Sunday, November 7, 2010

ხმაური ღამით

გარეთ ღამე. ციდან ცრის.
გზა - სიჩუმის მფლობელი
კართან სკამი. ჩემთან ის...
და გაზის გამათბობელი

გარეთ ცივა. მავთულებს
ქარი გრძნობს და ზუზუნებს
გრძნობა სუნთქვას ართულებს
თუ ვკოცნი შენს ძუძუებს

გარეთ ისმის ხმაური
ანდა სულაც სიჩუმე
თითქოს არაქაული
შენი კანის სურნელი...

შენს თხელ სხეულს
ისე ვგრძნობ
როგორც ქარი მავთულებს
და უბრალო ხმაური
ესმით ქვედა სართულებს

ზეზვას რომ ორი თითი ქონოდა

"ადამიანები იყოფიან 10 ჯგუფად -
ისინი რომლებმაც იციან
და რომლებმაც არ იციან
თვლის ორობითი სისტემის შესახებ".


არ ვიცი რომელი ისტორიული წყარო რას მოგვითხრობს, რამდენი ვერსიაა აღნიშნულთან დაკავშირებით და საერთოდ, ვინ ოხერმა დააბრალა ეს ყველაფერი არაბებს, მაგრამ ჩემი შინაგანი 'მე' და მთავრობა სხვა რამეს მეუბნება.

ყველაფერი აქ - საქართველოში დაიწყო.

მზიასთან გამოქვაბულში დაბრუნებულ ზეზვას ნანადირევი სტრეპტოზავრები მოჰყავდა (იურული პერიოდის მომცრო ზომის არსებები, რომელიც იმ დროისთვის საჭმელად ვარგისი იყო).

სტრეპტოზავრების გატყავება და თემის სხვა წევრებზე გადანაწილება, მზიას ებარა. გამოქვაბულში დასამონტაჟებელ გაზის გამათბობელზე თუ დაიწუწუნებდა ხანდისხან თორემ, მადას ზეზვას მეუღლე ნამდვილად არ უჩიოდა _ თითო სტრეპტოზავრს ჭამდა ერთ დღეში (სულო ცოდვილო და არც ქმარი აკლებდა ისე). ამგვარად ორი სტრეპტოზავრი დღეში ისე ჭირდებოდათ, როგორც ხელისუფლებას არჩევნებში მიღებული ხმები.

სად იყო მაშინ კალკულატორი. არც საანგარიშო ჩოთქი ყოფილა ჩემო დაკვირვებულო მკითხველო _ იყო თითები.

გაფარჩხავდა მზია 8 თითს, შემდეგ მოხრიდა თავის და მეუღლის სამყოფი სტრეპტოზავრების შესაბამისად 3 თითს და დარჩენილ ხუთ თითს რომ დახედავდა, რას იზამდა? არა, ჩემო ბრძენო მკითხველო _ ხუთიანს კი არ შემოხაზავდა _ დარჩენილ ხუთ სტეპტოზავრს ტომის წევრებს დაურიგებდა (არა, იმიტომ კი არა რომ მაშინ ნაციონალური მოძრაობა არ იყო, უბრალოდ არჩევნები არ არსებობდა _ ზეზვაც ხომ ერთერთ ნადირობაზე, შემთხვევით მოკლული მედიოზავრის გამო აირჩიეს თემის ბელადად).

მოკლედ, გაგიკვირდებათ და ზეზვასაც და მზიასაც ორივეს ათი თითი ქონდა. ისე შეუყვარდა მზიას თითებზე თვლა და ჯერ კიდევ ულაკო თითები, რომ სახელები დაარქვა.

პირველს პირველი, მეორეს მეორე, მესამეს მესამე და თავი რომ არ მოგაბეზროთ "და ა.შ. მეათე".

ანტუშა გვაზავამ (ამ დროისთვის უკვე გვარებიც არსებობდა) კი დიდი ბებიის მოფიქრებულ სახელებს დამწერლობაც შეუსაბამა. 0, 1, 2, 3, და აქაც რომ არ მოგაბეზროთ თავი "და ა.შ. 9".

ნეტა რა იქნებოდა, ზეზვას და მზიას ორივე ხელზე მხოლოდ ცალი თითი რომ ქონოდა? რა თქმა უნდა ჩემო გონებაგამჭრიახო მკითხველო _ Alt+Ctr+Delete-ც არ იარსებებდა. მაგრამ ეხლა სხვა რამეს ვამბობ. როგორ ჩაწერდა ანტუშა რიცხვებს?

