Wednesday, November 17, 2010

№4

ძალითპროლოგი:

- თემქაზე ცხოვრობ?
- კი
- რომელ მიკროში?
- მეოთხეში
- და ისე, რომელი მიკროებია თემქაზე?
- მესამე, მეოთხე და მეთერთმეტე.


***
მგონი, ამერიკის ერთ-ერთ, მნიშვნელობა რომ არა აქვს ისეთ კოლეჯში, ტრადიცია ჰქონდათ - გამოსაშვებ წელს მოწაფეები (კოლეჯელები?) რაიმე ოინს, ოხუნჯობას იგონებდნენ. ეს ერთგვარი შეჯიბრი იყო, სხვადასხვა წლის ნაკადებს შორის (ოღონდ ყოველგვარი "ლაიკების" დაგროვების გარეშე).

ერთ წელსაც შემდეგი რამ მოხდა. კოლეჯის მოწაფეებმა კამპუსის ეზოში რამდენიმე გოჭი გაუშვეს. ბუცები და მაისურები არა, მაგრამ, ფეხბურთელების მსგავსად, გოჭუნიებს ზურგზე ნომრები ჰქონდათ მიწერილი.

მოკლდ, ჩემი მაღლიველი კურსელი გოგონასი არ იყოს, ფიზ.კულტურის "ლექციაზე" სარბენლად რომ ჩაგვიყვანეს და ისტერიული კივილი მორთო - "ვაიმე ძროხაო" (ვაკელი იყო) და სულ ქუსლიანი ბოტასებით აქანდა აუდიტორიაში, კოლეჯშიც დაახლოებით იგივე მომხდარა.

ნომრიანი გოჭები კი "იურული პარკის" პირველ, მეორე და მესამე სერიებნანახი კოლეჯელებისთვის ნამდვილი ტირანოზავრებივით დააბოტებდნენ თურმე კამპუსის ეზოში.

ზუსტად არ ვიცი რამდენი ადამიანის შეჭმა მოასწრეს გოჭებმა, მაგრამ ვიცი რომ 1, 2, 3, და 5 ნომერი გოჭები პირველსავე დღეს იქნენ ლიკვიდირებულნი.

რაც შეეხება გოჭს №4, მეტად ვერაგი და ცბიერი გამოდგა. ფეხზე დამდგარა კოლეჯის მთელი ადმინისტრაცია _ გაუკრავთ ფოტორობოტით შედგენილი გოჭის სურათები, გაუვრცელებიათ ვიდეო მიმართვები, შეშფოთება გამოუთქვამს ნატოს გენერალურ მდივანს, მოუწვევიათ დამხმარე ძალა მეზობელი კოლეჯებიდან და ჭორად, მაგრამ იმასაც ამბობდნენ, რომ პოლიციაც ჩაერთო საქმეშიო.

გოჭი ნომერი ოთხი, ორი კვირის განმავლობაში იძებნებოდა...


***
ზოგჯერ მეჩვენება, რომ საქართველო ერთი დიდი კამპუსია, რომლის 20% ოკუპირებულია (პროცენტებში თუ ვერ ერკვევით, ეს იგივეა, რაც ხუთ ნაჭრიანი პიციდან ერთი სხვამ აგახიოს), კოლეჯის დამამთავრებელი კურსის მოწაფეები _ ხელისუფლება, ხოლო ქართველი ხალხი (ერი!) _ კოლეჯის ადმინისტრაცია.

აჰ, გოჭები ვინ არიან? გოჭები შეცდომებია "ნებსითნი და უნებლიეთნი", რომელიც ხელისუფლებამ დაუშვა, გადანომრა და კამპუსის ეზოში გაუშვა.

გაუშვა თუ გაექცა, მარა ქართველ კაცს შენ გოჭს გამოაპარებ? ჰაერში მოხსნის, თონეში ისე შეაპიწკინებს, კანი რომ ტკაცუნებს და ახლადშეკმაზულ, კაი მწვანე ტყემალთან ერთად შეჭამს.

მეტაფორები იქეთ იყოს, მარა სანამ აქეთაა, ბარემ ვთქვათ - კოლეჯელი გოჭისგან განსხვავებით, სახელისუფლებო გოჭების რაოდენობა _ ოდნავ მეტი, გაშვების/გაქცევის პერიოდულობა _ გაცილებით ხშირი და კამპუსის ტერიტორია უფრო დიდი და არც ისე ხასხასა მწვანე ბალახით მოიალაღებულია.

მოკლედ, სათითაოდ რომ ყოფილიყო კიდე ჰო, მაგრამ ზოგჯერ რამდენიმე გოჭი ერთად გარბოდა კანცელარიის და პარლამენტის შენობიდან. სანამ მთლად ელექტრონული გახდება ეს ქვეყანა და პაპკები წერწერით "Дело №" მთლიანად აღმოიფხვრება, ნუმერაციის ამბავიც მთლად დალაგებული ვერ გვაქვს. ხოდა, მეოთხე გოჭის არ იყოს, ქართველმა ხალმაც აღმოაჩინა, რომ სათვალავს შიგადაშიგ სხვადასხვა ნომერი გოჭები აკლდებოდა.

გოჭი აკლიაო? - აღშფოთდა ერი:
- საქართველო თავის გოჭებს არ დაივიწყებს!
- საქართველოს განა სადაყავს გოჭი დასაკარგავი!
- ქართველი გოჭი, ყველაზე ჭყვიტინა გოჭი მთელს მსოფლიოშიო - გაჰყვიროდა აჟიტირებული ერი.

დაიწყო გულმოდგინე ძიება ქართველმა ერმა. ეძებდნენ ყველგან, კამპუსის ყველა კუთხე-კუნჭულში: ქალიშვილობის ინსტიტუტის ქვეშ, ქართლის დედაში, ქართულ სუფრაზე, სიყვარულში და ჩახუტებაში, მოძრავი დავით აღმაშენებლის ქანდაკების ცხენის ყვერებში, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაჭრილ სტუდენტებს შორის.

