ჩემს ბლოგს ისე ხარბად არავინ კითხულობს, როგორც ჩემი ყოფილი შეყვარებულები და დედაჩემი. ყოფილი შეყვარებულებისა რა გითხრათ და დედაჩემის პრეტენზიები ზუსტად ვიცი. ჩემი ბლოგის ინტერფეისი საშინლად აღიზიანებს: რა სურათებია ეს.. რატო აქვს იმ გოგოს ჩაყოფილი "ტრუსიკში" ხელი, ან რა სიტყვებს ხმარობ! გინდა, რომ გარყვნილი ეგონო ხალხს?! ამის მერე ვინღა დაიჯერებს, რომ ნორმალურ ოჯახში გაიზარდე.. ჰოდა, ასე დაუსრულებლად.

დედაჩემს, როგორც ჩანს, საკუთარი წარმოდგენა აქვს იმაზე, როგორი უნდა იყოს "გასათხოვარი გოგოს" ბლოგი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ყველაფერს კითხულობს, რასაც ვწერ. საკმარისია, ორი წუთით ავდგე კომპიუტერიდან, რომ ეგრევე ჯდება, ხსნის გუგლს, წერს საძიებო ველში "ანინას" და შედეგებიდან პირველივე ლინკზე გადადის.

იმ დღეს კიდევ სერიოზულად დამელაპარაკა: რამდენი სექსია შენს ბლოგზე, რა ამბავიაო. ნამდვილი მწერალი ამ თემის გვერდით ავლითაც მოახერხებს ხალხის ყურადღების მიპყრობასო. ერეკლე დეისაძესთან მეგობრობამ გაგაფუჭა შენო და ასე შემდეგ.

მე კიდევ ვუპასუხე, რომ სექსზე ისევე უნდა წერო, როგორც წერ მეგობრობაზე, სიყვარულზე, რელიგიაზე და სამშობლოზე, რადგან ის, რაც ტაბუდადებულია, შობს გარყვნილებას. სექსი კიდევ გარყვნილება კი არა, ისეთივე ბუნებრივი რამეა, როგორც უზმოზე წყლის დალევა ან ავტობუსში მობილურზე თამაში. მოკლედ, მასში ცუდი არაფერია.




_ ცოტა რამეა ამქვეყნად სექსის გარდა? წერე რა სხვა თემებზე, ნიჭიერი მაინც არ იყო_

ძირითადად დედაჩემიც და სხვებიც ამ არგუმენტით მიტევენ.

რომ დავფიქრდე_ კი, სექსის გარეშე სამყაროში მართლა ცოტა რამ რჩება.

აი, საბჭოთა კავშირში შექმნილი ფილმები მახსენდება ახლა, სადაც კოცნაც კი რაღაც "უხერხული" რაკურსით იყო გადაღებული. ეს ცარიელი, მანქანური ფილმები უგულებელყოფდნენ იმას, რაც ასეთი არსებითია, ძირითადი და ჩვეულებრივი.. ადამიანების სურვილს, ჰქონდეთ ერთმანეთთან სექსი..

არ მინდა, რომ ჩემი მოთხრობები და პოსტები ამ ფილმებს ჰგავდეს. არ მინდა, რომ შეგნებულად დავმალო ის, რისი დამალვაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს და არ მინდა, რომ წერის დროს შეზღუდული ვიყო საზოგადოებრივი მორალით, რომელიც ფარისევლობას_ ნორმას, ადამიანის ძირითად მოთხოვნილებას კი გარყვნილებას არქმევს.

თანაც, სიმართლე რომ ვთქვათ, აჟიოტაჟის ატეხაც ძალიან მიყვარს.


პ.ს. რა კარგი ყოფილა გესთ-პოსტის წერა. სავარაუდოდ, დედაჩემს ამ ჩანაწერის მიგნება ძალიან გაუჭირდება.

Afterparty

მოდი ერთად დავითხაროთ თვალები
წამოდი და ჩემთან გადმოსახლდი
ხომ იცი რომ აღარავართ მთვრალები
ხომ იცი რომ მეტს ვერაფერს გაგხდი

მოდი ჩემთან შემომხვიე ფეხები
დავემსგავსოთ დეციმეტრულ ანტენებს
ჩვენ ერთად ვართ - ქალაქელი გლეხები
ბომონდი კი ჩვენს გარეშე ათენებს

მოდი ერთად გავიყინოთ ეზოში
შენი ტანი თვალწინ... მუდამ მიდგება
მუცლის გემო, ძუძუების გემოში
გავცვალე და აღარ შემირიგდება

მოდი ერთად დავითხაროთ თვალები
დავემსაგვოსთ დეციმეტრულ ანტენებს
ჩემთან არის შენი მკრთალი ხალები
ბომონდი კი ჩვენს გარეშე ათენებს

The Shadow Of Your Smile

ეს მელოდია ძალიან მომწონს. მასზე შესრულებული რამდენიმე ვარიაციას დიდი ხანია საპატიო ადგილი აქვს დამკვიდრებული ჩემს ფლეილისტში, მაგრამ დრეს ნაპირ-ნაპირ და ლინკ-ლინკ სიარულში კიდევ ბევრი, ზოგიც ნაცნობი და უფრო ბევრი უცნობი შემსრულებელი აღმოვაჩინე.