მოდით ერთი წამით ის გავიზროთ, ეხლა როგორ ვწერთ რიცხვებს.

ცხრამდე ყველაფერი მარტივია _ თითეულს რღაც აღნიშვნა (ანუ ციფრი) შეესაბამება. მაგრამ 10 - უკვე არის ორი ციფრის კომბინაცია - ანუ "ერთი და არაფერი" (სხვათაშორის, ბევრს ერევა "ციფრი" და "რიცხვი". პარალელი რომ გავავლოთ, ციფრი არის "ასო", ხოლო რიცხვი არის "სიტყვა". ანუ ციფრებით ვწერთ რიცხვებს).

შემდეგ კი ვაგრძელებთ:

11- ერთი და ერთი
12 - ერთი და ორი
უკვე იცით რატომაც და ა.შ.
91
92
99
და
100

ანუ როდესაც არსებული ცხრა ციფრი აღარ გვეყო, უკვე ორი ციფრი გამოვიყენეთ და დავწერეთ "ერთი" და "არაფერი" (10) და შემდეგ დავიწყეთ არაფრის გაზრდა (11, 12, 13). შემდეგ როდესაც ორივე ციფრი ბოლომდე გაიზარდა და აღარ გვეყო (99) უფრო მეტის დასაწერად ყველაფერი ისევ თავიდან დავიწყეთ და დავწერეთ - ერთი, არაფერი და არაფერი (100) _ ასე ავღნიშნეთ მეასე რიცხვი. შემდეგ ისევ დავიწყეთ ბოლო არაფრის გაზრდა და ასე მივიღეთ

101
102
103...


რატომ ვიყენებთ რიცხვების ჩასაწერად მაინცდამაინც 10 ციფრს (0,1,2,3,4,5,6,7,8,9)? ხომ შეგვეძლო გამოგვეყენებია რვა ციფრი, ან თუნდაც ოცი. უბრალოდ ადამიანი გამოქვაბულის, სტეპტოზავრების და 10 თითის გამო, მიეჩვია ათობით სისტემაში აზროვნებას.

ზეზვას და მზიას კი ორი თითი რომ ქონოდა ყველაფერი ხუთჯერ მარტივად იქნებოდა:

0 ისევ იქნებოდა არაფერი
1 - ისევ იქნებოდა ერთი
ხოლო უკვე რიცხვები რომ არ გვყოფნიდა ათის ჩასაწერად და ვწერდით ერთს და არაფერს, ზუსტად ასე მოვიქცევოდით ორის შემთხვევაში.
ანუ ორი იქნებოდა 10 (ერთი და არაფერი)

ჩემო დაუარელო მკითხვეოლო, მოდი ერთად მოვინდომოთ და 11 და 12-ის არ იყოს, თვლა გავაგრძელოთ

არაფერი - 0
ერთი - 1
ორი - 10
სამი - 11
ოთხი - 100
ხუთი - 101
ექვსი - 111
შვიდი - 1000

მემგონი ყველაფერი ძალიან მარტივად არის. ნამდვილად გრძელი ჩანაწერებია ჩემო თავგამოზომილო მკითხველო. რიცხვი შვიდი - ათი თითის შემთხვევაში თუ იწერებოდა როგორც 7 და ჭირდება ერთი უჯრა მათემატიკის რვეულში, ზეზვას რომ ორი თითი ქონოდა, დაიწერებოდა როგორც _ 1000 და დაჭირდებოდა მთელი ოთხი უჯრა (უბრალოდ ის კი არ ვიცი, კალამს როგორ დაიჭერდა ხელში).

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 5-ის ნაცვლად 101 შემოხაზვა მოგვიწევდა ჩემო მკითხველო. ან ნუ იტყვით და სანამ მიკიტანი ოთხმოცდაცხრამეტი ხინკლის შეკვეთას _ 1100011 ჩაიწერდა, წონაშიც დავიკლებდით რამდენიმე გრამს.