ეხლა დაკარგვაცაა და დაკარგვაც. შეიძლება დაკარგო სინდისი, ნამუსი, ღირსება, ქალწულობა, სამშობლო, მიწა, მეხსიერება და პოტენცია, მაგრამ გოჭი? უფრო სწორად გოჭები???

არა, ამას ქართველი ერი ვერ დაუშვებს _ ვერასოდეს! ხოდა ქართველი ხალხიც ჩაიციკლა გამოტოვებულნომრიანი გოჭების ძიებაზე, ძიებაზე, ძიებაზე, ძიებაზე...

ხელისუფლების ყოველ ნაბიჯზე, ცხელი თონე და მწვანე, ახლადშეკმაზული ტყემალი ახსენდებათ და პირზე ნერწყვმომდგარნი ახალი გოჭის გამოჩენას ელოდებიან. ყოველ ქმედებაში ვეძებთ გოჭს , რომელიც, ქართველი კაცის ღრმა და ღიპისეული რწმენის თანახმად, აუცილებლად უნდა არსებობდეს.

- გზები დააგეს
- და გოჭი? გზები ვჭამოთ ჩვენ?
- ხიდი ააშენეს
- და გოჭი? ხიდი ვჭამოთ ჩვენ?
- პოლიციის რეფორმა გატარდა
- და გოჭი?


მოკლედ, ვეძებთ გოჭებს ყველგან და ყველაფერში. ვეძებთ ერთსულოვნად. ვეძებთ ქვეცნობიერად. ვეძებთ პირზე ნერწყვმომდგარი და გოჭის პიწკინა ხორცს მონატრებულნი. ვინც ეძებს, ის პოულობსო. ვეძებთ და ვპოულობთ კიდეც _ მაგრამ, სამწუხაროდ, ყველას ვერა!

ძალითეპილოგი:

კამპუსის ადმინისტრაცია მოუხელთებელ გოჭს ორი კვირის გამავლობაში ეძებდა. ორი კვირის შემდეგ კოლეჯის მოსწავლეები გამოტყდნენ, რომ გოჭი #4 უბრალოდ არ არსებობდა.

Pour toi mon amour

მინდა შემოგთავაზოთ, ჩემი ერთი ძვეეელი თარგმანი. მართალია ორიგინალი ძალიან, ძალიან ლამაზია, ხოლო მე თარგმანები არ გამომდის მაგრამ რატომღაც მაშინ მაინც წამიცდა ხელი და ვთარგმნე.

Pour toi mon amour
[Jacques Prevert]

Je suis allé au marché aux oiseaux
Et j'ai acheté des oiseaux
Pour toi
Mon amour
Je suis allé au marché aux fleurs
Et j'ai acheté des fleurs
Pour toi
Mon amour
Je suis allé au marché à la ferraille
Et j'ai acheté des chaînes
De lourdes chaînes
Pour toi
Mon amour
Et je suis allé au marché aux esclaves
Et je t'ai cherchée
Mais je ne t'ai pas trouvée
Mon amour


***

შენთვის ჩემო... ჩემო სიყვარულო...
ვნახე მახეს ჩიტს უგებდა ბიჭი
შენთვის ჩემო... ჩემო სიყვარულო...
მე ვიყიდე ის პატარა ჩიტი.

მერე ვნახე მე მებაღე ძველი
ყვავილების რომ უნდოდა მოჭრა
მე გიყიდე ყვავილები ქოთნით
ყოველ დილით ყვავილი რომ მორწყა

მერე შენთვის, სიყვარულო ჩემო
მივაკითხე მაღაროში მჭედელს
რომ შენ რკინის მძიმე ბორკილებით
მიგაჯაჭვო ჩემი სახლის კედელს

და შემდეგ კი სადღაც ყიდნენ მონებს
მე გეძებდე, დიდხანს, დიდხანს... ჩემო...
გეძებე და ვერსად ვერ გიპოვე
ვერ ვიგემე მაგ ტუჩების გემო

Tuesday, November 16, 2010

მე თავს მოგანატრებ ძალით

მე თავს მოგანატრებ ძალით
და შენც მომენატრო მინდა
აიღე თეთრი ფურცელი
აიღე კალამი და
მომწერე რამე უაზრო
ან თუნდაც როგორ გწყინდა
მეც მოგწერ როგორ გნატრულობ
და შენთან როგორ მინდა

Monday, November 15, 2010

სხვაუსი

ალბათ შეგიმჩნევიათ, როდესაც რაიმე ძალიან მოგწონს, ცდილობ რომ ეს რაღაც სხვას თავზე მოახვიო.

მგონი ასე გამომდის ხშირად, ჩემს საყვარელ სერიალზეც - ექიმ ჰაუსზე.

ახლა რომ ვთქვა "უბრალოდ მარიას" და "ვერლური გულის" შემდეგ, ჰაუსი პირველი სერიალია რომელსაც ვუყურებთქო, ვიცი ამით მხოლოდ ქართველ დიასახლისებს დავაინტერესებს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. შესაბამისად მეტი ეფექტის მისაღწევად, შევეცდები სხვადასხვა ჯგუფის ადამიანები მოვიცვა.