მინდა ამოკრებილი სახით წარმოგიდგინოთ:



[youtube http://www.youtube.com/watch?v=IB4hxyO9oOg]


[youtube http://www.youtube.com/watch?v=fJNwT9i1zkE]


[youtube http://www.youtube.com/watch?v=t19LC7-Kz6k]


[youtube http://www.youtube.com/watch?v=zu_1zpF--Zg]


[youtube http://www.youtube.com/watch?v=5e9lOW34WCE]


[youtube http://www.youtube.com/watch?v=j0Wus_DHMGw]


[youtube http://www.youtube.com/watch?v=t9HxfF7faXk]


[youtube http://www.youtube.com/watch?v=i0KZiCLV3f4]


[youtube http://www.youtube.com/watch?v=PzmYX1E7omo]

[youtube http://www.youtube.com/watch?v=_Il4gNHiaa0]


[youtube http://www.youtube.com/watch?v=E4Yr9sF6ZwQ]


[youtube http://www.youtube.com/watch?v=qkDi1Rr491Y]


რა თქმა უნდა იუთუბზე კიდევ მრავლად არის მოცემული სიმღერის სხვადასხვა შესრულება, მაგრამ როგორც ბებიაჩემი იტყოდა "ზედმეტი არაფერი არ ვარგა".

Friday, March 4, 2011

ქვეყნის განვითარების 10 წლიანი გეგმა ანუ Happy Island

დიახ 10 წლიანი!

როდესაც ამ გეგმას პრეზიდენტისთვის შესათავაზებლად ვადგენდი, დიახ ვიცოდი, რა თქმა უნდა კარგად ვიცოდი, რომ ოფიციალური ვადა პრეზიდენტს 2013 წელს ეწურება, მაგრამ ეგ არაფერი _ რამეს მოვიფიქრებთ.

აღნიშნული გეგმის შედგენა ქვეყანაში ბოლო დრო განვითარებულმა მოვლენებმა მაიძულეს. გაძვირებული ფასები პროდუქტებზე, ბენზინზე, სამადლოდ მოსული თოვლი, აღარც ვიცი რამდენპროცენტიანი ინფლაცია და ქვეყნის გადამრჩენელი ამერკული სიმინდი. არა, სიმინდი რომ ამერიკის კონტინენტიდან შემოსული კულტურაა ამას არ ვგულისხმობ _ ახალი, ბრენდირებული, Made in USA ტურბო სიმინდი მაქვს მხედველობაში.

ეკონომიკური განსწავლულობით არა, მაგრამ ოცლარიანი შუქისა და ოცდაათლარიანი საკვები პროდუქტების ვაუჩერებით ვხვდები, რომ ჩვენი საქმე არ არის მთლად კარგად. მეორეს მხრივ, ვერც ბოჩელის წვიმაში შესრულებულმა არიებმა დაატეხეს ბათუმს ტურისტების ქარტეხილი და არც შვეიცარიის  მოსაწყენ და ევროსტანდარტების შესაბამის სასტუმროებში მიუყრია ხალხს თხილამურები და სვანეთის ახლადაშენებული აეროპორტის გავლით გამოუტენიათ კოშკები.

მეტიც _ ისიც კი გავიგე მესტიელებისგან, რომ ტურისტულ ზონებში (?) ძროხების უნებართვო თარეში აუკრძალიათ _ ტურიზმისთვის ხელის შემშლელი ფაქტორი არისო. გაძვირებული პროდუქტების დედა ვატირე თორე, რად უნდა თანამედროვე სვან კაცს მსხვილფეხა პირუტყვი, კოშკში მოწყობილი სასტუმრო, უამრავი უცხოელი და უკაბელო ინტერნეტი საკმარისი არ უნდა იყოს?

თითქოს და ყველაფერი გაკეთდა. არა და ფეისბუქზე "ჰეპი აილენდის" თამაშისას ყველაფერი გამოდიოდა - ჩადგამდი დეკორაციებს და ტურისტები ან გემებით იცლებოდა კუნძულზე, ან თვითმფრინავებით ჩამოდიოდნენ ახლად "ჩადგმულ" აეროპორტებში, თუ არადა უკიდურეს შემთხვევაში მფრინავი თეფშიდან ეშვებოდნენ პირდაპირ ბედნიერების სავანეში. მერე ისღა დაგრჩენია, ჩამოუარო სასტუმროებს, ატრაქციონებს, პლაჟებს და ხელის მარტივი დაწკაპუნებით აკრიფო ფული. აკრეფილი ფულით იყიდო კიდევ ერთი ახალი კუნძული და ა.შ. თან სახელიც რა კარგი აქვს - ბედნიერების კუნძული.

უუუჰ, უკაცრავად.... პრეზიდენტის არ იყოს ფიქრებში წავედი და ცოტა გავერთე. რეალობას დავუბრუნდეთ.