რეალურად კომპიუტერები ინფორმაციას ინახავენ ორობით ფორმატში. ძალიან მარტივად რომ ავხსნათ, მყარი დისკი დაყოფილია უჯრებად. დამაგნიტებულია უჯრა, ე.ი. არის 1. დამაგნიტებული არ არის ე.ი. ყოფილა 0. შესაბამისად პროცესორშიც და ოპერატიულ მეხსიერებაშიც, დენი გადის - არის 1. დენი არ გადის ე.ი. არის 0.

შესაბამისად 1 და 0 შესაძლებელია აბსოლუტურად ყველა რიცხვის ჩაწერა. რიცხვებით კი შესაძლებელია აბსოლუტურად ნებისმიერი ინფორმაციის აღწერა (მუსიკა რომელის მოსმენა ასე გიყვართ, ვიდეო ფაილები, პროგრამები და ა.შ.)

ალბთ უკვე შეამჩნიეთ რომ რაც უფრო ნაკლები ციფრი გამოიყენება, რიცხვის ჩასაწერად, ჩანაწერი უფრო გრძელია (ანუ მათემატიკის რვეულში მეტი უჯრა დაჭირდებოდა). ანალოგიურად თუ ბევრი ციფრი გამოიყენება, ჩანაწერი მოკლდება.

ასე მაგალითად, ვინაიდან კომპიუტერში არსებობს 2 მილიონამდე ფერი, ძალიან მოუხერხებელი იქნებოდა, რომელიმე ფერი ჩაგვეწერა როგრც 2 234 546. ამიტომაც ფერების შესანახად, გამოიყენეს თქვსმეტობითი სისტემა - ანუ 16 ციფრი.

ნუ ციფრი ეხლა რა. პირველ 10 ციფრად, მამაპაპური ციფრები გამოიყენეს. დამატებითი 6 სიმბოლოზეც არ უფიქრიათ ბევრი _ ლათინური ანბანის ასოებით (A, B, C, D, E, F) შეავსეს. ალბათ ზოგიერთ თქვენგანს უნახავს მაგალითად პროგრამა ფოტოშოპში მსგავსი სახით მოცემული ფერები:

EC6C09
CCCCCC
FF0000

სინამდვილეში, თითეული ეს ჩანაწერი არის ჩვეულებრივი რიცხვი _ უბრალოდ ჩაწერილი თექვსმეტი სიმბოლოს გამოყენებით, ანუ თვლის თექვსმეტობით სისტემაში.


***
მაგრამ ადამიანი მაინც ძალიან ჭკვიანურად არის დაპროექტებული, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით კომპიუტერებზე _ ეს ისე, შენც რომ არ დამვიწყებოდი ჩემო ინტრიგანო მკითხველო.

P.S. პოსტში მოყვანილი ყველა ფაქტი არის გადამოწმებული გარდა სტრეპტოზავრისა.

P.S. P.S. ეხლა დამიკავშირდა ბლოგერი ერევანიდან და მითხრა, რომ ზეზვა და მზია სინამდვილეში ანუშ და არმენ პეტროსიანები იყვნენ.

Thursday, November 4, 2010

უნდა გავხდე

უნდა გავიკეთო კაშნე
უნდა დავიკავო დაშნა
და საქმიანი სახით
დავიწყო ლექსის დაშლა

ლექსებს ისედაც ვწერდი
ამ ღადავ-ღადავში კი
პოეტი უნდა გავხდე!
ეხლა ვარ ხადავშიკი

მე შევიყვარებ ბოდლერს
გადავივიწყებ რითმას
და საგანგებოდ გაზრდილს
ქარბუქი ამიშლის თმას

უნდა გავიკეთო კაშნე
მიბაძვა - სუფრის კოვზი
ოღონდ ჯერ უნდა გავშრე
შხაპ მიღებული ბოზი

ამ ლექსს, ეს ვიდეო ისე უხდება რომ არ დავდო მოვკვდები :)

[youtube http://www.youtube.com/watch?v=6mwTsm0JR9g&fs=1&hl=en_US&rel=0]

***

უცებ ისე მომენატრე როგორც ცხელი ზაფხული და მომინდი როგრც ცივი ლუდი

თანამედროვე ქარაგმები

აბრევიატურა - ლათინური brevis-სგან წარმოებული სიტყვაა, რომელიც მოკლეს ნიშნავს. ოჰ, ეს მატრაკვეცობა არ გვიყვარდეს ქართველებს თორე, ჩვენც კი გვიჭირდა წიგნების საწერად ტყავის შოვნა და გამოზომილად და შემოკლებებით ვწერდით _ ქარაგმებით.