მერწმუნეთ ხალხო, ექიმ ჰაუსს უნდა უყუროთ. ამას მე გეუბნებით, ადამიანი:

(ყველა ბროლის ბუს მფლობელს) - რომელმაც გადამწყვეტ რაუნდში ქულა ავიღე
(მარშუტკის მძღოლებს) - არდაიდარდოს ყველა ალბომი მაქვს "ბარდაჩოკში"
(ოპოზიციას) - გულს რომ გფხანთ, ზოგიერთი პოსტით
(პოზიციას) - რომელიც ოპოზიციაზე მხოლოდ იმიტო არ წერს, რომ საერთოდ არაფერს/ვერაფერს აკეთებენ
(ლიტერატორებს და ფილოლოგებს) - რომელიც გიჟდება, მორის მეტერლინკზე და კნუტ ჰამსუნზე
(ბლოგერებს) - რომელმაც ყველა თქვენი საკონკურსო პოსტი "დაალაიკა"
("კარტოშნიკებს") - "იგროკი" რომელიც არასოდეს გახიშტულა
(კაი ტიპებს) - კაცური კაცი, რომელსაც ყანწი არაა, რომ არ დამელიოს
(გასათხოვრებს) - ვარ ქერათმიანი, მაღალი და ცისფერთვალება
(გაუთხოვრებს) - (გამახსენდა _ ამათ უკვე ვუთხარი "ველურ გულზე" და "უბრალოდ მარიაზე")


მგონი ქართველობის 99%-ს ამ ფრაზებით მოვხიბლავ და 1% იყოს _ ცხოვრების აზრია.


მოდით, მცირეოდენი და გულახდილი PR კამპანი აქ დავასრულოთ. ვისაც არ გინახავთ - დრო არ დაკარგოთ და "დაქაჩეთ" ჰაუსის სერიები უკიდეგანო ინტერნეტიდან. ხოლო ვინც უყურებთ, მენიუს თვალი გადაავლეთ, რამე შეუკვეთეთ და ჩავუჯდეთ (მე, სამი ტეკილა და ერთიც რედბული ორმაგი არყით თუ შეიძლება).

რაღა დაგიმალოთ და მეშვიდე სეზონით უკმაყოფილო ვარ. რომ აგიხსნათ რა არ მომწონს მეშვიდე სეზონში, მოგიყვებით რა მომწონდა დანარჩენ ექვსში.

- უპირველეს ყოვლისა ძალიან საინტერესო და მოულოდნელი "ინტროები", რომლებიც ლამის მთელ სერიად ღირდა.
- ზედმეტად საინტერესო (თუმცა უმეტეს წილად გამოგონილიო) და უცნაური სამედიცინო შემთხვევები
- თემა, რომლის ირგვლივ აგებული იყო კონკრეტული სერიის სიუჟეტი (მეგობრობა, ერთგულება, ღალატი, სექსი და ა.შ.)
- ვიკოდინით გაშტერებული ჰაუსი და მისი ქცევის მანერა (16 წლამდე ბავშვებმა... თუმცა რაღა ბავშვებმა)
- არაჩვეულებრივი მუსიკები (როგრც ზოგიერთი გაფეტიშებული და ქართული ენის მოძულე იტყოდა - საუნდტრეკები)
- ჰაუსის და კადის კინკლაობა
- მოლოდინი რომ მერომელიღაც სეზონის, მერომელიღაც სერიაში, უილსონი გამოიგონებდა კიბოს წამალს, პრინსტონის კლინიკაში აღარ იქნებოდა არცერთი პაციენტი, ქართველები აღარასოდეს ისაუბრებდნენ ქალიშვილობის ინსტიტუტზე და რაღათქმაუნდა ჰაუსისა და კადის ქორწილი _ სიხარულის ცრემლებით და მომღიმარი სახეებით.

მაგრამ ეტყობა ვერ გაუძლეს მგრძნობიერე ამერიკელებმა 6 სეზონიან ტანჯვას და ლმობიერმა სცენარისტებმაც, მეექვსე სეზონის ბოლო სერიაში, ჰაუსის და კადის ორგაზმს შემციცინე მაყურებელს სანატრელი "Yeeesss" ამოაოხვრინეს.

კადის და ჰაუსის არ ვიცი მაგრამ მგონი სცენარისტთა ჯგუფმა მართლა "გაათავა" და ამოწურა საკუთარი თავი.

შედეგად მივიღეთ:

- ოდნავ უკეთესი სერიის დასაწყისები ვიდრე აქვს სერიალ "დეტექტივებს"
- მეცხრე საავადმყოფოს არქივებიდან სცენარში გადატანილი სამედიცინო შემთხვევები
- ერთადერთი თემა _ კადისა და ჰაუსის ურთიერთობები, რომელიც "კრავს" სერიას
- სრულიად გამოჯანმრთელებული ჰაუსი, რომელსაც ტკივილს 6 სეზონი განმავლობაში 3 კოლოფი ვიკოდინიც კი ვერ უყუჩებდა და ეხლა მხოლოდ კადის ძუძუები შველის.
- გარეუბნებში ჩამოკიდებული, მოძველებული საახალწლო მორთულობასავით გამოხუნებული და არაფრით დასამახსოვრებელი მუსიკალური გაფორმება
- ჰაუსისა და კადის ჰარმონია
- და "დაკმაყოფილებული" ამერიკელი მაყურებელი

განა შეიძლბა ასე? ეს იგივეა ტომი და ჯერი რომ შერიგდნენ, მგელი რომ არასოდეს გაეკიდოს კურღდელს, (დედა, როგორ მეფხანება ენა რომ რაიმე აქაც პოლიტიკური ჩავურთო, მაგრამ მომწყინდა - უინტერესო ხდება უკვე), რომ ვენსუელური სერიალი ქორწილით დაიწყოს და მომდევნო 276 სერია უბრალოდ თვალი ვადევნოთ მათ ბედნიერ და უდარდელ ცხოვრებას.

თან არ დაგიმალავთ და ცამეტის თითქმისშიშვლად ნახვის შემდეგ, ეს გოგო ისე დამაკლდა, როგორც დიეტის დროს ლუდი და ხინკალი.

დღეს იმედი გამიჩნდა. კადიმ ჰაუსი "პროფესიულ ღალატში" ამხილა და თვალებაცრემლებულმა დატოვა კლინიკა. იქნებ ყველაფერი ჩვეულ რითმს დაუბრუნდეს: კადი დაშორდეს ჰაუსს, ჰაუსი "შეჯდეს" ისევ ვიკოდინზე, ჩვენ კი ვიცხოვრონ ასე ტკბილად და ბედნიერად სერიიდან სერიამდე?

