Thursday, January 20, 2011

მე :მიყვარს: 7 ნოემბერი

არა, არასოდეს მითქვამს _ ასფალტი ვჭამო ახლა-მეთქი და არც ნავთის სუნით გაჟღენთილი ოთახი დამვიწყებია.

პრინციპში, არც მილიარდ დოლარად შეფასებული პრეზიდენტის სასახლის წინ 80 მილიონიანი ხიდით, მილიონდოლარიანი ყვავილნარიანი კოსმოსაათით და სხვა დეკორაციებით გაფორმებული ხედი არ გამიპროტესტებია დიდად _ უამრავი ადამიანი სტუმრობს და ისე მაინც იფიქრონ, რომ "ყვავის" ჩვენი სამშობლო-მეთქი _ ვფიქრობდი გულში.

თუმცა რევოლუციურ ვარდებს მოყოლილ ეკლებს შორის, იყო ერთი ეკალი, რომელიც ყველაზე მეტად მესობოდა. არც ვიცი ვის და რას ვეპრანჭები და რა წერის მანერაა, მაგრამ ამ ხელისუფლების აღვირახსნილი უტიფრობა ყოველთვის მაბრაზებდა და მაცოფებდა.

ყველაფერი კი უმნიშვნელო ფრაზით დაიწყო, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს ერთ-ერთი რეგიონის სტუმრობისას ნაციონალური პარტიის ლიდერმა თქვა _ ხმა მოგვეცით მხოლოდ ჩვენ, ასი პროცენტით უნდა გავიმარჯვოთ, ხელის შემშლელები არ გვჭირდება ახლა ჩვენ იქო.

ფრაზა კი ცუდად მომხვდა, მაგრამ ეიფორიულ ფონზე ყურადღება არ მივაქციე, ვის რაში უნდა შეეშალა ხელი. შემდეგ დაიწყო და რა დაიწყო _ ქართული ტაილანდის, კავკასიური იაპონიის, შავიზღვისპირა ნიცის, ოკეანისგადმოღმა ამერიკის, უყინულო ანტარქტიდის...მოკლედ საქართველოს შენება, სხვადასხვა ვარიაციით, იმპროვიზაციითა და ალეგორიით.

ვარდების რევოლუციის ბურჯებს კი კარგად ქონდათ გათავისებული ორი რამ: ის რომ ვარდი უეკლოდ ჯერ არავის მოუკრეფია და ქვეყანას შადრევნების გარეშე ვერ ააშენებ!

შადრევნების შენების კვალდაკვალ კი ეკლები მრავლად ხვდებოდათ _ იქნებოდა ეს რომელიმე კორპუსიდან ღამის ოთხსაათზე გამოსახლებული მაცხოვრებლები, ერთსაათში ალაგმული გარე მოვაჭრეები, ქალაქის იერსახის დასაბრუნებლად დანგრეული შენობები თუ სხვა.

სტილი კი ყოველთვის ერთი იყო _ "ასეა საჭირო და მაგრადაც გვკიდია, თუ ვინმეს გეწყინათ, გეტკინათ ან გაგაჟრიალათ". მოკლედ იყვნენ "ისინი", "ხელისშემშლელების" გარეშე, მაგრამ ეკლებიანი ვარდების კრეფით დაგლეჯილ-დასისხლიანებული ხელებით.

ხალხი კი დაბალ ცეცხლზე შემოდგმული ქვაბს გავდა. ქვაბში კი კარგი არაფერი იხარშებოდა _ ერთი თავი ბოღმა, წვრილად დაჭრილი ღვარძლი, ორი თავი უმუშევრობა. ვარდების სურნელით გაჟღენთილ ოთახში, კი ძლიერნი ამა ქვეყნისანი ვერც კი გრძნობდნენ, როგორ ყროლდებოდა სამზარეულო ქვაბიდან ამოსული ორთქლით. უფრო მეტიც _ საერთოდ არ გვაინტერესებს, მანდ რა ხდებაო,სატელევიზიო დებატებზე უარის თქმით მჭიდროდ გამოიხურეს სამზარეულოს კარი.

ქვაბი კი ადუღდა, აზრიალდა. ორთქმლმა ქვაბს თავსახური გადახადა და გადმოიღვარა, გადმოინთხა და პარლამენტის წინ დაგუბდა.

შემდეგ რაც მოხდა, ყველამ იცით. თუმცა ამ ყველაფერმა შეახსენა ხელისუფლებას, რომ ამ პატარა ბინას, ორი ოთახი რომ წაურთმევია გვერდითა მეზობელს, პატარა სამზარეულოც აქვს. მართალია, არც ისეთი გერემონტებული და ლამაზი, როგორც პრეზიდენტის სასახლეში ვარდებით მორთული სტუმრების მისაღებია მაგრამ მაინც ამ ბინის ნაწილი. შეახსენა, თუმცა, როგორც ჩანს, დიდი ხნით ვერა!

2011 წელი, ვეტერანების დაშლით დაიწყო, რომლებიც ვერაფრის გზით ვერ ჯდებოდნენ გირლიანდებით გალამაზებული "ოცნების ქალაქის" ჯადოსნურ ხედში. დღეს კი კიდევ ერთი ეკალი მოხვდა ხელისუფლების ფასადებისღებვით დამსკდარ და დაკოჟრილ ხელს _ დევნილები!

როგორც ჩანს, ქვაბმა კიდევ ერთხელ დაიწყო დუღილი და ადრე თუ მხოლოდ სამზარეულოს კარი გაიხურა ხელისუფლებამ, ამჯერად სატელევიზიო მონოპოლიით ჰერმეტულად დაახურა თავად ქვაბს, რომელსაც ორთქლი მხოლოდ "კომპიუტერი 2 ლარად" ფარგლებში გაჩენილი წვრილი ინტერნეტ ნასვრეტებიდან ეპარება.

ვშიშობ, რომ ამჯერად ქვაბი უბრალოდ გასკდება და ვინ იცის _ ჩვენი პატარა ბინა აფეთქებას მაინც თუ გადაურჩა, სანამ მთავრობა კედლებზე შემხმარი ქვაბის შიგთავსის ჩამოწმენდით იქნება დაკავებული, იქნება, მეზობელმა ერთი პატა ოთახი კიდევ წაგვართვას.

3 comments:

  1. აუ, ცოტაც ვაცალოთ, რაა. მიყვარს ეს ხალხი <3

    ReplyDelete
  2. ბრავო, ლაშა.

    ReplyDelete
  3. საღოლ! 100%-იანი

    ReplyDelete