რა უცნაურია, დღეს არც ცხვარი გვყავს გასატყავებელი რომ ვწეროთ და არც პაპირუსი დასამუშავებელი  _  წერე რამდენიც გინდა, სულო და გულო, წერე სადაც გინდა, რაც გინდა და როგროც გინდა _ შენი ყველა ნაწერი 0 და 1 ფორმატში უპრობლემოდ იქნება "დამახსოვრებული". თუმცა მიუხედავად ასეთი თავისუფლებისა, მეჩვენება რომ ოცდამეერთე საუკუნეში, აბრევიატურები (ანუ ჩვენებურად ქარაგმები) უფრო ფართოდ გამოიყენება, ვიდრე ფარნავაზის დროს.

მახსოვს აბიტურიენტობისას, თოფურიას ორტომეულით ტვინგამოტენილი, დედაჩემის დასმულ შეკითხვას "რამდენი კოვზი შაქარი ჩაგიყარო", ამოცანის შეკითხვად აღვიქვამდი და გონებაში ამოხსნას ვიწყებდი.

ასამდე ამოცანა, რომელიც ერთ ღამეში უნდა გამეკეთებინა, ჩემმა მტერმა გადაწერა სრულად _ ამიტომაც მოცემულობებს შემოკლებულად ვწერდი. მაშინ ჯერ კიდევ არ იყო განათლების რეფორმა განხორციელებული თორე ვნახავდი ერთი "20 ცალი ბეღვლენწი და 50 დგიბურზგა"-ს როგორ ჩავიწერდით შემოკლებით. ვინაიდან ამოცანებში დედამიწელების  გამოგონილი მატარებლები, თვითმფრინავები და ავტომობილები ფიგურირებდა, მათი შემოკლებაც არანაირ სირთულეს არ წარმოადგენდა: 20 ავტ. 60. თვით. და ა.შ.

ქარაგმებით მოცემულობების წერას ისე ვიყავი მიჩვეული, მახსოვს ერთხელ ამოცანაში ნახსენები "34 კომბოსტო", როგორც "34 კომბოსტ" - შევამოკლე.

ტკბილი მოგონებებიდან ამოტივტივებული და "ო" ასოთი შემოკლებული კომბოსტოსი არ იყოს, ჩემმა ერთმა მეგობარმა (რომელიც ჩემი აზრით "მომავლის თაობის" ავანგარდშია) ახალი აბრევიატურა "დაამუღამა": ჩეთით ან SMS-ით რაიმეს თუ ვკითხავ, "კ" ასოს მწერს პასუხად, რომელიც არც მეტი და არც ნაკლები თანხმობას ნიშნავს და "კი" - ს აბრევიატურაა.

რათქმაუნდა, ჩემი მეგობარი, დამუშავებული ტყავის არ იყოს, არც SMS-ისთვის განკუთვნილ 160 სიმბოლოს ეკონომიას აკეთებს და არც ინტერნეტ ტრაფიკს უფრთხილდება _ ის, უბრალოდ დროს ზოგავს, რადგან თანამედროვე სამყაროში "ფესიბუქზეც უნდა დაპოსტო, აუთლუქში მეილიც შეამოწმო, ცისკოს აიპი ტელეფონსაც უპასუხო და მეგობრის SMS-იც არ უნდა დატოვო უყურადღებოდ, სამსახურში ერთერთ პროექტზე მუშაობის პარალელურად". თანაც ეს ყველაფერი ძალიან მალე უნდა გააკეთო, თორემ ვერ მოასწრებ.

სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც აბრევიატურებს ვიყენებთ თანამედროვე სამყაროში (ეხლა არ შემეკამათოთ და მითხრათ: მესმის IMHO დაწერო in my humble opinion-ის ნაცვლად, მაგრამ "კი"-ს ნაცვლად "კ" რა ეკონომიააო _ აკი გითხარით, ჩემი მეგობარი მომავლის თაობიდან არის. ის XXII მეორე საუკუნის წარმომადგენელია, რომლისთვისაც გადამწყვეტი წამები კი არა მილიწამებია!).