ფაქტია, რაღაც ისე არ არის როგორც უნდა იყოს. რაღაც არ გამოდის. ალბათ ერთერთი უძველთაგანესი სიბრძნე თუ არა ლოგიკური დასკვნა მაინც არის _ როცა რაღაც ისე არ მიდის როგორც გსურს, რაიმე უნდა შეცვალო!

სწორედ ამ განზრახვით მე შევადგინე ქვეყნის მდგრადი განვითარების, გადარჩენისა და აყვავების ათწლიანი სამოქმედო გეგმა. თანაც, ვიღაც ვიგინდარა ოპოზიციონერებისგან განსხვავებით, პოპულისტური და ზოგადი იდეები კი არა - კონკრეტული ნაბიჯები და მათი განხორციელების გზები ჩამოვაყალიბე და ეტაპებად გავწერე.

მსურს აღნიშნული გეგმის მოკლე შინაარსი შემოგთავაზოთ:

1. სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ჩამოვიტანოთ ამერიკული სიმინდი, ჩინური ბრინჯი, აფრიკული კაკაო, ბრაზილიური ყავის მარცვლები, ავსტრალიელი კენგურუები და ანტარქტიდელი პინგვინები _ ხო იცით, "რადნოი" მაინც ყველაფერი ჯობია.

2. მესტიაში ავაშენოთ 100 უფასო კოშკი.

3. ბათუმში, დავდგათ ზეზვას და მზიას მოძრავი ქანდაკებები, რომლებიც აჩვენებენ ალის და ნინოს როგორია ნამდვილი, ვნებიანი და ველური კოცნა ტუჩებში.

4. ღრუბლების დასაშლელი ჭურვები გავავსოთ კაპარაოლის ფერადი საღებავებით და ავაფეთქოთ ცაში _ ამგვარად მსოფლიოში ისედაც უნიკალური, იონიზირებული და იოდით გამდიდრებული თოვლი, გუდაურში და სვანეთში მოვა ფერადი სახით, რაც რა თქმა უნდა დამატებით მოიზიდავს ტურისტებს.

5. შევიგნოთ ბოლოს და ბოლოს რომ მდინარეებზე აშენებული შუშის ხიდები არის არაეფექტური! მდინარეები მთლიანად დავფაროთ შუშის კონსტრუქციებით და მათზე მოვაწყოთ გასასეირნებელი ბულვარი, სკვერები და ვერანდები.

6. სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ ავაშენოთ მილიარდოლარად შეფასებული პრეზიდენტის სასახლის ზუსტი ასლები, ბათუმში, სვანეთში, სიღნაღში და რატომაც არა სამტრედიაში (რესპუბლიკის ქუჩა 124-თან სადმე ახლოს _ იქ ჩემი სახლია). ეს დამატებით პრესტიჟს შეძენს აღნიშნულ ადგილებს. თანაც უნდა გვახსოვდეს რომ "ჩვენ ვართ მობილური ქვეყანა". ასეთ მოძრავ და ენერგიულ პრეზიდენტს კი ღამის გასათევი ნამდვილად არ უნდა ჰქონდეს საძებნი მთაში იქნება ეს თუ ბარად.

7. სინგაპურიდან ჩამოვიყვანოთ 10 000 სინგაპურელი მასწავლებელი (აი, ეს ნამდვილად ვერ მოვიფიქრე რაში გამოგვადგება, მაგრამ იყოს - ქვეყანა ხრამია).

8. სპეციალურად ბათუმისთვის, შევთავაზოთ მსოფლიო თანამეგობრობას ახალი წელი გადმოიტანონ ზაფხულში - სეზონზე!

9. მოვეშვათ ამ კარერასებს, ბოჩელებს და მაიმუნობას _ ჩამოვიყვანოთ ჩაკ ნორისი და ზაფხულში გამართულ საახალწლო კონცერტზე ვაჩხუბოთ ზურაბ ზვიადაურთან ( ისე, ნეტა ზვიადაური მოერევა თუ ჩაკ ნორისი?).

10. კოსმოსში რომ თანამგზავრი გავუშვით, "ჩაკრულო" რომ გააყოლეს დიდის ამბით, გადავამოწმოთ ერთი ვინმეს ხო არ მიუღია უკიდეგანო გალაქტიკაში. ეგება ისინიც მოხიბლოს ჩვენმა ფოლკლორმა და მთლად "პერპეტუმ მობილს" და "ანტიგრავიტანტს" თუ არა გადმოგვცემენ, იქნებ ღრმა შეშფოთება მაინც გამოთქვან, შექმნილი ვითარების გამო.


მოკლედ ასე. ვფიქრობ ეს გეგმა უპირობოდ გაამართლებს. ახლა კი უნდა დაგტოვოთ _ ნამდვილი იტალიური სიმღერები ჩამომივიდა და საბაჟოზე ვარ გასაქცევი _ ერთი ფანჯრის პრინციპით და სახლიდან გაუსვლელად უნდა განვაბაჟო.