ნამდვილად არვიცი რა იქნება, რას გადაწყვეტენ სცენარისტები. ისე რეჟისორი ვინარის არც ეს ვიცი, მაგრამ რომ მანახა აუცილებლად ვუსაყვედურებდი - შე დალოცვილო, შვიდი სეზონი ჰაუსის და კადის სექსს ველოდი და ეს "ვითოვითომსექსი" რა იყო, ჰა?

თუმცა ჰო, ვიცი _ ქართველბი სხვებისგან განსხვავებით ასე იოლად ვერ "ვმკაყოფილდებით".

Thursday, November 11, 2010

გაგიშლი საწოლს

მე ვერ დაგიგებ ლურჯთვალა იებს
გაგიშლი სუფთა, უბრალო საწოლს
დაგაწვენ პირქვე და მზისგან დამწვარ
მხრებზე წაგისვამ მეზობლის მაწონს

მე ვერ მოვიყვან გაზაფხულს შენთვის
ვერ დაგპირდები წამოსვლას წვიმის
კოცნა ფეთქდება როგორც მთა დენთის
შენი ხერხემლის და შენი წვივის

არ შემიძლია რომ ვთქვა მთავარი
და რაღაც ლექსებს გიძღვნი სულელურს
მკერდი მუცელზე გარდამავალი
დაცქერის როგორც პანტერა ველურს

მე ვერ დაგიგებ ლურჯთვალა იებს
გაგიშლი სუფთა, უბრალო საწოლს
დაგაწვენ პირქვე და მზისგან დამწვარ
მხრებზე წაგისვამ მეზობლის მაწონს

უცნობი ველვეტის ქურთუკით

მაღვიძარას რამდენიმე წუთით დავასწარი. სამსახურში უნდა წავიდე. ცხრა საათია. ქუჩაში მწვანე ავტობუსები შევნიშნე - ახალი ავტობუსები ჩამოუყვანიათ, ვიფიქრე გულში.

ოფისის კარი ოდნავ შეღებული დამხვდა, დაცვის ოთახი _ ცარიელი. ოფისში ლამინირებულ დერეფნებში "კორპორატიული" ფეხსაცლის ხმა სასიამოვნო ექოდ მესმოდა. საათს დავხედე. მგონი წესრიგშია.

ქვემოთ ჩასულს ტაქსმა გამიჩერა - ოთხ ლარად თავისუფლებაზე გამომყვები? - მკითხა მძღოლმა.

- უკაცრავად
- ოთხი ლარი. თავისუფლება - შეამოკლა მძღოლმა.
- არა, მე მეტროთი ვაპირებ.
- კარგი ხუთს მოგცემ და გავედით.

კარი გამიღო. დაბნეული ჩავჯექი მანქანაში.

- აქ გაგიჩერებ თუ შეძლება - გამომაფხიზლა ფიქრებში წასული მძღოლმა და ხუთლარიანი გამომიწოდა. ფულს გაკვირვებულმა დავხედე. ენაგადაყლაპულმა გამოვართვი და მანქანიდან გადმოვედი.

კინოთეატრთან ერთადერთი პლაკატი იყო გაკრული - "მაგდანას ლურჯა. ეხლა უკვე 3D-ში" - ეწერა პლაკატს წითლად. გულდამძიმებულმა ღრმად ამოვისუნთქე. ვერც ვაზროვნებდი და სხეულს ინსტიქტურად მივენდე.

გულის წასვლისგან პარლამენტის წინ შეკრებილი ხალხის ჩოჩქოლმა მიხსნა. მიტინგს ნელი და ფრთხილი ნაბიჯით მივუახლოვდი.

სახელდახელოდ მოწყობილ ხის სცენის კიდეები წითელი ვარდებით მოერთოთ. კიდეებს ხის ძველი დინამიკები ამშვენებდა. სცენის შუაში მორიდებულად მდგარ შტატივზე, რამდენიმე საიზოლაციო ლენტით გადაბმული მიკროფონი იყო ჩამაგრებული.

მიკროფონს ყავისფერ ველვეტის "კურტკაში" გამოწყობილი მაღალი მამაკაცი მიუახლოვდა.

- მოგესალმებით, ბატონებო და ქალბატონებო. უპირველეს ყოვლისა გულითად მადლობას მოგახსენებთ, რომ გამონახეთ დრო და აქ მობრძანდით. დღეს მსურს გითხრათ სრული სიმართლე. მე გულით ვცდილობდი, გამეკეთებინა მაქსიმუმი ამ ქვეყნისთვის. უნდა ვაღიარო, რომ უპირველესი მიზეზი ამისა სამშობლოს სიყვარული არ ყოფილა. არა, ისე არ გამიგოთ, რომ მე ეს ქვეყანა არ მიყვარს. უბრალოდ, პირველ რიგში საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილებას ვცდილობდი.

თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოდესმე განგებ, მიზანმიმართულად ცუდი მინდოდა ჩვენი ქვეყნისთვის.

დადგა დრო, როდესაც მივხვდი, რომ მე ჩემი თავი ამოვწურე.
დადგა დრო, როდესაც სხვას უნდა გადავაბარო ქვეყნის საჭე
დადგა დრო, სათავეში მოვიდეს ახალი ცოცხი - მოულოდნელად გამომსვლელს უცნაურ ბგერად სიცილი წასკდა. მაგრამ მალევე დასერიოზულდა და სერიოზული სახით განაგრძო.

მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს მოთმინებისთვის
მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს, რომ ოდესღაც სწორედ ამ ადგილას იდგა ჩემთან ერთად წვიმაში
მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს, რომ მეკითხებოდით - "ასფალტი ვჭამოთ ჩვენო?"