ასე არის თუ ისე, რატომღაც მეჩვენება რომ ქართული ენა ჩამორჩა, თანამედროვე სამყაროს მოცემულ ტენდენციას. დღითიდღე ვრწმუნდები, რომ წარსულიდან შემორჩენილი "ე.წ" და "ა.შ" აღარ  არის საკმარისი. ამიტომაც შევეცადი ეს სიცარიელე შევავსო და თანამედროვე ქარაგმები შემოგთავაზოთ (კომენტარებში თუ შემომიერთდებით დიდი სიამოვნებით ჩავსვამ პოსტში, ავტორის მითითებითვე).


მაშ ასე:

ჩა - ჩემი აზრით

მმჩპ - მე მიყვარს ჩემი პრეზიდენტი

მმჩპ - მეც მიყვარს ჩემი პრეზიდენტი

ქვ - ქალიშვილი ვარ

პითმრჩსიგაგქვ - პაემანზე იმიტომ თუ მპატიჟებ რომ ჩემთან სექსის იმედი გაქვს არაფერი გამოვა, ქალიშვილი ვარ (ანდა, მოდი ამას ნუ შევამოკლებთ)

სამგაფი - 3 Dimension film ანუ სამგანზომილებიანი ფილმი

- წავიღე (იგულისხმება ლინკი საკუთარ ვოლზე)

ძს - ძაააააააააააააააააან საყვარელიიიიიიიიიიიი

ნშა - ნეტა შენ არ ანძრევდე

აჩვ - ამ ჩემს ვოლს

აჩლ - ამ ჩემს ლაიკს

აჩს - ამ ჩემს სტატუსს

აჩყ - ამ ჩემს... ქმ...

სნ - სოფო ნიჟარაძე (ეს იმდენად ხშირად გამოიყენება ვიფიქრე მხოლოდ "ს" ხომ არ იყოს-მეთქი  მაგრამ ეს ასო უკვე დაკავებულია)

[N/A] - პრაიმ-ტაიმის რედაქტორი ონანიზმზე ჭორებს იგონებს

პმს - პროფილში მაიას სტუმრები.



უსასრულოდ გავაგრძელებდი ჩამონათვალს მაგრამ ეხლა მეგობარმა დამიმესიჯა: ნშა, ლაშარელა...ნშა-ო.

Wednesday, November 3, 2010

ძალიან პათეტიკური ლექსი

არმინდა ბუნება სიტყვებით აღვწერო
არ მინდა ლექსები, გრძნობების ნაწარმი
არ მინდა ეს ღამეც უაზროდ გავწელო
ვინმე მადლიანმა მომეცით ბაწარი

არ მინდა ამ ღამით ისევ რომ დავლიო
სასაფლაოზე ვიარო ჩექმებით
ფეხებს ბილიკი გავაკვალიო
იმედებით და უაზრო გეგმებით

არ მინდა, არა... არც შენი კოცნა
არც შენი ტუჩის შეხება ბაცი
არც ღვინით სავსე არ მინდა ბოცა
და არც მართალი რომ მერქვას კაცი

არ მინდა ფეხი დამაგდგან გულზე
თუ კი ვერ ვიგრძნობ, სიმძიმეს ფეხის
სიცოცხლე გავდეს - არ გაცვლილს ფულზე
სიკვდილი - უფრო გავარდნას მეხის

და ეს სიკვდილიც რაღაც არ მინდა
კარგი ვიცოცხლებ, იყოს რაც არის
მაგრამ, შენ მოდი მაინც დამინდე
სათადარიგო მომე ბაწარი

ბოლო წამს ვიცი გული დამწყდება
უცებ ბაწარი თუ არ გაწყდება

Tuesday, November 2, 2010

Algorithm

if (YouLoveMe==true)
{
  iKnowYou=false;
}
else {
  LastDanceWithYouIs=Waltz;
}



if you love me is true
then
i know you - false;
else,
Last dance with you is
Waltz

კლავიატურა

აკრძალული ხილი ტკბილი არისო - ალბათ ეს გამოთქმა, სამოთხის ვაშლის დაგემოვნებიდან მოყვება კაცობრიობას. ასეთი არის ადამიანის ნატურა - ეტყვიან არ გააკეთოო, უნდა რომ გააკეტოს და თუ დაავალებენ გაკეთებას, ყველაფერს გააკეთებს რომ არ გააკეთოს (და ტავტოლოგიაზე ხმა და ფიქრიც კი არ დაგცდეთ).

მეც მითხრეს - უხამს ტექსტებს მოერიდეო. რა უბედურება არისო - ინტერნეტი კი არის, მაგრამ რაც კი ენაზე მოგადგება ყველაფერი კი არ უნდა დაწეროო? მც უნებლიედ ჩემი ბიძაშვილის ამოჩემებული ფრაზა გამახსენდა და ვუპასუხე: "მთავარი იცი რა არის?.. რომ ქალსაც და კაცსაც ორივეს ორი ძუძუ აქვს-მეთქი" და პოსტის წერა დავიწყე.


დღეს ახალი კლავიატურა ვიყიდე. ძველი და დამტვერილი კლავიატურა ზიზღნარევი სახით მოვხსენი კომპიუტერს და უნივერსალური პორტით, პლანეტა პანდორას ბინადრების არ იყოს, ახალი შევუერთე.

თავში უნებლიე აზრმა გამიელვა - ნეტა საერთო ჯამში, ცხოვრების რამდენი საათი დაეთმობა მის კლავიშებზე თითებით მსუბუქად შეხებას-მეთქი? ახალი კლავიშების სირბილემ უნებლიედ ანას სურნელოვანი ძუძუს თავები მომაგონა.

უხეშად დავთვალე _ მათ ჩემი თითები სადღაც ხუთასჯერ ნაკლებად ეხება ვიდრე, პლასტმასის შავ კლავიშებს.

ვეხები და სირბილით შთაგონებული ვწერ ლექსებს, ვაკეტებ ჩანაწერებს, ვამზადებ პროექტებს. სოციალურ ქსელებში ვაქვეყნებ არაფრისმთქმელ სტატუსებს.

თითები ზეპირად იცნობენ კლავიშებს. იციან თითეულის ადგილი, ფორმა, მნიშვნელობა. მსუბუქად და ჰაეროვნად დაჰქრიან კლავიშებზე.

არადა ანას სულ ორი კერტი აქვს. რომელ ასოებს ავირჩევდი მათვის - ვიფიქრე გულში. თავიდან Space-ზე შევჩერდი და ორივე ცერის ბალიში რბილად მივადე. წერა გავაგრძელე. ცერი თითები გაყუჩული ელოდებიან სიტყვის დასასრულს. მოულოდნელად წამოუვლით ხოლმე და წამის მეასეთში წაკრავენ ყველაზე გრძელ და უცნაურ ღილაკს _ რომელიც სიტყვებს ერთმანეთს აშორებს.

არჩევანი მალევე შევიცვალე. საჩვენებელი ტითებით F და J ასოებზე დატანილ რელიეფები მოვსინჯე _ აქედან იწყება ყველაფერი. ამ ასოებს თითები მისით პოულობენ. აზრის ჩამთავრების სურვილით შეპყრობილები, ამოსუნთქვის გარეშე ეხებიან საჭირო ასოებს და საწყის პოზიციას უბრუნდებიან.

ამ ორ ასოზე ამობურცული პლასტმასის ნაცვლად, ვარდისფერი ძუძუს თავები ისე რეალურად წარმოვიდგინე რომ ცხვირის ნესტოებში ანას ნედლი კანის სურნელი ვიგრძენი.

რამდენიმე წამით წერა შევწყვიტე და საჩვენებლები თითების წრიული მოძრაობით ვსინჯავდი კლავიშებს.


ყავა დავისხი. ცხელმა ყავამ ცოტათი გამომაფხიზლა. მივხვდი რომ კლავიატურაზე F და J ასოების მსგავსი მოდიფიკაცია დამღუპავდა _ საქმეს ვეღარ გავაკეთებდი.

Enter-ს გადავხედე. მგონი იდეალურია _ დიდი, ყველაზე მნიშვნეოვანი. თანაც მთელი წინადადება უნდა ჩავამთავრო და ბოლოს ნეტარი სახით, ყველაზე მნიშვენლოვან მომენტში მსუბუქად ნეკა თითით შევეხო.