მადლობა, რადგან სწორედ ამ შეკითხვამ მაიძულა, გამომეცა შოკოლადის ბრენდი "ტრასა", რომელიც ერთ-ერთი წარმატებულია მთელს მსოფლიოში.

მადლობა თითოეულ თქვენგანს და მსურს გითხრათ, რომ მე გადავდექი!

ადამიანი ყვისფერი ველვეტის "კურტკით" იმდენად გულახდილი იყო, რომ თვალი უნებლიედ ამიცრემლიანდა.
უცებ შევკრთი - მიტინგზე არასოდეს ვყოფილვარ, არა თუ მიტირია - ვიფიქრე გულში და უბრალოდ ქარისგან აცრემლებულივით, ისე სხვათაშორისავით მოვიწმინდე თვალები  - სახელდახელოდ მოწყობილ სცენაზე, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი იდგა.

პრეზიდენტმა სიტყვა დაამთავრა. ხელები უსიცოცხლოდ მოაშორა მიკროფონს და თითქოს ასიათასობით ნაფიც მსაჯულთა საბოლოო განაჩენს ელოდებაო, თავი ჩახარა.

ხალხი სუნთქვაშეკრული უყურებდა პრეზიდენტს.

არ-გა-და-დგე! - ჩურჩულით დამარცვლა, ვიღაცამ ხალხის სიღრმიდან.
არ-გა-და-დგე! - ჩურჩულითვე აყვა რამოდენიმე ხმა.
არ-გა-და-დგე!
არ-გა-და-დგე!
არ-გა-და-დგე!

- ბოლო ხმაზე სკანდირებდა ხალხი.

უნებლიედ ორივე ხელი შუბლზე წავიჭირე. ირგვლივ ყველაფერი დატრიალდა. მე გავრბოდი. შეშინებული, მთელი ძალით.

მიტინგს არც ისე დიდი მანძილით ვიყავი გარიდებული, მანქანა წამომეწია - რამდენად გამომყვები, მომაძახა შეუჩერებლად.
- უფასოდ, ჩავძახე მძღოლს შეშლილი სახით და მანქანაში ჩავხტი.

წინა სავარძელზე ნერვიულად ვირწეოდი წინ და უკან. შარვალი ორივე ხელით ინსტიქტურად ჩამებღუჯა და ჩავჭიდებოდი.

- რას ვუშვებით ეს ხალხი ამ საწყალ პრეზიდენტს!
- ... - თვალებდაქაჩულმა გადავხედე მძღოლს.
- იცი, მე არცერთი ინსტიტუტი არ მაქვს დამთავრებული - მითხრა ამაყად მძღოლმა, იმ იმედით რომ საუბარს გავუბამდი.
- ცუდია - ნაძალადევად ვუპასუხე უხერხულობის გამო.
- რატოა ცუდი? არც ტრესტის მართველად მიმუშავია არასოდეს. ასე ვარ ტაქსის მძღოლი რამდენი წელია უკვე, ვინ მოთვლის.

ამასობაში კიდევ ერთ მწვანე ავტობუსს ჩავუარეთ.

სახლში გულგახეთქილი ავვარდი. ოთახი ჩემია. ყველა ნივთი ადგილზეა. არც ლუდოვიკ მერომელიღაცე დამხვედრია სამზარეულოში. ამოვისუნთქე. მგონი გადავრჩი. არ გავგიჟებულვარ.


სული დივანზე მოვითქვი. ცოტა დავმშვიდდი. რაც ვნახე, არაფრის გახსენება არ მინდოდა. ხელში უნებლიედ ტელევიზორის პულტი ამითამაშდა. ჩავრთე.

"პროფილი" დაიწყო. მაიას დანახვაზე გული გამინათდა.

- გამარჯობათ, ძვირფასო ტელემაყურებლებო, შეგახსენებთ, რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა "სამოქალაქო აღზრდის" პრობლემატკაა. სტუდიის სტუმრებთან საუბრის შემდეგ კი ჩვენ ვიხილავთ ჩარლზ ლოუტონის ფილმს "მონადირის ღამე".

პულტი და ღიმილი ერთდროულად შემახმა სხეულზე. ნერვიულობისგან ძალგამოცლილმა ძლივს გადავრთე მომდევნო არხზე.

- ახლა კი, ჩვენი ჰიტ ათეულის გამარჯვებული სიმღერა, რომელიც უკვე მესამე თვეა მყარად ინარჩუნებს პირველ ადგილს - ლექსენი და თიკო ჩხეიძე, სიმღერით "სანთელი" - მახარა გაღიმებულმა გოგი გვახარიამ.

არ მახსოვს, პულტი როგორ მივაგდე. კომპიუტერს ვეცი. ვინდოუსის ჩატვირთვის პარალელურად მაჯვენა ფეხი ნერვულად მიხტუნავდა.

ჩაირთო. ფეისბუქში არცერთი მეგობარი არ მყავს. არცერთი შეტყობინება არ ჩანს. ჩემი "კედელიც" ქაღალდივით ცარიელია.

ავნერვიულდი.

ბლოგი გავხსენი. ბოლო პოსტი 1876 წლით თარიღდება. ბოროტი ხუმრობაა - ვიფიქრე ატირებულმა. თქვენ ყველა მე მაგიჟებთ. გინდათ, რომ გავგიჟდე - ვყვიროდი ხმამაღლა.

ბლოგის სტატისტიკის გვერდი გამახსენდა. ბოლო ვიზიტორები როდის იყვნენ, ვნახავ - ყველაფერს ვერ შეცვლიდით!

ვხედავ, ბლოგს ყოველ წამში თითო ვიზიტორი აკლდება.