ციფრულ ორგაზმსა და ენტერ ღილაკს შორის ნაპოვნმა პარალელმა მომხიბლა. მაგრამ მივხვდი - ენტერი ხომ "შესასვლელია" და თანაც ის ერთადერთი და განუმეორებელია მთელს კლავიატურაზე. როგორც არ უნდა ეცადო, ორ მკერდის თავს, ერთადერთი ღილაკი ვერ შეითავსებს (რაღა დაგიმალოთ და ანას ძუძუები მხოლოდ ნეკა თითისთვის არ მემეტება).

ამასობაში დამკვეთმა დამირეკა. "დიახ, რამდენიმე საათში ყველაფერს დავასრულებ და გადმოგიგზავნით" - მივხვდი რომ უამრავი საქმიდან არაფერი გამიკეთებია.

კონცეტრირებისთვის სახეზე ცივი წყალი შევისხი და ოთახში დაბრუნებულმა კლავიატურას დავხედე. ყველაფერი თავის ადგილას დადგა. უცებ მივხვდი ყველაზე მეტად როდის მჭირდება ანას მადისაღმძვრელი მკერდი და ღილაკებიც შევუსაბამე: Ctrl+Alt+Delete.

ყველაფერი კარგი, რატომ არის ცოტა _ ვიფიქრე გაბრაზებულმა და კიდევ ერთხელ დამწყდა გული უბრალო ჭეშმარიტებაზე _ "კაცსაც და ქალსაც, ორივეს, (სამწუხაროდ) მხოლოდ ორი ძუძუ აქვს".


სტატის ავტორი: არვარ აღგზნებული
ჟურნალი: PMS Plus

Monday, November 1, 2010

სანამ

სანამ შენ გძინავს
მთვარე უყვება ღრუბლებს ზღაპარს,
ხეები ეხუტებიან ერთმანეთს,
ღამე კი უსწორებს ვარსკვლავებს საბანს.

სანამ შენ გძინავს
ვკითხულობ დამტვერილ სონეტებს,
ვფიქრობ რა ჩავიცვა ხვალ დილით,
და ვათვალიერებ წარსულში დაგროვილ მონეტებს

და გძინავს სანამ
გიძღვნი ამ უბრალო ლექსს
ვუყურებ როგორ გიფეთქავს კისერი
და ხელი ტუჩებთან გიდევს ისე რა

სანამ შენ გძინავს
მე გისწორებ მიგდებულ საბანს
ღამით ხეები ეხუტებიან ერთმანეთს
ხვალ დილით კი
მზე ამოვა
და წვიმა პირს დაბანს

ზემოთ არ აიხედოთ!!!

ერთი სარეკლამო კამპანია გამახსენდა:
სუპერმარკეტში, დახლზე, წარწერა დადეს ამკრძალავი ნიშნით: "ზემოთ არ აიხედო!!!". ზემოთ კი რეკლამა იყო გაკრული და განთავსების ადგილმდებარეობიდან გამომდინარე ძალიან დაბალ ფასში.

ვინმე მადლიანი ვიცი დაინტერესდებით და მკითხავთ, რაზე გაგახსენდა ეხლა ჭერზეაკრული რეკლამის ამბავიო და მეც არ დავაყოვნებ...

რამდენიმე დღის წინ, გოგი გვახარიამ მოგვითხრო, როგორ მივიდა მასთან პრაიმტაიმის "ჟურნალისტი" (ისე, ბრჭყალებზე უფრო ძლიერი აღნიშვნაც უნდა არსებობდეს), ხოლო მან არ მისცა ინტერვიუ. იქვე ისიც გაიხსენა, პროფილში მაიმ რომ (ჰ)კითხა პ.ტ. მთავარ რედაქტორს "ყველას ეშინია თქვენი და მართლა ეშინია თქვენიო?" (მაიას შეკითხვები ისე პასუხით იწყება თუ ხართ დაკვირვებული) და მთავარმა რედაქტორმაც, რომ დაუდასტურა "მართლა ყველას ეშინია ჩვენი და ჯობია ეშინოდეთ ჩვენიო".

მოკლედ ეგ ყველაფერი კი დაწერა გოგიმ მარა "სოციალური ქსელის" პრემიერის შემდეგ, ახალ იუზერებზე მზარდად, გინებადაგროვილი ცუკერგბერგის "ფეისბუქი" ნოუთის უსათაუროდ გამოქვეყნების საშუალებას არ იძლევა. ხოდა გოგიმაც დაასათაურა: "მე თქვენი არ მეშინია!"-ო.