იკლებს... ჩავილაპარაკე ჩემთვის.
არა იმატებს - მომესმა პასუხად ოთახის სიღრმიდან.
იკლებს - გავიმეორე ოდნავ ხმამაღლა  და იმ ადგილისკენ გავიხედე, საიდანაც ხმა ისმოდა.
იმატებს, იმატებს - გამიმეორა ხმამ და საოცრად გამათბო.
იკლებს, იკლებს, იკლებს...დამიჯერე იკლებს - ვიმეორებდი უნებლიედ და ვცდილობდი მივმხვდარიყავი მთელი ამ სიგიჟის შინაარს.

ბოდავს - თქვა აუღელვებლად ხმამ.

ნუ გეშინია დედიკო, ძმრით დაგზილავთ და სიცხე დაგიკლებს....ნუ გეშინია.

შუბლზე საოცრად გრილი და საამო ხელი ვიგრძენი. სიგრილე სითბოსავით გადმომეღვარა შუბლზე. ჩამეძინა.

ოფისი

დილაა. რაღა დილა, თერთმეტი გამხდარა.

- ათთეთრიანი ხომ არ გაქვს?
- ყავაზე თუ ადიხარ, მეც ჩამომიტანე რა

ერთი ესპრესო. ერთი ამერიკანო.

ჩართვის ღილაკს რომ ვაჭერ, ნოუთბუქის კორპუსი ყრუდ ტოკდება - თითქოს აღგზნებულ სხეულს მკერდზე შევეხე.

შავი ეკრანი...
წარწერები...
სისტემა იტვირთება....
აკრიფეთ პაროლი...
ქვიშის საათი...
რამდენიმე წამი ისევ ქვიშის საათი...

ყავის გემრიელი ყლუპი. ყველაზე გემრიელი, დილის პირველი მოსმა. აუთლუქი.

ორმოცდარამდენიღაც წაუკითხავი მეილი. ისევ ყლუპი. კითხვას ნელ-ნელა ვიწყებ - ვხურდები. ტემპი ნელ-ნელა მატულობს.

ახალი მეილი.
ისევ პრობლემაა? - მოკლე ყლუპი
ახალი შემოთავაზება - ჭიქა პირთან მიმაქვს და ვაბრუნებ.
ეს რა უსამართლობაა...
რეპორტი მოსამზადებელია. ჩავინიშნეთ - ჭიქაზე თითები სრულ მზადყოფნაშია
ჩემი დის გადმოგზავნილი სახალისო ფოტო - ღიმილი
დღეს შეხვედრაა ახალ პროექტთან დაკავშირებით - ფიქრებში წასული ყლუპი.

კითხვის ტემპი მატულობს. ოფისი ამოიქოქა. ორთქმავალივით ნელ-ნელა და დინჯად აგუგუნდა. ფურცლები აშრიალდნენ მაგიდებზე. ელმავალს დგუში ნელ-ნელა ცხელი ორთქლით ევსება. პირველი ზარი ისმის მეზობელ ოთახში. მთვარიან და სუსხიან ღამეს აყეფებული ძაღლებივით მეორე ტელეფონი რეკავს. ელმავალმა უკვე სიჩქარე აკრიფა. ტორეადორის წინ მდგარი დაჭრილი ხარივით უშვებს ორთქლს დაბერილი ცხვირის ნესტოებიდან.

ხელით ვგრძნობ _ ჭიქა ისე ამსუბუქდა, სამამდე ყლუპი თუ მექნება შემორჩენილი.

ჩემი ძაღლიც აყეფდა. მნიშვნელოვან წერილს ვკითხულობდი, არ ჩამიმთავრებია. ერთი წინადადებაც და... ჯობია ვუპასუხო, არ გამითიშონ.

- უკაცრავად, მეორე ზარი შემოდის (ჩემი უფროსია), ეხლავე გადმოგირეკავთ
- დიახ, გისმენთ...

უფროსმა ახალი დავალება მომცა. სად გავჩერდი? ყავა უნდა მომესვა. არა, ბოლო აბზაცის მესამე წინადადებაზე გავჩერდი. აი მომინიშნავს კიდეც, რათა იოლად გამეგრძელებინა კითხვა. ერთი წინადადებაც და...

მობილი რეკავს - ჩვენი ახალი პარტნიორი. ჭიქას თითებით ვატრიალებ. ძაღლი ისევ აყეფდა _ ვხედავ უფროსია, მაგრამ ტელეფონს ხმას ვუთიშავ (გადავურეკავ). ახალი მეილი მოვიდა. ვიღაც შიდა ჩეთში მწერს...


- ბავშვებო, მე სასწრაფოდ უნდა გავიდე, რაღაც შეხვედრა დაინიშნა. კურიერი თუ გამოჩნდება, მაგიდაზე რომ კონვერტია კანცელარიამდე მიიტანოს.

საკიდიდან პალტოს ვხსნი და, დერეფანში სწრაფი ნაბიჯით მიმავალი, ფართხაფურთხით ვიცვამ.

- კი, უკვე გამოვედი, აი კიბეზე ჩამოვდივარ.


მაგიდაზე ზუსტად სამი ყლუპი ყავა ცივდება...

Wednesday, November 10, 2010

TBC Smart კლუბი და ლაშარელა

პირველად ბლოგის ისტორიაში, ჩემი ერთერთი პოსტი ლაშა კვანტალიანი - გვიკურთხე მამაო. შემიწყალე მე ცოდვილი მონაწილეობას იღებს, თბს ბანკის, სმართ კლუბის გათამაშებაში.

მთავარი პრიზი გახლავთ iPad.

თუ მოგწონთ ეს ბლოგი და ჩემი პოსტები,

დამიჭირეთ მხარი, დააჭირეთ ხელი:

http://bmu.li/6sP

Tuesday, November 9, 2010

პრეზიდენტი ღადაობს

ძალიან გთხოვთ, ნუ ამოშლით თავს ბლოგის გვერდიდან. პირიქით - დააჭირეთ კაქტუსს და გაწევრიანდით გვრდზე. მე ხომ ლექსებს ვუძღვნი პრეზიდენტს - ანუ მიყვარს!


წყალში შეკრთა მედუზა
ზღვა აღელდა, ქანაობს
არაფერი ურბალოდ
პრეზიდენტი ბანაობს

ვიღაც ყვირის მიშველეეეეეეეეეეეთ
ვიღაც ყვირის გიშველიიიიიიიი
და წყალს აპობს ტალღებად
პრეზიდენტი შიშველი

პრეზიდენტი მფრინავი
პრეზიდენტი ექიმი
პრეზიდენტი მგრგვინავი
პრეზიდენტი ვექილი
პრეზიდენტის ნაძვისხე
პრეზიდენტის ხალხი
პრეზიდენტის სასახლე
პრეზიდენტის სახლი

ხალხი ერთად იცინის
აღარავინ არ დაობს
არაფერი უბრალოდ
პრეზიდენტი ღადაობს

პრეზიდენტი 3D
პრეზიდენტი მოვა
პრეზიდენტი წვიმა
პრეზიდენტი თოვა
პრეზიდენტი დურაგალი
პრეზიდენტი მუშა
პრეზიდენტი არ ტყუის
პრეზიდენტი შუშა
პრეზიდენტი მბრბოლელი
პრეზიდენტი წმინდა
უბრალოდ პრეზიდენტი _ "პრეზიდენტი" მინდა

Monday, November 8, 2010

ბროლის ბუ და შუშის პრეზიდენტი

აი ძილის დროც მოვიდა და უცებ დიდი ილიას სიტყვები გამახსენდა: "ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხე, აბა დღეს მე ვის რა ვარგეო". გამახსენდა და გამეღიმა:

მთელი დღე ვიბოდიალე. არაფერი გამიკეთებია. პრინცპში რატომ არაფერი - ფეისბუქზე სამამდე სტატუსი დავწერე, ხუთი სასაცილო ვიდეო დავაშეარე და ორმოცამდე ლაიკით "ვარგე" ნაცნობ თუ უცნობ მეგობრებს (ერთ დღეში მეტი რა უნდა გამაკეთებია?).

ასე, შრომითა და ჯაფით, კლავიატურაგამოცვლილმა, ხელში პულტი მოვიმარჯვე და ტელევიზორი ჩავრთე. ბავშვობაში კევს რომ გავხსნიდი და "ნაკლეიკაზე" საყვარელი მანქანა "ამომივიდოდა", დღემდე ისე მიყვარს და მახარებს ცისფერ ეკრანზე ჩვენს პრეზიტენტს თუ მოვკრავ თვალს. ეს მინიმუმ ორ ფაქტს ნიშნავს: პირველი - რომ გადართვას აზრი არააქვს (აბა, რომელი დემოკრატიული არხი გამოტოვებს პრეზიდენტის გამოსვლას) და მეორე - ძალიან ბევრ და საინტერესო ამბავს შევიტყობ (კარგი, ჯანდაბას, სიმართლეს ვიტყვი - ვიცი, რომ ფეისბუქზე და ბლოგზე დასაწერი არ მომაკლდება მომდევნო გამოსვლამდე).

მიშას (შინაგანად მართლა მეხამუშება სახელს რომ ვწერ, მაგრამ მინდა ეს კომპლექსი გადავლახო) გამოსვლებს ისე ვუყურებ, როგორც "ყველაზე ჭკვიანის" გადაცემაში მიწვეული მონაწილეების მშობელი თავის შვილს _ ანუ მთლად რომ არ ვიცი, უფრო მინდა, რომ მისით ვიამაყო თუ უფრო მეშინია, არ შემარცხვინოს.

გამონაკლისი არც დღევანდელი დღე ყოფილა (ჟურნალისტი რომ ვიყო, "სტუმრად ბენდუკებთან" ასე "ორიგინალურად" დავასათაურებდი, აღნიშუნლ გამოსვლას).

ვიცი, რომ "გაშლილ" თუ "დაშლილ" საქართველოზე დილის შვიდზე "პახმელიაზე" გაღვიძებულ კუკავაზე, რომელსაც აზრად ხაშის ჭამა მოუვა, ხოლო სამი საათისთვის დემოკრატიული და თავისუფალი მასმედის საშუალებებით ამის შესახებ ყველას ეცოდინება და მეზობელ სამეფოში მცხოვრებ მბრბოლელ მეფეზე, რომელიც ჩვენსას ბაძავს, აუცილებლად დაწერენ.

თან ვიღაც ლაშარელა კი არ დაწერს თავის შავთეთრ ბლოგზე, ამ ამბებზე გამოჩენილი ექსპერტები, კრიტიკოსები, ანალიტიკოსები, მებამბისნაყინეები და უბრალოდ კაი ტიპები ამეტყველდებიან ფერად ინტერნეტ თუ ბეჭდვით ჟურნალ-გაზეთებში _ ამიტომაც მე თავს შევიკავებ.

ფერად გაზეთზე გამახსენდა და სანამ დამვიწყებია, ბარემ ვიტყვი: ერთ-ერთმა გაზეთმა გოგი გვახარიას გაუმხილა გასულ კვირას - საბჭოთა კავშირი დაიშალა და ნუღარ ებრძვიო (არადა გოგის ამ ამბავს დღემდე უმალავდნენ მეგობრები), მაგრამ პრეზიდენტის გამოსვლის დროს დავრწმუნდი, რომ ის გაზეთი იტყუება _ საბჭოთა კავშირი არ დაშლილა! მეტიც, მას ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტიც აქტიურად ებრძვის. თავის გამოსვლაში რამდენჯერმე ახსენა "წითელი ძერჟავა", მის მიერ ჩვენი ქვეყნისთვის მოყენებული ზიანი და მისი დამარცხების გზები (გოგი, ყოველთვის ვიცოდი რომ გულის სიღრმეში პრეზიდენტის თანამებრძოლი იყავი).