აუჰ, ამაზე გადარეულა ის ტუჩებდაბერილი ქალი პრაიმტაიმიდან. მთელი სამეფო შეუყრია და უთქვამს "ვინც გოგი გვახარიას მომიყვანს, ცოცხალს ან მკვდარს სულერთია, ნახევარ სამეფოს მას ვჩუქნიო".

ვინ გაბედავდა გოგისთან ინტელექტუალურ ჭიდილს? ან ძალიან, ძალიან ჭკვიან (ასეთები კი ზემოთხსენებულ სამეფოს არ მოეპოვება) ან ძალიან ძალიან სულელი.

სულელი ეძახე და თავისი "სტატია" (არა, რა...ბრჭყალებთან დაკავშირებით ნამდვილად არ ვცდები) იმითი დაიწყო, რომ სულელია და მეტიც _ სულ არ ანაღვლებს რომ სულელია.

რა გინდა ეხლა რო ქნა? _ სულელია და ტალახს ისვრის _ შენც ტალახის სროლას ხო არ დაუწყებ? არადა ამასობაში მთლად თუ ვერ ამოგგვანგლავს (მიზანი არ უვარგათ და იმიტომ), ერთი ორი შხეფით მაინც ხო დაგისვრის თუნდაც ლოსკის დამცავი ფარით გარეცხილ ტანსაცმელს? დაგისვრის და დასვაროს _ კოპწიად ხომ ერთმანეთის ხათრით გამოვიყურებით და თუ გვეცოდინება რომ ეს შხეფები იმ სულელის ბრალია, თანაც ერთი ორი ასეთი შხეფი ყველას მოგვვედრია, როგორმე არ გავკიცხავთ ერთმანეთს ასე მგონია. მითუმეტეს ისეთ პატარა სოფელში, როგორიც ფეისბუქია _ სადაც ყველა ყველას იცნობს.


ოეეეეეეეეეეე, ოეეეეეეეეეეეეე.... (ისმის მკითხველის სტვენა)

- ა, ჰო. მომიტევე ჩემო მკითხველო. რეკლამა რა შუაშია და როგორც კი ზემოთ ჩემს მიერ მოყოლილი ამბები მოხდა, ატყდა ფუსფუსი ფეისბუქზე:

"ნაძირალა ვინც ეგ გოგიზე დაწერა", "ეგ უნამუსო ეგა", "მაგის ვოლზე არ ვნახე სტატუსი მე და მაგას არ ეღირსოს ლაიკი არაფერზე", "მაგის ფრენდ რეკვესტები ვნახე დაიგნორებული" _ დაიწყეს წყევლა და კრულვა სტატუსებში. "ჩამოვახრჩოთ, არა დავკეპოთ, ჯობია დავკუწოოოოთ, არა გავპუტოოოოოოთ და ყვერებით რო დავკიდოთ, არ ქონია მაგ ქალაჩუნას ყვერები" _ დაიწყეს გულის მოფხანა კომენტარებში.

ეხლა მე გეტყვით რა მოხდება: ამ ჟურნალისტს და რედაქტორს იმდენს აგინებენ და წარმოიდგენენ სხვადასხვა პოზაში, რომ აუცილებლად გაუჩნდებათ რაიმე სახის ლტოლვა მათ მიმართ. შესაბამისად არარეალიზებული და ვერსუბლიმირებული ლიბიდოს წყალობით, სამუდამოდ ჩაიბეჭდავენ მათ პერსონებს ქვეცნობიერში (ერთერთი გზა პოპულარობისკენ ).


მოკლედ კარგი კი იქნებოდა ასეთ დროს უბრალოდ სიმშვიდე შევინარჩუნოთ და არც კი შევიმჩნიოთ მსგავსი მოვლენები. არ ავფორიაქთედ და ავფუსფუსდეთ. ეს ალბათ ყველაზე ეფექტური ქმედება იქნებოდა, ნეგატივის არ-გასაპიარებლად, მაგრამ აბა როგორ?

ზევით ხომ აუცილებლად აიხედავ _ რა იცი რა ხდება?!


ტერმინთა განმარტებანი:
ამოგგვანგვლავს - იმერულად, ამოგსვრის, გაგსვრის. მაგ: "ასეთი ამოგვანგვლული ხომ არ წახვალ სტუმრად, სირცხვილია".