ხო, რა მოსატანი სუფრასთან ეს ამბავი კი იყო, მაგრამ მაინც.

მოკლედ, ვუსმენდი გამოსვლას და პრეზიდენტის აზრები "სტატუსებად" მეყრებოდა გონებრივ ყულაბაში: "ზოგიერთები რომ რუსთაველზე დარბოდა და იქვე ქონდა ყველაფერი..." (უბრალოდ დაავიწყდა, რომ იმ ზოგიერთებამდე თვითონაც იქვე დარბოდა), "ქართული სინგაპური", "ბავშვები ქმნიან ჯგუფებს ფეისბუქზე- არ გვინდა გამოცდები" (ხელიმც კი მოტყდეს ჩემს პრეზიდენტს, ამ გვერდზე რომ გაწევრიანდეს), "აწმყო თუ აღარ გვწყალობს... არა აწმყოც გვწყალობს..." და მრავალი სხვა.

მაგრამ ჩემს ქვეცნობიერს სულ სხვა რამ ეპოტინებოდა, თავისკენ ქაჩავდა და ყურადღების მიქცევას ცდილობდა.

მაშინ, როდესაც პრეზიდენტი სავსე დარბაზს მიმართავდა, უკანა ფონს (ანუ "ბექრაუნდს") ორმწკრივად განლაგებული სტუდენტები უქმნიდნენ. მართალია, კადრში მოხვედრილი სტუდენტების მთქნარების ინტენსივობის და ჰოლმსის დედუქციური მეთოდის გამოყენებით, იოლად მივხვდი, რომ მათ არც წინ მდგომი და არც მისი საუბარი დიდად არ აინტერებდათ, მაგრამ თავი უნებლიედ "უკანა რიგებში" წარმოვიდგეინე და ძალიან შევწუხდი _ პრეზიდენტს ზურგი შეექცია ჩემთვის და ისე მესაუბრებოდა.

ვიფიქრე, ნუთუ მოხდა სასწაული და მცირედი შეცდომა მაინც მოუვიდა ბატონ პრეზიდენტს-მეთქი, მაგრამ პრეზიდენტის უშეცდომობის დამადასტურებელი ფაქტები, ეხლა უკვე სტუდენტების უკან განთავსებულმა ფონმა _ თანამედროვე ქართული არქიტექტურის რამდენიმე მაკეტმა წარმომიდგინა.

შუშის პარლამენტი, შუშის და "ჯერჯერობით" ყველაზე მაღალი სასტუმრო, შუშის მთავრობის სასახლე. რათქმაუნდა _ გამინათდა გონება! შსს-ს შუშის შენობა, შუშის გუმბათი პრეზიდენტის სასახლეზე, შუშის გამგეობები, შუშის პოლიციის განყოფილებები, შუშის სამინისტროები, შუშის სასამართლო დარბაზები, შუშის ხიდი, 40%-ით გამჭვირვალე შუშის საქარე მინები...

საქართველოში ყველაფერი გამჭვირვალე უნდა იყოს - შუშის კედლები, შუშის გზები, შუშის თვალები, შუშის ადამიანები, შუშის მთავრობის წევრები, შუშის პარლამენტალერბი, შუშის პრეზიდენტი. დიახ, უპირველეს ყოვლისა პრეზიდენტი (სხვა შემთხვევაში ზურგს არ შეაქცევდა სტუდენტებს :ჩურჩულით: ).

შუშის ქანდაკებები, შუშის დარაბები, შუშის ხეები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ერთ და ორ დღეში არ კეთდება. ამას ხანგრძლივი და გულმოდგინე შრომა სჭირდება. შუშის ვარდები, შუშის ეკლები, შუშის რევოლუციები.

(აქ ირთვება მუსიკა, რომელიც მაყურებელს ნელ-ნელა ამზადებს იმ მომენტისთვის, როდესაც გადამწყვეტ გამარჯვებას მივაღწევთ, ერთმანეთს ჩავეხუტებით, ვიღაც მარცხენა იდაყვში მოკეცილ მარჯვენას ჩაირტყამს და ყველას ერთხმად აღგმოგვხდება _ "Yeeeeeeeeeeeeeeeees")

...და მაშინ, როდესაც ყველაფერი იქნება შუშის.
...და მაშინ, როდესაც ყველაფერი იქნება გამჭვირვალე
...და მაშინ, როდესაც აღარ შეგვრცხვება გაშიშვლების
...და მაშინ, როდესაც მზის სხივებს ელექტრომაგნიტურ სპექტრად დავშლით
...და მაშინ, როდესაც ტანს არა "სეიფგარდით", არამედ "მისტერ მუსკულით" გავიპრიალებთ

ეჭვი მაქვს, რომ საერთოდ აღარ გამოვჩნდებით და ვეღარავინ ვეღარ შეგვამჩნევს.

ასე რომ, ჩემო პრეზიდენტო, იქნებ რაიმე დავტოვოთ ხილვადი, ხელშესახები, მყარი? იქნებ შენობები შუშით კი არა სარკით დავფაროთ, რომ საკუთარ თავს დავაკვირდეთ პირველ რიგში? და იქნებ... ბლოგინგითაც თუ ხართ გატაცებული, მომდევნო პრესკონფერენციაზე როგორმე ეს პოსტიც ახსენოთ.



P.S. პოსტს სანამ "დავაფაბლიშებდი" მეგობარს ვაჩვენე, რომელმაც "შუსის პარლამენტარები" გიწერია და გაასწორეო მირჩია. უცებ კუზიანზე ანდაზა გამახსენდა - "შუშის პარლამენტარს მხოლოდ..." - ვთქვი და სიტყვა პირზე შემახმა _ არც კი ვიცი, "შუშიანს" რა გაასწორებს.